Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპზე თავდასხმა და "ოცნების" დასკვნები


დონალდ ტრამპი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ სცენიდან გაჰყავთ, 2024 წლის 13 ივლისი
დონალდ ტრამპი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ სცენიდან გაჰყავთ, 2024 წლის 13 ივლისი

დონალდ ტრამპზე შეიარაღებულ თავდასხმაში „ქართულმა ოცნებამ“ მალევე დაინახა „გლობალური ომის პარტიას“ ხელი. არარსებული ორგანიზაციის, რომელსაც ის საქართველოს ომში ჩართვის სურვილს მიაწერს. აშშ-ში კი, ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარი ბრალდებებისგან თავს ყველა იკავებს, თავად - ტრამპიც.

ბრალდებების ნაცვლად, დონალდ ტრამპი ოპონენტების მიმართ მიდგომებს არბილებს, უარს ამბობს ყრილობისთვის მომზადებულ ხისტ ტექსტზე და ერთიანობის სურვილს გამოხატავს.

„ქართული ოცნება“ კი, ამერიკის 45-ე პრეზიდენტზე თავდასხმას პოლიტიკურ ოპონენტებთან დასაპირისპირებლად იყენებს და საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.

ჯერჯერობით კვლავ დაუდგენელია მოტივი, რატომ ესროლა 20 წლის კაცმა აშშ-ის ექსპრეზიდენტს 13 ივლისს, საღამოს, წინასაარჩევნო შეხვედრაზე გამოსვლისას. ამ მომენტის მონაცემებით, მეთიუ კრუქსი მარტო მოქმედებდა.

როგორ ხედავს ტრამპზე თავდასხმას "ოცნება"

„გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკგვერდზე 14 ივლისს, როცა გავრცელდა ცნობები დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ.

დამნაშავედ „გლობალური ომის პარტია“ ცნო მამუკა მდინარაძემაც - უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება - გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა“, - დაწერა მდინარაძემ ფეისბუკზე, ასევე 14 ივლისს და ბოლოში დაამატა, რომ - საქართველოში „აგენტურული პარტიები“ „გლობალური ომის პარტიას“ „ქართული ოცნების“ გამოგონებად თვლიან.

„ოცნების“ ლიდერებმა სხვადასხვა დროს განაცხადეს, რომ „გლობალური ომის პარტია“ პირობითი სახელია - გარკვეული დასავლური ძალებისთვის; თუმცა ამ ძალებს ისინი არ ასახელებენ. განმარტავენ, რომ „გლობალური ომის პარტიას“ საქართველოს ომში ჩართვა სურს, რასაც საკუთარი აგენტების დახმარებით, ხელისუფლების შეცვლის გზით გეგმავს. ამ პარტიის წარმომადგენლად ერთხელ აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანიც დაასახელეს. საერთაშორისო პარტნიორებისთვის „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორია სრულიად გაუგებარია.

დონალდ ტრამპზე თავდასხმა „გლობალური ომის პარტიის“ არსებობის კიდევ ერთი დასტურია „ქართული ოცნების“ განაყოფის - „ხალხის ძალისთვის“.

„როცა კითხულობენ, სად არის „გლობალური ომის პარტია“, ტრამპის მკვლელობის მცდელობა იხილონ. მშვიდობას სწორედ ომის მსურველები ებრძვიან და ამას ჰქვია „გლობალური ომის პარტია“... ამის მაგალითია სლოვაკეთის პრემიერისა და ახლა უკვე ტრამპის მკვლელობის მცდელობები“, - ამბობს დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

დონალდ ტრამპზე თავდასხმის გამო პრეზიდენტ ზურაბიშვილის წუხილს „ფარისევლურს“ უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი.

15 ივლისს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში „უცხოელი დამფინანსებლები“ ნერგავენ და ერთი და იგივე ძალები „ცდილობენ ახალგაზრდების გამოყენებას რადიკალური ქმედებებისთვის“ - აშშ-სა თუ საქართველოში - ტრამპზე თავდასხმისა თუ პოლიციისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის და „სალომე ზურაბიშვილმა ეს ადამიანი [ლაზარე გრიგორიადისი] შეიწყალა“.

„დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ და მასზე ჩვენი ოპოზიციის და მათი ენჯეოების რეაქციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის“, - ეს სიტყვები შალვა პაპუაშვილის 14 ივლისის განცხადებიდან არის, როცა ის დონალდ ტრამპის თავდასხმის ფაქტს საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. პაპუაშვილი არ აკონკრეტებს - რა რეაქციებს გულისხმობს.

პოლიტიკურ ოპონენტებს ის „უცხოეთიდან მართულ ხალხს“ უწოდებს და ხელისუფლების ცვლილებას ქვეყნის დაბეჩავებასთან, შიდა არეულობასთან, ეკონომიკის ჩამოშლასთან და ცეცხლის ალში საქართველოს გახვევასთან აიგივებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და მათი მოკავშირეების ეს თუ სხვა მსგავსი განცხადებები აშშ-ში მიმდინარე ინტენსიური გამოძიების ფონზე გაკეთდა; როცა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, რა მოტივით ესროლა 20 წლის ახალგაზრდამ ტრამპს და ბრალდებებისგან თავს თავად დონალდ ტრამპიც იკავებს.

ამ დროს აშშ-ში ტონი რბილდება

Washington Examiner-ი, რომელმაც ტრამპთან მცირე ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა, წერს, რომ მომხდარმა დიდი გავლენა მოახდინა მასზე, ის გაოცებულია, როგორ ასცდა ტყვია - თავის საჭირო დროს მოტრიალების წყალობით, როცა ამის ალბათობა 1%-ზე ნაკლები იყო.

არ გამართლდა მოლოდინი, რომ - ხისტი გამონათქვამებით ცნობილი დონალდ ტრამპის რიტორიკა კიდევ უფრო ბასრი გახდებოდა. Washington Examiner-ის შეკითხვაზე - „ცვლის თუ არა ეს [თავდასხმა] თქვენს კამპანიას?“, ტრამპი სწრაფად პასუხობს - „კი“. ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ შეიცვალა და უფრო შეარბილა ყრილობისთვის მომზადებული გამოსვლის ტექსტი და ის ახლა უფრო ერთიანობაზე ორიენტირებული იქნება.

„ეს რომ არ მომხდარიყო, ჩვენ გვქონდა კარგად მომზადებული სიტყვა, რომელიც იყო უკიდურესად ხისტი. ახლა ჩვენ გვაქვს უფრო გამაერთიანებელი სიტყვა“, - ამბობს დონალდ ტრამპი.

Washington Examiner-ის ინფორმაციით, ტრამპის გეგმაში შედის წლების განმავლობაში აღმოცენებული მწვავე კონფლიქტების ხელახალი გააზრება. თავად დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ოპონენტებთან დაპირისპირებაზე აგებული ტაქტიკა წარმატებული იყო, მაგრამ თავდასხმის შემდეგ აღარ არის გამოსადეგი.

13 ივლისის საღამოს, მაშინ, როცა დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიისას ხვდებოდა, მას ცეცხლი გაუხსნეს. წინასწარი ინფორმაციით, ტყვია მას ყურის ზედა ნაწილში წამოედო. თავდასხმისას დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი. მოკლულია თავად თავდამსხმელიც, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი, რომელიც ამავე შტატში ცხოვრობდა.

14 ივლისს, როცა ამერიკელებს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პოლიტიკა არ უნდა იყოს ბრძოლის ველი და ადგილი მხოლოდ მშვიდობიან დებატებს უნდა დაეთმოს.

ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბმა სტრატეგიაც შეცვალა.

სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შტაბმა გადაწყვიტა, უარი თქვას ტრამპის წინააღმდეგ ვერბალურ შეტევებზე და დაგეგმა, რომ აქცენტი გააკეთოს ეროვნული ერთიანობის აუცილებლობაზე.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, Reuters-ი წერს, რომ ინფორმაციით, ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, რამდენიმე საათში, ბაიდენის შტაბმა გააუქმა ერთ-ერთი სატელევიზიო რეკლამა და შეაჩერა ნიუ-იორკის სასამართლოს მიერ ტრამპის დამნაშავედ ცნობის საქმის გაშუქება.

ბაიდენი და ტრამპი პოტენციური მეტოქეები არიან საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება.

რას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება?

„ქართული ოცნების“ ნაჩქარევ დასკვნებს პოლიტოლოგი გია ნოდია მათი პროპაგანდის „უკიდურესად უხეში და პრიმიტიული“ სტილით ხსნის, როცა ვითომ „უცებ გამოიძიეს რაღაცა“ და „დასაბუთების ილუზიის შექმნასაც არ ცდილობენ“.

„დააბრეხვეს ეს და ვინც დაიჯერებს, დაიჯერებს“, - ეუბნება გია ნოდია რადიო თავისუფლებას და ასახელებს ხელისუფლების კიდევ ერთ სავარაუდო მიზანს - „დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ ტრამპი მათი კაცია“ და, რომ აშშ-სთან ცუდ ურთიერთობას ტრამპის პირობებში გააუმჯობესებენ, „რადგან გლობალური ომის პარტია აღარ განსაზღვრავს ამერიკის პოლიტიკას“.

„ეს ყველაფერი წინასაარჩევნო გზავნილებია პირველ რიგში. როგორც ჩანს, დასავლეთთან ურთიერთობების ასეთ დონეზე გაფუჭება ერთ-ერთი მათი [ხელისუფლების] სუსტი წერტილია, ეს მათ ამომრჩეველსაც აწუხებს და რაღაცნაირად უნდათ, დაამშვიდონ ამომრჩეველი - რომ ეს დროებითია“, - გვეუბნება გია ნოდია.

აშშ-ის ექსპრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმა საქართველოში ბევრმა დაგმო და მათაც კი - ვინც მის პოლიტიკასა და ხედვებს არ იზიარებს.

პოლიტიკაში თავდასხმის ადგილი რომ არ არის, ამ დღეებში არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ თუ პოლიტიკოსმა განაცხადა.

„[დონალდ ტრამპზე] თავდასხმა ძალიან მძიმე მოვლენაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და მნიშვნელოვნად თვლის, რომ კანდიდატებმა ერთიანობის იდეაზე გააკეთეს სწორება.

„რაც შეეხება „ოცნების“ რიტორიკას, იქნებოდა ღიმილის მომგვრელი, ხელისუფლებაში რომ არ იყვნენ და თავად არ იყვნენ ქვეყანაში ძალადობის ინსპირატორები. მაგრამ რადგან ასეთი ძალა მართავს ქვეყანას, ტრაგედიაა. ქვეყანას მართავს ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი და ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც პირადი ინტერესის გარდა არაფერი აღელვებთ“, - ეუბნება ჭიაბერაშვილი რადიო თავისუფლებას.

ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ შიდა თუ გარე აუდიტორიისთვის, ქართულად თუ ინგლისურად გაკეთებული განცხადებები.

„ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმის გამო. პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ არის და ჩვენ ვგმობთ მის ნებისმიერ ფორმას. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები მასთან და მის ოჯახთან არის. ჩვენ ვდგავართ ამერიკელი ხალხის გვერდით!“, - დაწერა ირაკლი კობახიძემ სოციალურ პლატფორმა X-ზე, 14 ივლისს.

ტექსტში კობახიძე არ ახსენებს „გლობალური ომის პარტიას“, რომელიც მისი ქართული განცხადებების მთავარი ღერძია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG