Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხვალ ალბათ შენი ჯერი იქნება“ - საჯარო მოსამსახურეები ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ


სამსახურიდან გაშვებულთა ამბები ძალიან ჰგავს ერთმანეთს
სამსახურიდან გაშვებულთა ამბები ძალიან ჰგავს ერთმანეთს

„გამარჯობა მე მარიამი ვარ და ჩემი აზრის დაფიქსირების გამო ხელშეკრულება აღარ გამიგრძელეს“, - ეს პოსტი მარიამ პერტიამ სოციალურ ქსელში 26 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ბოლო ორი დღეა, რაც მსგავსი სტატუსები ვრცელდება სოციალურ ქსელში. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, მათ შორის, თბილისის მერიის, ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების თანამშრომელთა ნაწილს, 2025 წლის პირველი იანვრიდან ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდებათ.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დამსაქმებლებმა მათთან თანამშრომლობა მათი პოლიტიკური პოზიციის, აქციებზე სიარულის, დემონსტრანტებზე ძალადობის ხმამაღლა დაგმობის გამო შეწყვიტეს.

სამსახურიდან გაშვებულთა ამბები ძალიან ჰგავს ერთმანეთს:

  • ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას იღებენ ძირითადად ზეპირი ფორმით;
  • მათ უკავშირდებიან სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის თანამშრომლები და ატყობინებენ, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან აღარ უგრძელდებათ ხელშეკრულებები;
  • ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტულ მიზეზებზე არაფერს ეუბნებიან.

„ჩვენ ვართ რეჟიმის მსხვერპლები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სამსახურიდან გათავისუფლებული მარიამ პერტია.

„თანამშრომლები სჭირდებათ, მაგრამ არა ჩვენნაირი მეამბოხე თანამშრომლები“, - ამას გვეუბნება კიდევ ერთი რესპონდენტი, სოფო აბულაძე.

ნინო კიკნაძეს, სამსახურიდან გათავისუფლებულ კიდევ ერთ მოქალაქეს კი, მოუწევს აუხსნას უცხოელ პარტნიორებს, რატომ აღარ გააგრძელა დედაქალაქის მერიამ მასთან თანამშრომლობა: „მათ უნდა ვუთხრა, რომ რეპრესიული პოლიტიკის მსხვერპლი ვარ, მარტივად რომ ვთქვა, ძალიან დიდი სირცხვილია“.

„პასუხს ვერავინ მცემს, რატომ გამათავისუფლეს სამსახურიდან“

სოფო აბულაძემ წელიწადი და ოთხი თვე იმუშავა იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფსიქოლოგის პოზიციაზე.

მას 25 დეკემბერს დაუკავშირდა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი და შეატყობინა, რომ პირველი იანვრიდან მისი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება.

სოფო აბულაძესთან სამინისტროს შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, ანუ ის სსიპ-ის შტატგარეშე თანამშრომელი იყო.

რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მისი გათავისუფლების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. იყო პასუხისმგებლობიანი თანამშრომელი და კარგად შესრულებული სამუშაოსთვის პრემიასაც იღებდა:

„გაგეცინებათ და გუშინ ჩამერიცხა პრემია. არანაირი ადმინისტრაციული დარღვევა, არანაირი გაფრთხილება არ მქონია. როდესაც ვკითხე HR-ს, რა იყო ჩემი სამსახურიდან გაშვების საფუძველი, მითხრა, მე არაფერი ვიცი და უშუალო ხელმძღვანელებს მიმართეო.

როდესაც ჩემს ხელმძღვანელებს, სამმართველოს უფროსსა და ჩემი დეპარტამენტის უფროსს ვკითხე, აღმოჩნდა, რომ მათაც კი არ იცოდნენ ჩემი გათავისუფლების შესახებ.

როგორც ჩანს, ეს საკითხი გადაწყვიტა სააგენტოს უფროსმა და არც ეს ადამიანები ჩააყენა საქმის კურსში. პასუხს ვერავინ მცემს, რატომ გამათავისუფლეს სამსახურიდან“.

სოფო აბულაძის გარდა „დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან“ კიდევ რამდენიმე, დაახლოებით ათამდე ადამიანი გაათავისუფლეს, მათ შორის, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები:

„გათავისუფლება კი არა, სააგენტოს დამატებით სჭირდება ახალი თანამშრომლები, - გვეუბნება სალომე აბულაძე, - დაახლოებით ოთხი თვის წინ ოფიციალურადაც მივმართეთ იუსტიციის ყოფილ მინისტრს და ჩვენს კურატორს, რომ გვქონდა კადრების სერიოზული დეფიციტი და ვერ ვაგრძელებდით მუშაობას იმის გამო, რომ საქმეების რაოდენობა იყო ძალიან ბევრი.

კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტია ჩვენს პროფესიაში და ახლა ასე უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით, პოლიტიკური შეხედულებების გამო გვათავისუფლებენ სამსახურებიდან.

ძალიან კარგად ვიცი, რატომაც გამათავისუფლეს. ყოველთვის ღიად ვაფიქსირებ ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას, დავდივარ აქციებზე, ხელი მოვაწერე ფსიქოლოგების მიერ გავრცელებულ წერილს, სადაც დავგმეთ ევროინტეგრაციის შეჩერების პროცესი და აი, შედეგმაც არ დააყოვნა“, - ეუბნება სოფო აბულაძე რადიო თავისუფლებას.

„ხვალ ალბათ შენი ჯერი იქნება“

გრაფიკულ დიზაინერს, მარიამ პერტიას, რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა სამსახურის ხელმძღვანელი და უთხრა, რომ იანვრიდან ის აღარ იქნება ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი.

მარიამმა ათი წელი იმუშავა ქონების ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და პიარის სამსახურში. ის შტატგარეშე თანამშრომელი იყო, თუმცა, ჰქონდა ხელშეკრულება, რომელიც ყოველწლიურად ავტომატურად ახლდებოდა.

ტელეფონით შეატყობინეს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი „შტატგარეშე თანამშრომლების ოპტიმიზაცია“ იყო:

„საინტერესო იცით რა არის? ჩემს პოზიციას ვერავინ შეითავსებს, რადგან ვარ გრაფიკული დიზაინერი, ერთადერთი თანამშრომელი. გრაფიკოსის გარეშე მარკეტინგის მუშაობა წარმოუდგენელია, მაგრამ ხელშეკრულება მაინც შეწყვიტეს. კარგის მეტი ჩემზე არავის არაფერი უთქვამს. ძალიან ბევრ პროექტზე ვიმუშავე უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროშიც.

არც კი დამიბარეს, ისიც კი არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ოფიციალურად დავებარებინე და პირადად ეთქვათ, რომ ასრულებენ ჩემთან ურთიერთობას. ან მადლობა გადაეხადათ გაწეული სამუშაოსთვის, ათი წელი ვიმუშავე მათთან, ეს ხომ არ იყო ერთი თვე და ორი თვე?“

ისევე როგორც სხვები, მარიამიც დარწმუნებულია, რომ ის, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ გაუშვეს სამსახურიდან, რომ არ მალავდა პოლიტიკურ შეხედულებებს, გმობდა ძალადობას და აპროტესტებდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას:

„ზოგადად, ყველა საჯარო სამსახურში არის ასეთი მესიჯბოქსი, რომ ქვეყანას ევროპული კურსი არ შეუცვლია და არასწორად ვფიქრობთ.

მე კი ვაზიარებდი დემონსტრანტებზე ძალადობის ვიდეოებს, ვგმობდი ევროპული კურსის ცვლილებას, დავდიოდი აქციებზე და რამდენიმე "სთორიც" მედო აქციებიდან. არავინ გამილანძღავს, არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა. უბრალოდ ვაფიქსირებდი ჩემს აზრს და პოზიციას“, - ეუბნება მარიამ პერტია რადიო თავისუფლებას.

„მომიწევს, ავუხსნა ჩემს უცხოელ კოლეგებს, რომ პოლიტიკური რეპრესიების გამო გამიშვეს სამსახურიდან“

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოაქვეყნა პოსტი სოციალურ ქსელში ნინო კიკნაძემაც. ის თბილისის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომელი იყო და 2023 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა მედიახელოვნების პროგრამაში გაერთიანებულ ორ პროექტს, რომელთა ფარგლებშიც თბილისმა „იუნესკოსგან“ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიიღო, ამის შემდეგ კი მედიახელოვნების მიმართულებით „იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრიც გახდა.

ნინო კიკნაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მისთვის არავის აუხსნია:

„მე ვიყავი ამ პროგრამის ხელმძღვანელი და ამ პროგრამის ერთადერთი კადრი, სხვა კადრი არც გვყოლია. ანუ ახლა მე რომ მიშვებენ, გამოდის, რომ ამ პროგრამას აღარავინ ჰყავს, სხვა ადამიანიც კი არ არსებობს, ვინც მის მართვას გადაიბარებს.

არადა, პროგრამა გრძელდება, ქალაქი ამ ქსელის წევრია და ის სტრატეგია უნდა განავითაროს, რომელიც ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ შეიმუშავა“.

ნინო კიკნაძის თქმით, ის 100%-ითაა დარწმუნებული, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება:

„რა მიზეზები უნდა ვეძებო? მე ყოველთვის ღიად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, როგორც სამსახურში, ისე სოციალურ ქსელში. ხელიც მოვაწერე მერიის თანამშრომელთა მიერ გავრცელებულ წერილს, სადაც გაპროტესტებული იყო ევროინტეგრაციის შეჩერების პროცესი.

ახლა მომიწევს, ავუხსნა ჩემს უცხოელ კოლეგებს, რომ მათთან ვეღარ ვითანამშრომლებ, რადგან სამსახურიდან გამიშვეს პოლიტიკური რეპრესიების ნიადაგზე, რაც ძალიან დიდი სირცხვილია“, - ამბობს ნინო კიკნაძე.

„საჯარო მადლობებს მიხდიდნენ და თურმე ახლა აღარ არის საჭირო ჩემი საქმე“

25 დეკემბერს სამსახურიდან გაათავისუფლეს თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძეც, რომელიც ახალშექმნილი საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანადამფუძნებელია.

მისი გათავისუფლების მიზეზი ოფიციალურ წერილში ასეა ახსნილი:

„ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში დასაქმებულია შტატგარეშე თანამშრომელი გიგა სოფრომაძე, შრომითი ხელშეკრულებით. მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ზემოაღნიშნული სამსახურის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის მოვალეობის შესრულება.

გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურის მიერ განხორციელებულ ყველა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამას უკვე ჰყავს თავისი კოორდინატორები, ზემოაღნიშნული შტატგარეშე პოზიციის არსებობა საჭიროებას აღარ წარმოადგენს“.

გიგა სოფრომაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან მუშაობს. ამბობს, რომ მას, როგორც წარმატებულ თანამშრომელს, არაერთი მადლობა აქვს მიღებული პირადად დედაქალაქის მერისგან.

დარწმუნებულია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება მისი და მისი თანამშრომლების ბოლოდროინდელ აქტიურობას.

თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს გაემიჯნა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას და მათ 30 ნოემბერს ღია წერილიც გამოაქვეყნეს. ამ წერილის პირველი ხელმომწერი სწორედ გიგა სოფრომაძე იყო.

ერთი თვის თავზე კი, ამ აქტიურობას თან დაერთო საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის შექმნაც.

გიგა სოფრომაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 26 დეკემბერს, დღის პირველი საათისთვის, მოულოდნელად შეიტყო:

„აი, ახლაც კი, თქვენ რომ გესაუბრებით, სამსახურში ვარ. დაახლოებით პირველი საათისთვის შემატყობინეს, რომ ჩემს სახელზე შიდა სისტემაში ოფიციალური წერილი იყო გამოგზავნილი. მიზეზი სრულიად აბსურდული და უღირსია. ოფიციალური მიზეზი დოკუმენტებში წერია და ამაზე მეტი ჩემთვის არც არავის აღარაფერი უთქვამს. არც წინასწარ გავუფრთხილებივარ ვინმეს. არც საუბარი ყოფილა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება იგეგმებოდა. არც ალტერნატიული სამსახური შემოუთავაზებია ვინმეს.

იმ საქმიანობას, რასაც მთელი რვა წელი ვემსახურებოდი, თურმე მერვე წელს აღარ არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამებში არ შესულა ცვლილებები იმ კუთხით, რომ სამუშაო შემცირებულიყო ან სხვა კადრები დაგვმატებოდა. რამდენი ადამიანიც მუშაობდა ამ პროგრამებზე 2016 წელს, ზუსტად იმდენი ადამიანი მუშაობს ახლაც. არადა, დღეს უკვე სახეცვლილი პროგრამებია, საქმე გაცილებით მეტია, მომართვიანობაც სამი-ოთხჯერაა გაზრდილი.

მაგალითად, თუკი წინა წლებში ჯანდაცვის პროგრამებში 500 ბავშვი იყო ჩართული, დღეს 3500-მდეა ასული მათი რაოდენობა“.

გიგა სოფრომაძე ამბობს, რომ ის არათუ სამსახურიდან გათავისუფლებას, არამედ 2025 წლის იანვრიდან ახალი თანამშრომლების დამატებასაც კი ელოდა:

„2025 წლის პირველი იანვრიდან, ყველა მუნიციპალიტეტს დაეკისრა ვალდებულება, რომ დაიწყონ შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამა, რომელიც შშმ პირთა მომსახურების ნაწილში იქნება ყველაზე დიდი პროგრამა, რადგან, ფაქტობრივად, თითქმის ყველა შშმ პირს მუნიციპალიტეტებმა უნდა გამოუყონ პერსონალური ასისტენტები, რომლებიც დაეხმარებიან დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდაში. ამ პროგრამას ცალკე ადმინისტრატორები, ცალკე კოორდინატორები სჭირდება და მე ველოდებოდი, რომ პირიქით, კადრების დამატება მოხდებოდა“.

27 დეკემბერს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს მერიის პრესსამსახურის თანამშრომელს თაია მახარაშვილს. ისევე როგორც სხვებს, მასაც უთხრეს, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან მისი ხელშეკრულება აღარ განახლდება.

ამ გადაწყვეტილების შესახებ მას სამსახურის დასრულებამდე ზუსტად 2 წუთით ადრე უთხრეს.

თაია მახარაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„ზედმეტიც მგონია იმის თქმა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც წინ უძღვოდა მთელი რიგი განცხადებები "ქართული ოცნების" ლიდერებისგან, რომლებმაც კონსტიტუციის ერთგულების გამო რა არ დაგვაბრალეს“.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა 26 დეკემბერს გიორგი აბულაძემაც.

„ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო 2025 წლიდან ვეღარ შევძლებ განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მედიატორად მუშაობას“, - დაწერა მან.

„ეს ყველაფერი ცალსახად უკავშირდება 30 ნოემბერს ჩვენს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რითაც პროგრამის მედიატორები გავემიჯნეთ მთავრობის გადაწყვეტილებას. გაგვათავისუფლეს ხელშეკრულებით დასაქმებული სამი მედიატორი, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ განცხადებას.

ვინც მიცნობს და იცის ჩემი ინტერესების შესახებ, ის მიხვდება რამხელა ტრაგედიაა ეს ყველაფერი ჩემთვის, ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობით. ეს არ არის რიგითი/უბრალო საქმე, რომელსაც რამის სანაცვლოდ ვაკეთებდი. ჩემთვის ეს არის ღირებულებითი სამუშაო, რომელსაც ვაკეთებ(დი), რადგან მწამს, შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო უკეთესი სოციალური გარემოს მშენებლობაში, დავეხმარო ახალგაზრდებს, მოვუსმინო და ვესაუბრო როგორც თანასწორს, რადგან ეს ძალიან სჭირდებათ და არავინ ამას არ აკეთებს მათთვის“, - წერს გიორგი აბულაძე.

პოზიციის ცვლილების, ანუ, „დაქვეითების“ შესახებ წერილი ჩააბარეს მარიამ თაყაიშვილს, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ კომუნიკაციების და პროტოკოლის სამსახურის კომუნიკაციების და პროტოკოლის სამმართველოს უფროსს.

26 დეკემბერს სოციალურ ქსელში მან დაწერა: „ახალი წლის "საჩუქარი" სიკრეტ სანტასგან ... დაელოდეთ ჩემს წერილს, "დელტას" გენიალურო იურისტებო“.

ოფიციალურ შეტყობინებაში, რომელიც მარიამმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ „დელტაში“ იგეგმება სტრუქტურული ცვლილებები, რომელშიც შესაძლებელია მოჰყვეს კომუნიკაციებისა და პროტოკოლის სამსახურის გაუქმება.

„დელტას“ გენერალური დირექტორის მოადგილე მას ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურში, წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას სთავაზობს, უარის ან წერილის უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში კი პირველი იანვრიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აფრთხილებს.

სამსახურებიდან გათავისუფლებულები სამართლებრივი დავების დაწყებას გეგმავენ

ყველა გათავისუფლებული, ვისაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა და ისინიც, ვინც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებენ, დამსაქმებლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებენ.

მათ უკვე დაწყებული აქვთ კონსულტაციები იურისტებთან და უახლოეს პერიოდში გეგმავენ სასამართლოში სარჩელების, მათ შორის, კოლექტიური სარჩელების შეტანასაც.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მართალია, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა და სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლების შესახებ რიგ ბრძანებებშიც სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტია მითითებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების თაობაზე წამოიწყოს სამართლებრივი დავა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ერთ-ერთი ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სამართლებრივ დავებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამ ორგანიზაციასთან უკვე გადის კონსულტაციას ბოლო პერიოდში, სამსახურიდან გათავისუფლებული რამდენიმე პირი.

სალომე შუბითიძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამსახურებიდან გათავისუფლებულებს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც შრომითი ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის საბაბით გაათავისუფლეს სამსახურებიდან, აქვთ ყველა საფუძველი იმისათვის, რომ სასამართლოს მიმართონ.

განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი სამსახურიდან დისკრიმინაციული ნიშნით - ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით არიან გათავისუფლებულები:

„ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო შრომითი ხელშეკრულების დასრულება ყოველთვის კანონიერი არ არის. პირიქით, ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელშეკრულებას ვადა გასდის, მაგრამ ხელშეკრულების არგაგრძელების საფუძველი არის დისკრიმინაციული, მაგალითად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, ასეთ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის გაუგრძელებლობა ვადის გასვლის გამო, ჩაითვლება უკანონოდ, რადგან საფუძველი არის დისკრიმინაციული“, - ეუბნება სალომე შუბითიძე რადიო თავისუფლებას.

გარდა ამისა, მისივე თქმით, დასაქმებულებსა და იურისტებს შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელების უკანონობაზე შეუძლიათ იდავონ მაშინაც, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა ჯამში 30 თვეს აღემატება. ასევე თუკი ხელშეკრულება მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ გაგრძელდა და ჯამში მისი ხანგრძლივობა 30 თვეზე მეტია. იურისტები ამბობენ, რომ ასეთი ხელშეკრულება უვადო ხელშეკრულებად ითვლება:

„და თუკი ხელშეკრულება უვადოა, ვადის გასვლის გამო ამ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ხელშეკრულების შესაწყვეტად საჭიროა შრომის კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი, მაგალითად, რეორგანიზაცია, შრომითი ხელშეკრულების შეუსრულებლობა, არაკომპეტენტურობა და ა.შ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ესეც უნდა იყოს დასაბუთების საგანი“, - ამბობს სალომე შუბითიძე.

სამსახურიდან გათავისუფლებულთა ნაწილმა უკვე მიმართა საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის იურისტებს.

პროფკავშირის იურისტები, მარიამ ფარქოსაძე და შორენა ბასილაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მათი საქმეების დამუშავება:

„ამასთანავე, ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით დამსაქმებელთა მხრიდან საჯარო მოსამსახურეთა უფლებების შეზღუდვის ფაქტებს, მათი თანხმობით ვახდენთ მათ აღრიცხვას და მზად ვართ შემდგომი ადვოკატირებისათვის“, - ამბობენ ისინი.

მათივე განმარტებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი დავები დროულად დაიწყოს და დაცული იყოს სასამართლოსადმი მიმართვის ვადები:

„დასაქმებულებს უფლება აქვთ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნონ დამსაქმებლებს წერილობითი შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე, ასეთის არარსებობის შემთხვევაში.

დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, რის შემდგომაც დაიწყება გასაჩივრების 30-კალენდარულდღიანი ვადის ათვლა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულთა საქმეები საჭიროებს ინდივიდუალურ განხილვას და შრომის კოდექსის შესაბამის მუხლებზე მისადაგებას. მნიშვნელოვანია განიმარტოს ისიც, რომ დასაქმებულთა უფლებაა, დისკრიმინაციის ნიშნით გათავისუფლების შემთხვევაში, მიმართონ სახალხო დამცველს“, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის იურისტები.

უკანასკნელ წლებში, სასამართლოებს დასაქმებულსა და დამსაქმებლებს შორის დაწყებული არაერთი დავა განუხილავთ, მათ შორის, საქმეები, როდესაც მოპასუხე მხარე იყო იუსტიციის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, სხვადასხვა სსიპ-ები და, როგორც იურისტები ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, საკმაოდ მაღალია მაჩვენებელი დასაქმებულთა სასარგებლოდ გადაწყვეტილი დავებისა - იქნება ეს სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურებისა თუ კომპენსაციის გადახდის დადგენა.

თუმცა, ვარაუდობენ, რომ ახლა, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილებები, ისინი ნეგატიურად აისახება საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა უფლებებზე და მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, სამართლებრივი დავების წარმოებაზეც:

„ახლა როცა საკანონმდებლო ცვლილებები იქნა მიღებული, კიდევ უფრო გართულდება სიტუაცია, რადგან მთელი რიგი საჯარო მოხელეებისა, ვინც აქამდე საჯარო მოხელედ ითვლებოდა, საშუალო დონის მენეჯმენტი, დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე, ეს ხალხი აღარ მიიჩნევა საჯარო მოხელეებად. მათ აღარ ექნებათ უვადო ხელშეკრულებები, მათ ექნებათ ადმინისტრაციული ხელშეკრულებები, რომელთა ვადებიც შეზღუდული იქნება და დამოკიდებული იქნება მინისტრების ვადებზე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ როდესაც შეიცვლება მინისტრი, ეს ხალხიც თან უნდა გაჰყვეს.

გარდა ამისა, კანონში გაკეთდა უკანონო და ანტიკონსტიტუციური ჩანაწერი, რომ თუკი რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული ადამიანი მოიგებს სასამართლო დავას, ანუ დადასტურდება უკანონობა, ამ შემთხვევაშიც კი სასამართლო წინასწარაა შეზღუდული - მას ეკრძალება დასაქმებულის სამსახურში აღდგენის დადგენა. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციას, ეს ადამიანი კომპენსაციას მიიღებს მხოლოდ სამი თვის ოდენობით. ანუ წინასწარ შეიზღუდა უფლების აღდგენის საშუალებების ფარგლებიც“, - ამბობს სალომე შუბითიძე.

მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, არაერთი საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე თბილისის მერიის თანამშრომლები გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას. მათ ასევე დაგმეს ის ძალადობრივი ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა დემონსტრაციების დაშლისას.

ამ განცხადებებისა და წერილების შემდეგ მალევე განაცხადა, მაგალითად, დედაქალაქის მერმა, რომ მერიაში დაგეგმილი იყო რეორგანიზაცია და „იგეგმებოდა ბევრი ცვლილება“. მერიის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც საჯარო წერილს მოაწერეს ხელი, მაშინვე განაცხადეს, რომ ეს იყო დაშინების მუქარა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG