მას ამ აშკარა ფაქტის აღიარება არ სურს და ხელებს ასავსავებს: აბა, როდის შევცვალეთ კურსი? აბა, როდის დავუპირისპირდით ევროპას და ამერიკას?
ის მით უმეტეს არ აღიარებს, რომ დასავლეთთან ხიდის ჩატეხას, ობიექტურად, რუსულ სამყაროში მივყავართ.
ცხადია, ივანიშვილის და მისი გუნდის რიტორიკა ლოგიკასთან მწყრალადაა; მაგრამ ლოგიკურობის ილუზიის შენარჩუნება მათ მაინც სურთ, თუნდაც საკუთარი მომხრეების დასაიმედებლად.
ეს ფსევდოლოგიკა ემყარება ვარაუდს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მისი პარტიის ოფისის გახსნაზე გაიმეორა: მალე დასავლეთში ჩვენი თანამოაზრეები „გლობალური ომის პარტიას“ დაამარცხებენ და ჩვენ შორის დროებითი გაუგებრობები (მათ შორის - დაწესებული და დასაწესებელი სანქციები) გადაილახება.
არ დავიწყებ მარჩიელობას, თვითონ სჯერათ თუ არა ამის, მაგრამ ზოგ მათ მომხრეს ეს თეორია, როგორც ჩანს, აკმაყოფილებს.
რას ემყარება ივანიშვილის იმედი?
ხალხს, ვისი ძალაუფლებაში მოსვლის იმედიც „ოცნებას“ აქვს, დასავლეთში „ულტრამემარჯვენეებს“ ან ნაციონალ-პოპულისტებს ეძახიან (მე ამ უკანასკნელ ტერმინს გამოვიყენებ).
„ქოცური ნარატივი“ მხოლოდ რუსული პროპაგანდის გზავნილებს არ იმეორებს: დასავლეთშიც არის პარტიები და ჯგუფები, რომლებიც მსგავს მსოფლმხედველობას მისდევენ.
ამას ხელისუფლება ალიბისთვის იყენებს: „ნუ გვაბრალებთ პრორუსულობას, ჩვენ დასავლური კონსერვატული მოძრაობის ნაწილი ვართ“.
ამის თქმა მხოლოდ პროპაგანდისტული ხრიკია თუ რაიმე საფუძველი აქვს? ამისთვის „დიდ სურათს“ უნდა შევხედოთ. იქნებ, ლიბერალური დემოკრატიის მზე დასავლეთშიც ესვენება და მომავალი რაღაც სხვას ეკუთვნის. იქნებ, პროდასავლელი ლიბერალები წარსულს ვეპოტინებით და ისტორიის არასწორ მხარეს ვდგავართ.
ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი, ან მათი მინიატიურული ვარიანტი - ბიძინა ივანიშვილი, სწორედ ამაში ცდილობენ მსოფლიოს დარწმუნებას: დასავლური ლიბერალური დემოკრატია კვდება, მომავალი ჩვენ, ანუ ანტილიბერალურ ავტორიტარიზმს ეკუთვნის.
ლიბერალური დემოკრატია დასავლეთშიც და გლობალურ დონეზეც კრიზისის ნიშნებს ნამდვილად ავლენს. მას სხვადასხვა მხრიდან უტევენ, დასავლეთის შიგნითაც და მის გარეთაც, იდეოლოგიურად - მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც.
მაგრამ ცნობები მისი მოახლოებული გარდაცვალების შესახებ მაინც დიდად გადაჭარბებულია. ლიბერალურ დემოკრატიას თავის ისტორიაში ბევრი კრიზისი გადაულახავს.
ზუსტად ვერ ვიტყვით, ახლა რა მოხდება: გრძელვადიანი პროგნოზები სპეკულაციურია და მათ დიდი ღირებულება არა აქვს. მხოლოდ იმის გაანალიზებას ვეცდები, რაც უკვე ხდება.
„რა გვეშველება, პოპულისტები მოდიან!“.
დასავლეთში ლიბერალური დემოკრატიის დაკნინების და შესაძლო ჩამოშლის მოლოდინები არა „მემარჯვენეებს“, არამედ უფრო ლიბერალებს და ზომიერ მემარცხენეებს ახასიათებთ. ისინი ხშირად გამოთქვამენ შიშს, რომ ნაციონალ-პოპულისტური პარტიების გაძლიერება, საბოლოოდ, ლიბერალური დემოკრატიების ავტორიტარული რეჟიმებით ჩანაცვლებას მოიტანს.
