Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
იახტა „ამადეას“ აღსასრული - პუტინის იახტის მფლობელმა აშშ-ში სასამართლო წააგო

იახტა „ამადეას“ აღსასრული - პუტინის იახტის მფლობელმა აშშ-ში სასამართლო წააგო


იახტა „ამადეა“ სან-დიეგოში, კალიფორნიაში, და სახლი უდალცოვის ქუჩაზე. (კოლაჟი)
იახტა „ამადეა“ სან-დიეგოში, კალიფორნიაში, და სახლი უდალცოვის ქუჩაზე. (კოლაჟი)

ედუარდ ხუდინატოვმა, პუტინის იახტის „შეჰერეზადეს“ და სულეიმან კარიმოვის იახტის, „ამადეას“ ოფიციალურმა მფლობელმა, აშშ-ში გასულ კვირაში წააგო საქმე, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ მეორე მათგანის მფლობელი იყო.

სასამართლო პროცესზე მან დაასახელა თავისი რეგისტრაციის მისამართი მოსკოვში. ეს აღმოჩნდა საუწყებო სახლი, რომელიც სავარაუდოდ, დაკავშირებულია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან.

18 მარტს ნიუ-იორკის სასამართლომ წერტილი დაუსვა სასამართლო დავას ფიჯიში 2022 წელს დაკავებული იახტის გარშემო. საქმე ეხება სუპერიახტა „ამადეას,“ რომელიც აშშ-ში იმყოფება და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის, როგორც იუსტიციის სამინისტრომ დაადგინა, შეიძლება გაიყიდოს აუქციონზე.

საბუთებით, „ამადეა“ ეკუთვნის ფირმას, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის კომპანია „როსნეფტის“ მაღალი რანგის მენეჯერ ედუარდ ხუდაინატოვთან. აშშ-ის ხელისუფლება თვლიდა, რომ ხუდაინატოვი იახტის მხოლოდ ნომინალური მფლობელი იყო, თორემ ის, სინამდვილეში ეკუთვნოდა მილიარდერ სულეიმან კერიმოვს, რომელსაც 2018 წელს სანქციები დაუწესეს.

ხუდაინატოვზეა გაფორმებული ასევე იახტა „შეჰერეზადე“, რომელიც, როგორც ადრე ჟურნალისტ-გამომძიებლებმა დაადგინეს, სინამდვილეში ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის.

ახლა „შეჰერეზადეც“ დაკავებულია და იტალიის ქალაქ მარინა დი კარარას ნავსადგურში იმყოფება.

„ამადეას“ დაკავებაში საკვანძო როლი ითამაშა ოპერატიულმა სამსახურმა KleptoСapture-მა - აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ეგიდით მოქმედმა ჯგუფმა, რომელიც სპეციალიზებულია რუსეთის აქტივების მიგნებასა და დაკავებაზე და სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობების გამოვლენაზე.

იგეგმებოდა იახტის გაყიდვით მიღებული ფულის უკრაინისთვის გადაცემა. 7 თებერვალს KleptoCapture აშშ-ის ახალმა გენერალურმა პროკურორმა პამელა ბონდიმ დაშალა.

აშშ-ის წინა მთავრობას იახტა სან-დიეგოში მდგომი „ამადეას“ თავიდან მოშორება სურდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შენახვა და მომსახურება აშშ-ს წელიწადში 7 მილიონი დოლარი უჯდებოდა.

„ამადეი“ სან-დიეგოში, აშშ, კალიფორნია. Planet.com-ის თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტო. 13 იანვარი, 2025 წელი
„ამადეი“ სან-დიეგოში, აშშ, კალიფორნია. Planet.com-ის თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტო. 13 იანვარი, 2025 წელი

„შეჰერეზადეს“ ნომინალურ მფლობელს, ხუდაინატოვს მეტი უჯდება იახტის შენახვა, მაგრამ იტალიის ხელისუფლებამ მისთვის დაუშვა გამონაკლისი და მას არა მხოლოდ ემსახურებიან, არამედ ის განაახლეს კიდეც.

ედუარდ ხუდაინატოვის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ იახტა მას ეკუთვნის და არა კერიმოვს.

სასამართლო საბუთებში აშშ-ის ხელისუფლება არ უარყოფდა ხუდაინატოვის კავშირს იახტასთან, მაგრამ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მოპოვებული მტკიცებულებით, ჩანს, რომ ის მხოლოდ ნომინალური მფლობელი იყო, რათა დაემალათ, რომ იახტის რეალური მფლობელი კერიმოვია.

ხუდაინატოვი, "როსნეფტის" ყოფილი მაღალი რანგის მენეჯერი, დიდი ხანია და მჭიდროდ დაკავშირებულია კომპანიის გენერალურ დირექტორ იგორ სეჩინთან, სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელთან, რომელიც პუტინის ახლო გარემოცვის წევრად ითვლება. სეჩინი აშშ-ის სანქციების სიაში არ მოხვედრილა, მას სანქციები ევროკავშირმა დაუწესა.

2023 წელს Forbes-მა მისი ქონება ორ მილიარდ დოლარად შეაფასა და მისი სიმდიდრე დაუკავშირა „პუტინთან და სეჩინთან ხანგრძლივ ურთიერთობას“.

ფიჯის საქმეზე FBI-ის ჩვენებას დართული მტკიცებულებებით, "ამადეას” მართავდა Imperial Yachts-ი, მონაკოში დაფუძნებული კომპანია, რომელსაც სანქციები 2024 წელს დაუწესეს.

კომპანია "იახტებთან დაკავშირებულ მომსახურებას უწევს რუსეთის ელიტას, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირებს", - აცხადებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო. სანქციების სიაშია Imperial Yachts-ის აღმასრულებელი დირექტორი ევგენი კოჩმანი.

Imperial Yachts მეთვალყურეობდა 140-მეტრიანი, $700 მილიონი დოლარის „შეჰერეზადეს“ მშენებლობას. 2022 წლის მარტში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა იახტის შესახებ გამოძიება და გამოავლინა, რომ მისი ეკიპაჟი შედგებოდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებისგან.

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ „შეჰერეზადეს“ ხაზინადარი იყო ქალი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიასთან, რომელიც ფლობს იახტის ნავმისადგომს სოჭის საზღვაო პორტში და იახტებსა და ხომალდებს აწვდიდა არა მხოლოდ დაცვის ფედერალურ სამსახურებს, არამედ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსაც.

ხუდაინატოვი ამტკიცებს, რომ ფლობს კიდევ ერთ იახტას, სახელწოდებით, „კრეშჩენტს” , რომელიც ესპანეთში 2022 წელს დააკავეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები თვლიან, რომ ეს გემი რეალურად იგორ სეჩინს ეკუთვნის.

ხუდაინატოვის დაცვა

ხუდაინატოვის ადვოკატებმა, რომლებმაც პიარის სააგენტო დაიქირავეს თავიანთი პოზიციის გასაძლიერებლად, ენერგიულად იბრძოდნენ კონფისკაციის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

ერთ-ერთმა მოწმემ, რომელიც, როგორც ჩანს, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებას ცდილობდა თავისი ჩვენების სანაცვლოდ, დაადასტურა, რომ „ამადეას“ ნამდვილი მფლობელი კერიმოვია.

2024 წელს პროკურატურამ მოითხოვა თავად ხუდაინატოვის ფიცის ქვეშ დაკითხვა აშშ-ში. დაცვის ადვოკატები უარზე იყვნენ და განაცხადეს, რომ მათი კლიენტი შეიძლება დააკავონ, თუ ის ფეხს დაადგამს ამერიკის მიწაზე და შესთავაზეს უწყებას ალტერნატივა დუბაის სახით.

დეკემბერში, როდესაც მხარეები ვადების შესახებ კამათობდნენ, დაცვის მხარემ მოულოდნელად გადადო დაკითხვა იმ მოტივით, რომ ხუდაინატოვი დაავადდა კოვიდით და საავადმყოფოში მკურნალობს. პროკურორებმა უპასუხეს, რომ FBI-ის აგენტის თანახმად, ხუდაინატოვი ავადმყოფობა მოგონილია და მან ყალბი სამედიცინო ცნობა წარმოადგინა, რათა თავი აერიდებინა ჩვენებისთვის.

მოსამართლემ შემდეგ მოითხოვა ხუდაინატოვის დაკითხვაზე ნიუ-იორკში გამოცხადება 17 იანვარს, მაგრამ მან საბოლოოდ უარი თქვა განხილვაში მონაწილეობაზე - მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობის ცნობას იმ დროისთვის ვადა ჰქონდა გასული.

11 მარტს მოსამართლემ თავის მართლების საბუთი "არადამაჯერებლად" მიიჩნია და უარყო მისი პრეტენზია „ამადეას“ ფლობაზე.

საბოლოოდ, 18 მარტს, მოსამართლე დეილ ჰომ იახტის ჩამორთმევის და აუქციონზე გატანის განკარგულება გასცა.

ხუდაინატოვის ადვოკატმა ადამ ფორდმა თქვა, რომ მისი კლიენტი აპირებდა გასაჩივრებას და გააფრთხილა პოტენციური მყიდველები, რომ თუ აუქციონი შედგებოდა, „ამადეას“ დაკავება შეიძლებოდა იმ ქვეყნებში, რომლებიც არ აღიარებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

არა უბრალო სახლები

პოლიკლინიკის ცნობაში, რომელიც ხუდაინატოვის ადვოკატებმა წარმოადგინეს, მითითებულია მისი მისამართი: უდალცოვის ქუჩა 87 III კორპუსი.

გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი, რომელიც იძიებდა ამ საქმეს, ამტკიცებდა, რომ რუსი სინამდვილეში ცხოვრობდა რუბლიოვკის გზატკეცილზე მდებარე ცალკე სახლში. მან საქმეს დაურთო მისი ფოტო, რომელიც აღებული იყო რუსული გამოცემა "პროექტის" მიერ ხუდაინატოვის საქმის გამოძიებიდან.

ამ ბრალდებებზე თავის პასუხში, ხუდაინატოვის დაცვამ აღიარა, რომ ამ მისამართზე - უდალცოვის ქუჩაზე, ხუდაინატოვი მხოლოდ რეგისტრირებულია. ამასთანავე, ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს ასევე არაფერი ჰქონდა საერთო რუბლიოვკაზე მდებარე სახლთან.

2019 წელს, გამოცემა The Insider-მა ყურადღება გაამახვილა მოსკოვის მერიის საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებზე, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი აშენდა ან საგარეო დაზვერვის სამსახურის სახსრებით, ან უშუალოდ ვეტერანებისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებისთვის.

გამოცემის მიერ მოხსენიებულ მისამართებს შორის ნახსენებია „ჯაშუშების სახლი“ უდალცოვის ქუჩაზე, რომლის ზუსტი მისამართი სტატიის ავტორებმა მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ბრძანების სკრინშოტზე წაშალეს.

რადიო თავისუფლებამ მიაგნო ორ დოკუმენტს, რომლებიც აღწერს უდალცოვის ქუჩაზე მდებარე სახლების საგარეო დაზვერვის სამსახურისგან ქალაქის საკუთრებაში გადაცემას: ეს ეხება შენობებს მისამართით: უდალცოვის ქუჩა 87, IV კორპუსი და უდალცოვის ქუჩა 87, V კორპუსი.

მისამართზე - უდალცოვის 87, სულ 5 შენობაა განთავსებული. I და II კორპუსი, საბავშვო სპორტული ცენტრი და სახანძრო ნაწილი ჯერ კიდევ საბჭოთა დროს აშენდა. III კორპუსი, სადაც ედუარდ ხუდაინატოვია ჩაწერილი - 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, მანქანების მიწისქვეშა სადგომით - 1997 წელსაა აშენებული. IV და V საცხოვრებელი კორპუსები - შესაბამისად 2000 და 2001 წლებში.

2001 წლის 5 ივნისს, მოსკოვის მაშინდელმა მერმა და პრემიერ-მინისტრმა, იური ლუჟკოვმა ხელი მოაწერეს ბრძანებულებას, რომლითაც V კორპუსი ქალაქის ბალანსზე გადავიდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს სახლი აშენდა "რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხარჯზე".

ერთი წლის შემდეგ, ლუჟკოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას V კორპუსთან დაკავშირებით. განკარგულებაში სახლი მოხსენიებულია, როგორც "საგარეო დაზვერვის სამსახურის ახალმშენებლობა". მოსკოვის მთავრობის კიდევ ერთი, 2002 წლის დოკუმენტის მიხედვით, მეოთხე კორპუსი აშენდა მოსკოვის მთავრობასა და საგარეო დაზვერვის სამსახურს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში.


"ჯაშუშების სახლში" ცხოვრობდა, მაგალითად, რომან ბერნაცკი, პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ცენტრალური საბჭოს პრეზიდიუმის ხელმძღვანელის მოადგილე საერთაშორისო საქმეებში, რომელსაც The Insider-ის წყარო სპეცსამსახურების წარმომადგენელს უწოდებს.V კორპუსში, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რეგისტრირებულია რუსი დიპლომატი, ალექსეი ლიჟენკოვი, რომელიც ახლა სერბეთში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის პოსტზე აცხადებს პრეტენზიას. ასევე დმიტრი იორდანიდი - რომელიც ეჭვმიტანილია ბელგიის ხელისუფლების მიერ და ამის გამო დატოვა ქვეყანა - რადიო თავისუფლების, Le Monde-ის, EU observer-ისა და რამდენიმე ბელგიური გამოცემის ბოლოდროინდელი ერთობლივი გამოძიების გმირი.

The Insider-ის ვებსაიტზე საგარეო დაზვერვის სამსახურის სახლების შესახებ სტატიის ავტორმა, ჟურნალისტმა სერგეი კანევმა, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ III კორპუსი უდალცოვის ქუჩის 87 ნომერში, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული.

ამაზე ირიბად მეტყველებს ფაქტებიც. მაგალითად, მოსკოვის საქალაქო საკუთრების დეპარტამენტის 2018 წლის განკარგულებაში უდალცოვის, კოშტოიანცის, ლობაჩევსკის, ქუჩებსა და მიჩურინის პროსპექტს შორის ტერიტორიის ინსპექციის შესახებ, უდალცოვის ქუჩის 87 ნომრის III კორპუსის შესახებ „მომხმარებელთა კატეგორიის“ გრაფაში მითითებულია „სახელმწიფო უწყება“, ხოლო IV და V კორპუსებზე, რომლებიც ადრე საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ ქალაქს გადაეცა — "ადგილობრივი საბჭო".

რადიო თავისუფლებამ მოსკოვში კიდევ ორი სახლი იპოვა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს დოკუმენტებში, სადაც „მომხმარებლის კატეგორიის" გრაფაში მითითებული იყო „სახელმწიფო უწყება“. ადამიანები, რომლებიც ამ შენობებში ბინებს ყიდდნენ, თავიანთ განცხადებებში მიუთითებდნენ, რომ ეს „საუწყებო“ ბინები იყო.


87 ნომრის III კორპუსი ერთადერთია, რომელიც შემოღობილია, აქვს საკონტროლო-გამშვები პუნქტი და ჰყავს დაცვა. თუ IV და V კორპუსების მმართველი კომპანია მოსკოვის "ჟილიშნიკის" სახელმწიფო ბიუჯეტის "სტანდარტული" დაწესებულებაა, მაშინ კორპუსს მართავს საკუთარი კომპანია "უდალცოვო-87". ამ კორპუსს მიმდებარე შემოღობილ ტერიტორიაზე საკუთარი ბომბსაფარიც აქვს.

ინტერნეტში გაჟონილი მონაცემთა ბაზებიდან ირკვევა, რომ უდალცოვის ქუჩა 87-ის III კორპუსში ხუდაინატოვების ოჯახის მეზობლებს შორის რეგისტრირებული არიან ისეთი ადამიანები, როგორებიცაა "როსობორონექსპორტის" უფროსის მოადგილე იგორ სევასტიანოვი ან ბოგდან აგაჯანიანცი, ავტომატიზაციის სისტემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელიც ძირითადად რუსეთის არმიის და სპეცსამსახურების ბრძანებებს ასრულებს.

ხუდაინატოვი უდალცოვის ქუჩაზე მდებარე კორპუსში 143 კვადრატული მეტრი ფართის ბინის მფლობელი 1998 წლის ნოემბერში, მისი მშენებლობის დასრულებიდან მალევე გახდა. მანამდე ამ ბინას სხვა მფლობელი არ ჰყოლია. იმ დროს ხუდაინატოვი მუშაობდა ციმბირში და ეკავა ნეფტეიუგანსკის მერის მოადგილის პოსტი, იყო პოიკოვსკის ადმინისტრაციის უფროსი.

ამის გარდა, იგი იყო ტიუმენის რეგიონული დუმის დეპუტატი. როგორც ინფორმაციის გაჟონვის შედეგად ირკვევა, ედუარდ ხუდაინატოვთან ერთად, ბინაში რეგისტრირებულია მისი მეუღლე მარინა იუოზასოვნა და ვაჟი ალექსეი. გამოცემა "პროექტის" გამოძიების თანახმად, ორივე მათგანი, ისევე როგორც ედუარდ ხუდაინატოვი, ნამდვილად ცხოვრობენ რუბლიოვკაზე მდებარე მდიდრულ სახლებში. მარინა იუოზასოვნა - ელიტარულ დასახლება რეჩნოეში, ალექსეი კი - მამამისის ახალი საყვარლის, მარინა ამაფის მეზობლად, მამის სახლიდან 10 წუთის სავალზე.

დამალობანა

იახტა „ამადეას“ გამო ბრძოლა იყო აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების მცდელობის ნაწილი, უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ ზეწოლა მოეხდინათ რუსეთის ელიტაზე და პუტინის ახლო წრეზე.

ამ მცდელობის შედეგები არაერთგვაროვანი იყო მანამდეც, სანამ იუსტიციის სამინისტროს KleptoCapture-ს დაშლიდნენ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი დაიკავებდა თანამდებობას და პრიორიტეტად მექსიკის ნარკოკარტელებთან ბრძოლას გამოაცხადებდა.

აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებს უჭირთ აქტივების ძებნა და თვალყურის დევნება უზარმაზარ გლობალურ ფინანსურ სისტემაში, ხოლო რუსი ოლიგარქები იურიდიულ ფირმებს და ოფშორულ კომპანიებს იყენებენ დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის და ქონებისა და აქტივების დასამალად.

თუმცა, დასავლეთის მთავრობებმა მოახერხეს რუსეთის ფინანსური და პოლიტიკური ელიტის წევრების კუთვნილი კიდევ რამდენიმე იახტის დაკავება. 2022 წლის მარტში იტალიის ხელისუფლებამ დააკავა მილიარდერის და უმდიდრესი რუსი ბიზნესმენის, ალექსეი მორდაშოვის იახტა „ლედი M“, ასევე პუტინის მეგობრის, გენადი ტიმჩენკოს იახტა „ლენა“.

საფრანგეთში დააკავეს მილიარდერ ალექსეი კუზმიჩევის ორი იახტა. კუზმიჩევიც შედის ევროკავშირის სანქციების სიაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო.

გერმანიაში დააკავეს ალიშერ უსმანოვის იახტა „დილბარი“ (მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ სინამდვილეში ის მას კი არ ეკუთვნოდა, არამედ მის დას). თუმცა, უკვე 2024 წლის ზაფხულში, უსმანოვის გერმა თურქეთიდან რუსეთში მოახერხა ახალი იახტის, „ზოეს“ შეყვანა. იმავე წლის გაზაფხულზე ედუარდ ხუდაინატოვმა რუსეთში კიდევ ერთი იახტა "ლა პერლა" შეიყვანა.

როცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, რუსეთის 25 უმდიდრესი მეწარმის ერთობლივი ქონება 100 მილიარდ დოლარზე მეტად შემცირდა, ის სტაბილურად იზრდებოდა და 2025 წლის დასაწყისისთვის, Bloomberg-ის გათვლებით, 347 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG