პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალურ მუშაკს, მარიამ სირაძეს 25 დეკემბერს ტელეფონით შეატყობინეს, რომ კონტრაქტს აღარ უგრძელებენ და 1 იანვრიდან სამსახურიდან უშვებენ.
ასეთ პერსპექტივას არაფერი მოასწავებდა, ყველაფერი ჩვეულ რიტმში მიდიოდა. მარიამს შენიშვნა არ მიუღია, წინა დღეებში ახალი ბენეფიციარების საქმეებიც ჩააბარეს, არც რეორგანიზაცია იყო გამოცხადებული და, წესით, კონტრაქტი უნდა გაგრძელებულიყო.
„დამირეკა HR-მა და მომაწოდა ეს ინფორმაცია [კონტრაქტის შეწყვეტაზე - რ.თ.] ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდნენ დეპარტამენტის უფროსმა და სამმართველოს უფროსმა.
ოთხი სოციალური მუშაკი ვიყავით ხელშეკრულებით, უშუალოდ ჩვენს სამმართველოში - აქედან ორი დატოვეს, დანარჩენი ორი გაგვიშვეს. არ გვაქვს პასუხები - რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, ვინ გაეშვათ და ვინ დაეტოვებინათ“, - ეუბნება მარიამ სირაძე რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ კოლეგების მხარდაჭერით, დირექტორთან ითხოვა შეხვედრა, მაგრამ უშედეგოდ - ვლადიმერ ხელაძე არ გვხვდებაო.
30 დეკემბერს, მარიამ სირაძემ სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართა.
პროფესიული კავშირის - „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ ინფორმაციით, მარიამთან ერთად, პრობაციის ეროვნული სააგენტოდან უშვებენ დაახლოებით 10 თანამშრომელს და მათ შორის, კიდევ სამ სოციალურ მუშაკს - მარიამ ბურჯანაძეს, მარიკა ტყეშელაშვილსა და ანა ენდელაძეს.
მათი უფლებების დაცვას პროფკავშირი ამ ეტაპზე კოლექტიური დავის პროცედურით ცდილობს. სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ, შრომის კოდექსის შესაბამისად, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა - მედიაციის დაწყების მოთხოვნით. თუკი, მედიაცია შეთანხმებით ვერ დასრულდება, მაშინ შესაძლოა პროფკავშირმა გაფიცვის გადაწყვეტილებაც მიიღოს.
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წერილობით შეტყობინებაში დავის დაწყების საფუძვლად მითითებულია - „დამსაქმებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებთან დაკავშირებული უთანხმოება, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან შრომის პირობების დარღვევა“.
„აზრსმოკლებულია და ალოგიკურია, გაათავისუფლო კვალიფიციური, შესაბამისი განათლების მქონე სოციალური მუშაკები იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია, თავად უწყებებიც კი აცხადებენ, რომ არსებობს სოციალურ მუშაკთა კრიტიკული დეფიციტი.
კანონი "სოციალური მუშაობის შესახებ", რომელიც ძალაში შედის 2025 წელს, გვეუბნება, რომ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, არათუ შემცირდეს, არამედ 50 კადრი უნდა დაემატოს ყველა იმ უწყებას, სადაც სოციალური მუშაობა ხორციელდება“, - აცხადებს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების თავმჯდომარე, სოფიკო ხვთისიაშვილი და ამატებს, რომ მოკლევადიანი, ამ შემთხვევაში ოთხთვიანი, კონტრაქტები მანიპულირების საფუძველს ქმნის - დასაქმებულებს უჩენს შიშს, რომ განსხვავებული შეხედულებებისა და პოზიციის გამო შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლონ. შესაბამისად, უკანონოც არის.
სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ ასეთი პირობები წამოაყენა:
- გაფორმდეს უვადო ხელშეკრულებები პროფესიული კავშირის ყველა წევრ სოციალურ მუშაკთან, ხოლო ბურჯანაძეს, სირაძეს, ტყეშელაშვილსა და ენდელაძეს 1 იანვრიდან უვადოდ გაუგრძელდეთ შრომითი ხელშეკრულება;
- დადგინდეს სოციალური მუშაკისთვის განაწილებული საქმეების ზღვარი - თითოეული სოციალური მუშაკისთვის მაქსიმუმ 50 საქმე;
- მინიმალური ხელზე ასაღები ხელფასი განსაზღვროს - 2500 ლარით;
- ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ტარიფი უნდა შეადგენდეს საათობრივი ანაზღაურების 1.5-ჯერ გაზრდილ ოდენობას და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი პროფესიულ კავშირთან შეთანხმდეს.
მარიამ სირაძე პრობაციის ეროვნულ სააგენტოში - ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოში აგვისტოში დასაქმდა. ის სამსახურში კონკურსის წესით შეარჩიეს და ხელშეკრულება არასრული 5 თვით - 12 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე გაუფორმეს.
