ტელეკომპანია „ფორმულის" დამფუძნებელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შეიტანა.
ტელეკომპანია „ფორმულის" გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა, რომ კეზერაშვილმა ამ ეტაპზე თავად BBC-ს მიმართა და მისგან ფაქტების უარყოფა მოითხოვა. როგორც გუმბარიძე აცხადებს, იმის მიხედვით, რა რეაგირება ექნება მაუწყებლის შიდა ორგანოს, დავით კეზერაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, დავა სასამართლოში გააგრძელოს თუ არა.
კეზერაშვილი BBC-ის ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მის სიუჟეტს პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებს.
„დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან. ჩემს წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან უპასუხისმგებლო იყო BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, რომ ჩემთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინა.
მას შემდეგ, რაც BBC-მ ეს ტყუილები გამოაქვეყნა, ქართული რეჟიმი აგრძელებს ამის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, როგორც მისი ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, რათა შელახოს ჩემი, როგორც კრიტიკული ტელეარხის, ფორმულას დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია.
ეს ყალბი პროგრამა პირდაპირ მოხვდა საქართველოს რეჟიმის ხელში, რომელიც იყენებს BBC-ის „სანდოობას", რათა საფრთხე შეუქმნას ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, ამავდროულად, ვერ შეუსწავლია თავისივე როლი თაღლითურ ქოლ-ცენტრებში, რომელიც საქართველოში არაერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გამოააშკარავა. ჩემი რეპუტაციის დასაცავად, არ დავიხევ უკან, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მივმართო", - აცხადებს დავით კეზერაშვილი.
BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.
BBC-ს გამოძიების მიხედვით, თაღლითობასთან კავშირი დავით კეზერაშვილმა და სხვა დასახელებულმა პირებმა უარყვეს.
BBC Eye-ის გამოძიება ძირითადად Milton group-ის სახელით ცნობილ მასშტაბურ ქსელსა და მის პარტნიორ კომპანიებს შეეხება, რომლებმაც, თაღლითური სქემებით, მილიარდ დოლარზე მეტი გამოსძალეს "უბრალო ინვესტორებს" და უპირატესად ყველაზე მოწყვლად ფენას - პენსიონერებს.
ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ვერ მიაგნეს საჯარო დოკუმენტებს, რომლებიც Milton-ამდე არსებულ ქსელთან კეზერაშვილის პირდაპირ კავშირს დაადასტურებდა; მაგრამ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ Panama Papers-ში მისი გვარი ხშირად მეორდებოდა, როგორც ქსელის მშობელი კომპანიების დამფუძნებლის, ანდა მსხვილი მეწილის.
BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ ვერ მიაკვლიეს საჯარო დოკუმენტებს უშუალოდ Milton-ის ჯგუფთან კეზერაშვილის კავშირის შესახებ და ასევე, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მას ამ ქსელთან „პირდაპირი ფინანსური ინტერესი“ აკავშირებს.
თუმცა Milton-ის ჯგუფის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიერ კონფიდენციალურად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტექსტში აღნიშნულია, რომ მათი ცოდნით, კეზერაშვილი ამ ჯგუფში იყო ჩართული.
ტექსტის თანახმად, ასევე:
- დავით კეზერაშვილი „არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს თავის პერსონალურ ანგარიშებზე სოციალურ მედიაში“, „ბიზნეს სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე ის თავის ანგარიშს იყენებდა თითქმის მხოლოდ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების ვაკანსიების რეკლამირებისთვის და პოსტების გასაზიარებლად“.
- კეზერაშვილის რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერს, რომელსაც მხოლოდ Milton-ის ჯგუფის კომპანიები იყენებდნენ.
- მისი კომპანია Infinity VC ფლობდა იმ კომპანიების ბრენდინგისა და ვებ დომენებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას თაღლითებისთვის.
- კეზერაშვილს ეკუთვნის შენობა კიევში, რომელშიც ფუნქციონირებდნენ როგორც თაღლითური ქოლცენტრი EverFX, ასევე საპროგრამო უზრუნველყოფის მიმწოდებელი ტექნოლოგიური ფირმები, „სადაც პოლიციამ რეიდი მოაწყო ნოემბერში“. „მას ასევე ეკუთვნის საოფისე შენობა თბილისში, სადაც განთავსებული იყო ზოგიერთი ასეთივე ტექნოლოგიური კომპანია“.
BBC წერს, რომ შეამოწმა Milton-ის ჯგუფის მაღალი რანგის ოთხი წარმომადგენლის ანგარიშები სოციალურ ქსელებში და მათ შორის ქორწილისა და სხვა წვეულებების ფოტოებით დაადასტურა, რომ „ყველა მათგანს ახლო სოციალური კავშირი აქვს კეზერაშვილთან“ და „კეზერაშვილის ფეისბუკმეგობარია Milton-ის ჯგუფის თაღლითობასთან დაკავშირებული, სულ ცოტა, 45 ადამიანი“, ხოლო „BBC-ის მიერ იდენტიფიცირებული ოთხი მაღალი რანგის პირიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია“.
გამოძიების თანახმად, BBC მივიდა კეზერაშვილის 18 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებულ სახლამდეც და მასთან საუბარიც ითხოვა, მაგრამ შეხვედრა ვერ მოხერხდა. კეზერაშვილმა BBC-ს ადვოკატების დახმარებით შეატყობინა, რომ „მტკიცედ უარყოფს Milton-ის ჯგუფში ყველანაირ ჩართულობას, ანდა თაღლითობის გზით ფინანსური სარგებლის მიღებას.“
BBC-ს თაღლითურ სქემებში მონაწილეობა არც სხვა ფიგურანტებმა დაუდასტურეს.