Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების კრიტიკოსი, „ქართველი ხალხის აქტის“ ავტორი სენატორი ჯინ შაჰინი თბილისში


საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ სენატორს ჯინ შაჰინს თბილისში შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ სენატორს ჯინ შაჰინს თბილისში შეხვდა

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ და პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართეს.

ამერიკელი კანონმდებლები თბილისსა და ვაშინგტონს შორის მკვეთრად გართულებული ურთიერთობების პერიოდში ჩამოვიდნენ, მაშინ, როცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის გამო, საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო.

კარგად ცნობილია თავად ჯინ შაჰინის მკაფიოდ უარყოფითი შეფასებებიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ. მისი ავტორობით მომზადებული ორპარტიული კანონპროექტი - „ქართველი ხალხის აქტი“ ითვალისწინებს სანქციებს - დემოკრატიული პროცესებისთვის პრობლემების შემქმნელი თანამდებობის პირებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჯინ შაჰინს წინა ხელისუფლების მეგობარს უწოდებს და მის შენიშვნებს მიკერძოებულად თვლის. თუმცა სენატორი კრიტიკული იყო წინა ხელისუფლების მიმართაც და მხარს უჭერდა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას 2012 წელს.

პირველი შეხვედრა

9 აგვისტოს, ამერიკელი კანონმდებლები სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიიღო, ხოლო შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ „მათი ვიზიტი საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია“.

განხილული საკითხების ჩამონათვალშია: ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოახლოებული არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება.

„სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა მწვავე შეფასება მისცეს მმართველი ძალის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორიც "რუსული კანონია", რომელიც აზიანებს ქართულ დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ გზას და ორმხრივ ურთიერთობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დამაზიანებელ ანტიდასავლურ რიტორიკას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მადლიერი ვარ მისი მტკიცე ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლის მიმართ - [ეს არის] ამბიცია, გაზიარებული ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ“, - დაწერა სენატორმა ჯინ შაჰინმა X-ზე და ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტის პირველი შეხვედრა სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გაიმართა.

ჟურნალისტები შეხვედრაზე არ დაუშვეს.

აშშ-ის საელჩომ 9 აგვისტოს გაავრცელა ცნობა სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შესახებ. გეგმის თანახმად, „ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს“ და „გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს“. წინასწარი ინფორმაციით, ჟურნალისტებს სენატორები კვირას, 11 აგვისტოს შეხვდებიან.

დაძაბული ფონი

ამერიკელი კანონმდებლები თბილისში საქართველოსა და აშშ-ს შორის მკვეთრად გართულებული ურთიერთობების დროს ჩამოვიდნენ; რასაც წინ უსწრებდა სენატორ შაჰინის მწვავე შეფასებები, განცხადებები და ნაბიჯები.

30 ივლისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე [ევროპის მომავლის შესახებ], ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ - ჯინ შაჰინმა იკითხა, თუ როგორ შეიძლება დემოკრატიის მხარდაჭერა საქართველოსნაირ ქვეყნებში, „სადაც მთავრობა ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს მისი ხალხის ძლიერი ევროპული მისწრაფებების მიუხედავად?“ და იქვე განმარტა, რომ - „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ნაბიჯებით გამოწვეული უკმაყოფილება ორპარტიულია.

მანამდე, ივლისის პირველ ნახევარში, კონგრესის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სენატორმა შაჰინმა აშშ-ის თავდაცვის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში მისი ინიციატივით მაისში შექმნილი „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანა მოითხოვა.

ივნისში, როცა სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, სენატორმა შაჰინმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი] დაწერა, რომ მისი ორპარტიული კანონპროექტი „ამ შეზღუდვებს მუდმივ სახეს მისცემს და ნათელს გახდის, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მოკლევადიანი შედეგი“.

სენატორ შაჰინს მწვავე რეაქცია ჰქონდა „აგენტების კანონის“ გატანის პირველი მცდელობისას, 2023 წლის გაზაფხულზე და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შესახებ, თბილისს მკაცრად აფრთხილებდა 2024 წელსაც, როცა „ქართულმა ოცნებამ“ „აგენტების“ კანონის დაბრუნება და მიღება გადაწყვიტა. მეორე მცდელობაზე ეს კანონი მაინც დამტკიცდა.

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ღია საუბრები სულ უფრო გააქტიურდა სწორედ „აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ. გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც:

  • 2024 წლის 23 მაისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებისა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის“ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
  • 6 ივნისს ინდივიდუალური სანქციები - სავიზო შეზღუდვა დაუწესდათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე სამართალდამცავებს და კერძო პირებს - ასევე მათი ოჯახის წევრებს. სია არ გასაჯაროებულა.
  • 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებით, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან იმართებოდა.
  • 31 ივლისს, ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩერდება საქართველოს მთავრობისთვის გამიზნული 95 მილიონი დოლარის დახმარება.

თანდათან ირკვევა, რომ აშშ დაფინანსებას უწყვეტს არაერთ პროექტს, მათ შორის - დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს [NCDC], რომლის ნაწილიცაა “ლუგარის ლაბორატორია“.