„მიგვაჩნია, რომ ხელშეკრულების ვადა იყო უკანონოდ დადგენილი და, შესაბამისად, ამ ადამიანების [გათავისუფლებული სოციალური მუშაკების] უფლებებს დავიცავთ სასამართლოში. არ გვაქვს არანაირი დასაბუთება - რამ გამოიწვია დამსაქმებლის ეს გადაწყვეტილება, რადგან მას არ ჰქონია არანაირი პრეტენზია ამ ადამიანების შრომასთან. ეს ადამიანები არიან კვალიფიციურები“, - აცხადებს დავით ომსარაშვილი, დამოუკიდებელი პროფკავშირის იურისტი.
შრომის კოდექსის თანახმად, ხელშეკრულების 1 წლამდე ვადით გაფორმებას თავისი პირობები აქვს, რაც მომავალ დასაქმებულთან წინასწარ უნდა შეთანხმდეს. მაგალითად, როცა: შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; შესასრულებელია სეზონური სამუშაო; სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება ან ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება.
მარიამ სირაძე გვეუბნება, რომ სამსახურში მისი აყვანისას მსგავს პირობებზე ლაპარაკი არ ყოფილა.
მარიამი ასევე გვიყვება, რომ თითოეულ სოციალურ მუშაკს 150-მდე ბენეფიციარის საქმე აწერია და რთული სამუშაოს შესრულება უწევთ. ის მუშაობს როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფთა, ასევე ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით [პროგრამებში ჩართვა, კონტროლი, დანაშაულის გამეორების რისკების შეფასება], საკმაოდ ხშირად უწევს ზეგანაკვეთური მუშაობაც, ხოლო მისი ანაზღაურება მხოლოდ - 1669 ლარია.
„2024 წლის ივლისში, სააგენტოს სოციალურმა მუშაკებმა განცხადებით მიმართეს სააგენტოს დირექტორს - კადრების გაზრდის მოთხოვნით, რის საფუძველზეც მოხდა ჩვენი ხელშეკრულებით დასაქმება, მაგრამ ჩვენი აყვანის შემდგომაც კი ვერ აღმოიფხვრა სააგენტოში სოციალური მუშაკების დეფიციტი… ახლა, ჩვენი გათავისუფლების შემთხვევაში, ჩვენი საქმეების გადანაწილებაც მოხდება სააგენტოში დარჩენილ სოციალურ მუშაკებზე, რაც მათი დატვირთვის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ სირაძე.
იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჯერჯერობით მათ არაფერი იციან სასამართლოში შეტანილი სარჩელებისა და პროფკავშირის მიერ წამოწყებული კოლექტიური დავის დეტალებთან დაკავშირებით. სხვა მხრივ კი იგივე პოზიცია აქვთ, რაც 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩამოაყალიბეს.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ თანამშრომლების გათავისუფლების საფუძველი მხოლოდ კონტრაქტის ვადის ამოწურვაა და პოლიტიკურ მიზეზებს ვინც ხედავს, ის დეზინფორმაციას ავრცელებს.
„ამ ცალკეული თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი ხელშეკრულებების ვადა იწურებოდა 31 დეკემბერს და ამ ვადის ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობდა, რაც ყველა საჯარო დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებული სტანდარტული კანონისმიერი პრაქტიკაა“, - წერს სააგენტო გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რადგან დამაჯერებელ პასუხს ვერ იღებენ, მარიამ სირაძე და პრობაციის სააგენტოდან გაშვებული სხვა თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილების საფუძველი მათი საჯარო პოლიტიკური პოზიცია გახდა, რაც პეტიციაზე ხელის მოწერით გაირკვა.
„ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და მოქალაქეების უმრავლესობის ინტერესებს.
ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, ყოველდღიურ საქმიანობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად“, - წერია საჯარო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული სოციალური მუშაკების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც მარიამ სირაძე და ანა ენდელაძეც აწერენ ხელს.
მარიამი და სააგენტოს სხვა თანამშრომლები საჯაროდ, სოციალურ ქსელებშიც გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენების, „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა და კონკრეტულად იმ ხმაურიანი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“; „2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს, პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
საპროტესტო პეტიციაზე ხელს აწერდნენ როგორც საჯარო სამსახურში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულები, ბიზნესმენები, პედაგოგები, სტუდენტები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ხელმოწერების პროცესი დღემდე გრძელდება.
მანამდე, სამსახურიდან გათავისუფლება ამავე ტიპის საპროტესტო განცხადებაზე ხელმოწერას დაუკავშირა პრობაციის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთმა თანამშრომელმა, გიორგი აბულაძემ.
„ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო 2025 წლიდან ვეღარ შევძლებ განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მედიატორად მუშაობას... ეს არ არის რიგითი/უბრალო საქმე, რომელსაც რამის სანაცვლოდ ვაკეთებდი. ჩემთვის ეს არის ღირებულებითი სამუშაო, რომელსაც ვაკეთებ(დი), რადგან მწამს, შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო უკეთესი სოციალური გარემოს მშენებლობაში, დავეხმარო ახალგაზრდებს, მოვუსმინო და ვესაუბრო როგორც თანასწორს, რადგან ეს ძალიან სჭირდებათ და არავინ ამას არ აკეთებს მათთვის“, - დაწერა გიორგი აბულაძემ 27 დეკემბერს ფეისბუკზე.
ფორუმი