ამ შფოთვამ მასობრივი ფორმა მიიღო 2016 წლიდან, როდესაც ამერიკაში პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, ხოლო ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლა გადაწყვიტა.
პარადოქსულია, მაგრამ „ოცნების“ იმედები, რომ დასავლეთში მალე მათი თანამოაზრეები მოვლენ ხელისუფლებაში და ყველაფერი კარგად იქნება, დასავლელი ლიბერალების შიშებს უფრო ეყრდნობა, ვიდრე რეალობას.
რამდენად გამართლებულია ეს შიშები? საამისოდ ორ შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ:
- რამდენად მოსალოდნელია, რომ ნაციონალ-პოპულისტები დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიებში გაბატონდებიან და
- თუ ეს მოხდა, მოჰყვება თუ არა ამას დასავლეთის პოლიტიკის არსებითი ცვლილება, კერძოდ, ლიბერალურ დემოკრატიაზე უარის თქმა და რუსეთთან დაახლოება (მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერის ხარჯზე).
ჯერჯერობით ლიბერალების შიშები გადაჭარბებული ჩანს.
პირველ კითხვაზე საპასუხოდ ევროპის წამყვან დემოკრატიებში უკანასკნელი არჩევნების შედეგებს გადავხედოთ.
განსაკუთრებით დრამატული მოლოდინები უკავშირდებოდა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებს. მათი პირველი ტურის, მანამდე - ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე გამოითქმებოდა პანიკური პროგნოზები, რომ მარინ ლე პენის ნაციონალ-პოპულისტური „ეროვნული ერთობა“ მალე მთავრობაში მოვიდოდა. ამით ის საფრანგეთის დემოკრატიას ლამის დაამთავრებდა და რუსეთთან დაპირისპირებაში დასავლურ ერთობას დიდ საფრთხეს შეუქმნიდა.
არჩევნების საბოლოო შედეგი ვიცით: ლე პენის პარტია მესამე ადგილზე გავიდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი გაძლიერების პერსპექტივამ ლიბერალური და მემარცხენე ძალების მობილიზაცია გამოიწვია. ყველაფერს აქვს საფასური: გამარჯვებულ კოალიციაში შევიდა მელანშონის რადიკალური მემარცხენე პარტია, მაგრამ ის ლე პენის პარტიაზე ნაკლებად პოპულარული და აქედან გამომდინარე, ნაკლებად სახიფათოა.
ცოტა ხნით ადრე, გაერთიანებული სამეფოს არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა მემარცხენე-ცენტრისტულმა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც, მანამდე, არსებითად გაიწმინდა უკიდურესი მემარცხენე ფრთისგან. ნაციონალ-პოპულისტურმა „რეფორმის პარტიამ“ ხმების 14.3%-ით მისთვის ისტორიულ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლამდე ეს ძალიან, ძალიან შორია.
მსგავსია გერმანიის მთავარი ნაციონალ-პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შედეგები სხვადასხვა დონის არჩევნებში (2021 წლის ბუნდესტაგის არჩევნები - 10.3%, 2024-ის ევროპარლამენტის არჩევნები - 16%). ზრდის ტენდენცია არასასიამოვნოა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლამდე აქაც შორია.
გაცილებით უფრო რთული შემთხვევაა დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, ამერიკის შეერთებული შტატები. აქ პოპულისტი დონალდ ტრამპი 2016 წელს პრეზიდენტი გახდა და წელს დიდი შანსები აქვს, საპრეზიდენტო სავარძელს დაუბრუნდეს. „ოცნების“ ლიდერები არ მალავენ, რომ მათი იმედები ძირითადად მას უკავშირდება.
მაგრამ რამდენად საფუძვლიანია ეს იმედი? ამავე დღეებში, ამერიკის კონგრესმა მიიღო „მეგობარი აქტი“, რომლის ძირითადი აზრი ისაა, რომ ამერიკა ქართველი ხალხის მეგობარია, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმი მისთვის მიუღებელია. ამ აქტს ორივე პარტიამ დაუჭირა მხარი, მის სპონსორებს შორის არიან პირადად ტრამპთან დაახლოებული პირები.
ტრამპი უპრინციპო და არაპროგნოზირებად პოლიტიკოსადაა ცნობილი. ის უნდობლობას იჩენს დემოკრატიული პროცედურების მიმართ, რაც კანონიერი შეშფოთების საგანია. ის სამართლიანად აღმოჩნდა კრიტიკის ქარცეცხლში, როდესაც 2020 წლის არჩევნებში დამარცხება არ აღიარა და კონგრესის შენობაზე თავისი მომხრეების იერიში წაახალისა.
ტრამპის პირველ საპრეზიდენტო ვადაში მისი ქმედებები ხშირად ქაოსური, გამონათქვამები კი - პრეზიდენტისთვის შეუფერებელი იყო. მაგრამ ამერიკული ლიბერალური დემოკრატიის ინსტიტუტებმა შეუფერხებლად იმუშავა. არათანმიმდევრული რიტორიკის მიუხედავად, ამერიკის პოლიტიკის ზოგადი მიმართულება არ შეცვლილა.
ტრამპის მეორე ვადა, თუ ის აირჩიეს, შეიძლება პირველისგან საკმაოდ განსხვავებული იყოს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ის პუტინთან და ივანიშვილთან ერთ ტალღაზე აღმოჩნდეს.
ლიბერალური დემოკრატიების რიგებს არც იტალია გამოკლებია მას შემდეგ, რაც 2022 წელს ნაციონალ-პოპულისტურმა პარტიამ „იტალიის ძმებმა“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. იტალიის მთავრობა მყარად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში და მას არ გაუტარებია რაიმე რეფორმა, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა იტალიის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
პოსტკომუნისტური ქვეყნები, სადაც დემოკრატიას ნაკლებ ღრმა ფესვები აქვს, უფრო მოწყვლადია ანტილიბერალური პოპულიზმის ცთუნებათა მიმართ. ამის კლასიკური მაგალითია უნგრეთი: ვიქტორ ორბანის ხელში უნგრეთს ლიბერალურ დემოკრატიას ვეღარ ვუწოდებთ, ხოლო მისი საგარეო პოლიტიკა მრავალმხრივ დისონანსშია მთლიანად დასავლეთის განწყობის მიმართ.
„ოცნებას“ დასავლეთში პარტნიორები არ ჰყავს
ნაციონალ-პოპულისტების პროგრამებსა და ქმედებებში ბევრი რამ იმსახურებს სამართლიან კრიტიკას. მაგრამ მათი სრული დემონიზება, განსაკუთრებით „ფაშისტებად“ მოხსენიება, ხშირად გადაჭარბებულია, რაც, ნაწილობრივ, საარჩევნო მობილიზაციის ხერხია.
საერთო კანონზომიერებაა, რომ რაც უფრო ფართოვდება ასეთი პარტიების საარჩევნო ბაზა, მით უფრო ზომიერი ხდება მათი პროგრამა: სხვანაირად ისინი ხმებს ვერ აიღებენ. არცერთი მათგანი (მცირე და მარგინალური ჯგუფების გარდა) არ უპირისპირდება ლიბერალური დემოკრატიის ფუძემდებლურ პრინციპებს.
მათ მზარდ პოპულარობას ორი ძირითადი საკითხი განაპირობებს: ესაა უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვა და სკეპტიკური დამოკიდებულება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური თავისუფალი ვაჭრობის მიმართ. რაც არ უნდა ვიფიქროთ ამ საკითხებზე, ეს მოთხოვნები ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
რაც შეეხება, მაგალითად, ლგბტქ უფლებებს, ზოგიერთი ნაციონალ-პოპულისტური პარტია მათი თავგამოდებული დამცველია და შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ისლამური ქვეყნებიდან მასობრივი მიგრაცია ქალების და სექსუალური უმცირესობების უფლებებს პრობლემებს უქმნის. მაგალითად, ნიდერლანდებში ანტიიმიგრაციული პოპულისტური პარტიის პირველი ლიდერი პიმ ფორტაინი თავად ღია ჰომოსექსუალი, პუტინის და ივანიშვილის ენით, გეი-პროპაგანდისტი იყო.
მოკლედ, იმედები, რომ დასავლეთის ხელისუფლებებში მალე იქაური „ქოცები“ მოვლენ, სრული ფანტაზიაა. „ოცნება“ ნამდვილად ცდილობს, დასავლელი კონსერვატორების ზოგი გზავნილი გაიმეორონ, მაგრამ შედეგად მხოლოდ კარიკატურა გამოდის. ბიძინა ივანიშვილის რეალური თანამოაზრეები რუსეთში არიან, ხოლო მისი ვეზირების ნამდვილი მამოძრავებლები - მისი პირადი ინტერესების დაცვა და არა კონსერვატიული ან რაიმე სხვა სახის ღირებულებები.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.
ფორუმი