„ჩვენ შევაჩერეთ პროგრამები და განვითარების პროგრამათა კომპონენტები, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვთ საქართველოს მთავრობისთვის. განვაგრძობთ პროგრამებს, რომლებიც უშალოდ ეხმარება საქართველოს ხალხს, მათ შორის - სტუდენტებს, მცირე ბიზნესის მფლობელებს, ფერმერებს, სასოფლო თემებს, სამოქალაქო საზოგადოებას, გარიყულ თემებს და დამოუკიდებელ მედიას“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო რადიო თავისუფლების შეკითხვების საპასუხოდ და ასევე აღნიშნავს, რომ 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეწყვეტა გამოწვეულია „ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და მმართველ პარტიის წევრების ყალბი განცხადებებით, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სანქციების საფრთხე არ ადარდებთ და პოლიტიკური კურსის გადახედვას არ გეგმავენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხშირად იმეორებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაა საჭირო და, რომ ამ მხრივ პრაგმატულ ინიციატივებს სწორედ ამერიკული მხარისგან ელოდებიან.

წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტის შემდეგ, ასევე 9 აგვისტოსთვის დაიგეგმა ამერიკელი კანონმდებლების შეხვედრა - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

„იწონებდნენ იმ სისხლიან რეჟიმს“

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გავლენიან დემოკრატ სენატორს, ჯინ შაჰინს სხვადასხვა დროს, მწვავედ აკრიტიკებდნენ, ხოლო დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ სენატორი შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც მოიხსენია, ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტში გაკეთებული განცხადების გამო, როცა სენატორმა შაჰინმა დასვა შეკითხვა - ხომ არ მოვიდა დრო, რომ გადაიხედოს საქართველოსთან ურთიერთობის სტრატეგია და, შესაბამისად - დახმარება, რადგან „მათ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას“.

2023 წლის მაისში, იმხანად "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სენატორები - ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „[მიხეილ] სააკაშვილისა და მისი რეჟიმის“ მეგობრად მოიხსენია, მათი მხრიდან სუბიექტური მიდგომების ხაზგასასმელად.

„სამწუხაროდ, ისინი იწონებდნენ იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც იყო ჩამოყალიბებული საქართველოში 2012 წლამდე. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, შეიძლება არ გაგვიკვირდეს ჩვენ ის, რომ დღეს ისინი ჩვენს დემოკრატიულ მდგომარეობას უწოდებენ უკუსვლას ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე. არის აშკარა პოლიტიკური მიკერძოება“, - თქვა მაშინ კობახიძემ.

ჯინ შაჰინს საერთაშორისო თანამეგობრობა სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის მებრძოლად იცნობს.

წარსულში ის აკრიტიკებდა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასაც.

  • ჯინ შაჰინმა „თავისუფალი და სამართლიანი“ უწოდა 2012 წლის არჩევნებს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. „არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე, როგორ ჩატარდა ის არჩევნები“, - თქვა მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, 2021 წლის ოქტომბერში.
  • ამავე ინტერვიუში მან გააკრიტიკა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების გამო [თვითმმართველობის არჩევნების წინ], "ჩემი აზრით, ეს [მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება] სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება“, - თქვა მან და დასძინა, რომ „სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა“.

2021 წლის იანვარში, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, ჯინ შაჰინმა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების მნიშვნელობაზე საუბრისას საქართველოს 2012 წლის მაგალითი მოიყვანა.

მან თქვა, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში „შიშობდნენ, რომ სააკაშვილი ძალაუფლებას არ დათმობდა“, პროცესები „ძალადობაში გადაიზრდებოდა“ და ქვეყანაში ახალბედა დემოკრატიის რეფორმები დასრულდებოდა. შემდეგ ჰყვება - თუ როგორ მივიდნენ ის და სენატორი რიში პრეზიდენტ სააკაშვილთან და უთხრეს, რომ დემოკრატია არჩევნების გზით, ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას მოითხოვს.

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოგვისმინა და თანამდებობა მშვიდობიანად დატოვა”, - თქვა სენატორმა შაჰინმა.

სენატორებთან 2012 წელს შეხვედრის ამბავი, იმავე პერიოდში, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გაიხსენა, „მთავარი არხის“ ეთერში. თუმცა ერთი განსხვავებით - სააკაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლების გადაბარების გადაწყვეტილება თავად მიიღო, ხოლო მეორე დღეს, სენატორებმა მას მადლობა გადაუხადეს - „იმისათვის, რომ ასე მშვიდად ჩაიარა ყველაფერმა“.

სენატორი შაჰინი ხშირად ლაპარაკობდა საქართველოში რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე და ასე იყო 2021 წლის ზაფხულშიც, საქართველოში ვიზიტის დროს.

ამერიკელი კანონმდებლების საქართველოში ვიზიტს დაემთხვა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილი წერილი.

აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე გაგზავნილ წერილში ბაიდენი აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო - „რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები“.

„მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - მისწერა ჯო ბაიდენმა სალომე ზურაბიშვილს.

ტექსტში ხაზგასმულია ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და 32-წლიანი ორმხრივი ურთიერთობებისა და „მშვიდობის, სტაბილურობის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების“ ერთობლივად დაცვის მნიშვნელობა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG