Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საახალწლო საჩუქარი“ - საჯარო მოხელეების გათავისუფლება გრძელდება


[მარცხნიდან მარჯვნივ] ნათია ალიაშვილი, კობა ბარამია და ნინო ტყეშელაშვილი - საჯარო მოხელეებს პრობაციის ეროვნული სააგენტო 1 თებერვლიდან უშვებს სამსახურიდან.
[მარცხნიდან მარჯვნივ] ნათია ალიაშვილი, კობა ბარამია და ნინო ტყეშელაშვილი - საჯარო მოხელეებს პრობაციის ეროვნული სააგენტო 1 თებერვლიდან უშვებს სამსახურიდან.

პრობაციის ეროვნული ბიუროდან მაღალკვალიფიციური კადრების გათავისუფლების პროცესი გრძელდება, რასაც ახლა უკვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ახლახან შეტანილი ცვლილებები აადვილებს.

ამჯერად უწყებიდან უშვებენ: განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსს, კობა [მორის] ბარამიას, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის დეპარტამენტის უფროსს - ნინო ტყეშელაშვილსა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსს - ნათია ალიაშვილს.

1 თებერვლიდან ისინი სისტემის თანამშრომლები აღარ იქნებიან და ამის შესახებ საახალწლო დღეებში შემთხვევით გაიგეს - კანცელარიის პროგრამაში ატვირთული წერილობითი შეტყობინებების საშუალებით.

"მთელი ცხოვრება მემახსოვრება"

განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსმა, კობა [მორის] ბარამიამ 1 იანვარს შემთხვევით შეიტყო, რომ 1 თებერვლიდან სამსახურიდან უშვებენ. ვრცელ, ემოციურ ფეისბუკპოსტში ბარამია წერს, რომ სამსახურიდან მისი დათხოვნის გადაწყვეტილება კანცელარიის პროგრამაში 31 დეკემბერს 20:37 საათზე გამოქვეყნდა - ახალი წლის მოსვლამდე 3 საათით ადრე.

„ეს არის ნამდვილი საახალწლო საჩუქარი, რომელიც გუშინ ვნახე შემთხვევით და მთელი ცხოვრება მემახსოვრება. დიახ, პირველი თებერვლიდან ვემშვიდობები საქმეს, სამსახურს, რომელსაც ჩემი ცხოვრების 10 წელი მივუძღვენი უმაგრეს პროფესიონალებთან ერთად და ძალიან მიყვარს“, - აცხადებს ბარამია, რომელიც დეპარტამენტის უფროსის პოსტზე 2020 წლიდან მუშაობს.

დეპარტამენტის უფროსის სახელზე გამოცემულ შეტყობინებაში მოკლედ არის მითითებული, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად წყდება.

„ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში, დეკემბერში, დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, დეპარტამენტების უფროსებს მანამდე არსებული შრომითი ხელშეკრულებები ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით შეეცვალათ, რამაც სამსახურიდან მათი გათავისუფლება გააიოლა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით: ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს.

თუკი შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

ფეისბუკპოსტში კობა ბარამია პოლიტიკურ სარჩულზე მიანიშნებს და სამსახურიდან გაშვების რეალურ მიზეზად ღიად გამოხატულ პოზიციას თვლის.

„გასული ერთი თვე იყო ჯოჯოხეთური და ბოლომდე მჯეროდა, რომ ჩემი სამსახური განსხვავებული იყო და არ გადამაყოლებდა ჩემი აზრის გულწრფელად გამოხატვას და იმ 3 თანამშრომლის დაცვის მცდელობას, რომლებსაც ხელშეკრულებები არ გაუგრძელდათ“; „მჯერა, რომ სიკეთე გაიმარჯვებს, მჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ადამიანს ცხოვრება აგებინებს პასუხს თავის ცუდ საქციელზე“, - წერს კობა ბარამია.

ბარამია ასევე წერს, რომ ძალიან ენანება იმ საქმის მიტოვება, რომელშიც სულსა და გულს დებდა და ამაყობს, რომ დაეხმარა ბევრ არასრულწლოვანს - ეპოვათ საკუთარი თავი და გზა განვითარებისკენ. კვალიფიციური, წარმატებული საჯარო მოხელე, რომელიც საყვარელ საქმეს ერთ თვეში უნდა გამოემშვიდობოს, აღიარებს, რომ ეს ამბავი მისთვის ტირილამდე მტკივნეულია.

კობა ბარამიამ დამატებითი კომენტარებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემიდან უშვებენ კიდევ ერთ სანიმუშო თანამშრომელს - ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის დეპარტამენტის უფროსს ნინო ტყეშელაშვილს, რომლის მიღწევათა ჩამონათვალი ასევე ვრცელი და შთამბეჭდავია. როგორც თავად აღნიშნავს, ყოველთვის მოწინავეთა რიგებში იყო, მიღებული აქვს მადლობის ჯილდოები და 15 წლის მანძილზე, არასოდეს დაუმსახურებია საყვედური ან გაფრთხილება.

„ჩვენს განთავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშრომლების განთავისუფლებასთან დაკავშირებულ ღიად გამოხატულ პოზიციის დაფიქსირებას ვუკავშირებთ!“ - ნინო ტყეშელაშვილი, თავის ფეისბუკპოსტში, საჯარო სექტორიდან „ადამიანების პოლიტიკური ნიშნით წმენდას“ უსვამს ხაზს.

სამსახურს 1 თებერვლიდან დაემშვიდობება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსი - ნათია ალიაშვილიც, რომლის კარიერაც საჯარო სამსახურში წინსვლისა და წარმატების 12 წელიწადს ითვლის. გათავისუფლების რეალურ მიზეზად ნათიაც თავისუფლად გამოხატულ პოზიციასა და დაქვემდებარებული თანამშრომლების დაცვას ასახელებს.

„აქ ალბათ კითხვა, რა მიზეზით მოხდა ჩემი გათავისუფლება, უკვე როტორიკული იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის თვეში ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების“ მიხედვით მივიღე უმაღლესი შეფასება, ასევე 12 წლის განმავლობაში არ მქონია ერთი გადაცდომაც კი. ვფიქრობ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების გამო გამათავისუფლეს“, - აღნიშნავს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათია ალიაშვილი.

მანამდე, რადიო თავისუფლება წერდა, რომ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, მთელ რიგ შემთხვევებში, დეპარტამენტის უფროსებმა არაფერი იცოდნენ, როცა შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ მათ დაქვემდებარებულ თანამშრომლებს. სამსახურიდან გაშვებულებს ისინი გამოესარჩლნენ და მათ შორის - მხარი დაუჭირეს მცდელობაში შეხვედროდნენ სააგენტოს უფროსს, ვლადიმერ ხელაძეს, რომელიც მათ არ ხვდებოდა.

სააგენტოდან გაშვებული თანამშრომლები, რომლებსაც კონტრაქტი არ გაუგრძელეს, რადიო თავისუფლებასთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებდნენ. მანამდე, მათ ღიად გამოხატეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე - 4 წლით გადაავადოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და ზოგიერთს შესაბამის პეტიციებზეც აქვს ხელი მოწერილი.

ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი ეტაპის [გაწევრიანების მოლაპარაკებები] 4 წლით გადავადების გადაწყვეტილება 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პროტესტი უკვე თვეზე მეტია ყოველდღიურად გრძელდება.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავენ. ორშაბათს, 30 დეკემბერს, ამ თემაზე რადიო თავისუფლებას დამატებითი ინფორმაცია არ მიაწოდეს და კვლავ 27 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებისკენ მიგვითითეს.

ახლა მთელი საჯარო სექტორი ისვენებს. „ქართული ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 1-დან 10 იანვრის ჩათვლით, სადღესასწაულო უქმეებია გამოცხადებული.

„ქართული ოცნების“ მიერ შეცვლილი კანონი სამსახურიდან გაშვებულ საჯარო მოხელეებს დიდ შესაძლებლობებს აღარ უტოვებს, მაგრამ ისინი დანებებას არ აპირებენ და სამართლებრივი გზებით ეცდებიან სამართლის მიღწევას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG