Accessibility links

მსოფლიო
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
როგორ ცდილობენ შუა აზიაში გვარების დერუსიფიკაციას

როგორ ცდილობენ შუა აზიაში გვარების დერუსიფიკაციას


უზბეკეთი, ტაშკენტი
უზბეკეთი, ტაშკენტი

ცენტრალური აზიის ქვეყნებში რამდენიმე წელია გვარებისა და მამის სახელების დერუსიფიკაციას ცდილობენ. თუმცა ზოგან პირიქითაც ხდება.

უზბეკეთი

უზბეკეთში სახელებისა და გვარების ტრადიციული ფორმით დაწერა დამოუკიდებლობის მიღების (1991 წელი) შემდეგ დაიწყეს.

1995 წლის კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“ უზბეკეთის მოქალაქეს, მიუხედავად ეროვნებისა, უფლებას აძლევს, სახელი, მამის სახელი და გვარი ეროვნული და ისტორიული ტრადიციების შესაბამისად დაწეროს.

ამ პროცედურას მინისტრთა კაბინეტის დადგენილება არეგულირებს. სახელისა და გვარის შეცვლა შეუძლიათ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეც, იმ შემთხვევაში, თუ ის „ყურს ცუდად ხვდება“ ან „ეროვნებას არ ემთხვევა“.

მართალია ამის გაკეთება რთული არ არის, მაგრამ ბევრი არ იყენებს შესაძლებლობას. ყველაზე მეტად ეს ტენდენცია ახალშობილების მამის სახელებზე აისახება. დაბოლოებების „ოვიჩ“ და „ოვნას“ ნაცვლად ძეზე წერენ „უღლი“, ასულზე - „ქიზი“.

ბლოგერი ტაშკენტიდან სარდორ სალიმი მიიჩნევს, რომ უზბეკეთში ეს პროცესი მაინც ზედმეტად ბიუროკრატიულია. ამის გამო მან ტრადიციული გვარი ბავშვებს კი მისცა, მაგრამ თავად ისევ სალიმოვად რჩება.

ბლოგერი მიიჩნევს, რომ დერუსიფიკაციის პროცესი „სამოქალაქო ნაციონალიზმს“ უკავშირდება. ეს იდეა უზბეკეთში უფრო „სეკულარულ ინტელიგენციას“ მოსწონს, ის კი უმცირესობაშია.

ასტანა, ყაზახეთი
ასტანა, ყაზახეთი

ხელისუფლება სახელების დერუსიფიკაციისადმი დიდ ინტერესს არ იჩენს. ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი, ვინც გვარის შეცვლაზე წავიდა, არის უზბეკეთის უნივერსიტეტის რექტორი - იყო შერზოდ თაჯიდინოვიჩ ქუდრათხოჯაევი, გახდა - შერზოდხონ თოჯიდდინხონ უღლი ქუდრათხოჯი.

„ჩვენ ვერ განვვითარდებით, სანამ ეროვნულ ღირსებას არ შევიგრძნობთ“, - თქვა მან.

ალიშერ ილჰამოვი, ლონდონში კვლევითი ცენტრის, Central Asia Due Diligence-ის დირექტორი, მიიჩნევს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უზბეკეთსა და შუა აზიის სხვა ქვეყნებში კიდევ უფრო მეტად ცდილობენ, გადავიდნენ ტრადიციულ გვარებზე.

ყაზახეთი

1996 წელს ყაზახეთში გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანება „გვარსა და მამის სახელთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“. ამის მიზეზი „მრავალი მოქალაქის მიმართვა“ გახდა, მიზანი კი - „ყაზახური გვარებისა და მამის სახელების ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციების მიხედვით ჩაწერის პრაქტიკის დანერგვა“.

ბრძანების მიხედვით, ყაზახებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ სახელები და გვარები შეიცვალონ, თუმცა არ უნდა გამოიყენონ ყაზახური ენისთვის უცხო აფიქსები. ასევე უნდა შეინარჩუნონ გვარისა და მამის სახელის ფუძეები.

ასტანაში მცხოვრებმა ყაზახმა მსახიობმა ბაუირჟან მუჰამედულიმ გვარი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე შეიცვალა. თქვა, რომ უნდოდა სსრკ-ის თავსმოხვეული წესებისგან რაც შეიძლება მალე გათავისუფლებულიყო.

ყაზახი ჟურნალისტი ღაზიზა უზაქი მას ეთანხმება და ამბობს, რომ საბჭოთა ნორმების მიზანი ერებისა და ენების ერთი იდეოლოგიის ქვეშ გაერთიანება გახლდათ.

„სინამდვილეში ეს ასიმილაციის ნაწილი იყო. ყველამ ვიცით, რომ იმ დროს გვარები ფაქტობრივად საბუთების მომზადებისას გადაიწერებოდა ხოლმე. ყაზახური გვარები წინაპრების სახელს ასახავდა, თაობებს აკავშირებდა ერთმანეთთან. ისინი კი ავტომატურად ყველას რუსულ დაბოლოებას ამატებდნენ, რითაც გვარს საწყისს შინაარსს აცლიდნენ“, - ამბობს ღაზიზა უზაქი. მან თავის გვარს სუფიქსი „ოვა“ 2012 წელს მოაშორა.

მისთვის მაგალითი იყო ყაზახი მწერალი, მეორე მსოფლიო ომის გმირი, ბაუირჟანა მომიშული. უზაქი ამბობს, რომ საბჭოთა დროს ბევრს ეცადნენ, გვარი მომიშევით შეეცვლევინებინათ, მაგრამ მწერალი უარზე დადგა.

„ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. გვასწავლიდნენ, რომ ყაზახი ერის ისტორიისთვის, ტრადიციებისთვის პატივი უნდა მეცა. ამ გადაწყვეტილებამდე დიდხანს მივდიოდი. ბავშვობიდან მესმოდა, როგორ არასწორად გამოთქვამდნენ ჩემს გვარს - რუსულში ასო „ღ“ არ არსებობს. ყოველთვის მწყინდა, როცა მახვილს არასწორად სვამდნენ ან გვარს აბრუნებდნენ“, - გვიყვება ღაზიზა.

ჟურნალისტს გვარის შესაცვლელად ბევრი არ უწვალია. მოსახლეობის მომსახურების ცენტრს მიაკითხა, განცხადება დაწერა და ყველაფერი ოპერატიულად გააკეთეს.

ღაზიზა ამბობს, რომ თანამედროვე ყაზახეთში ეროვნულ გვარებთან დაბრუნების ტრადიცია სულ უფრო მზარდია.

„ახალგაზრდობა თავის ნამდვილ გვარებს იბრუნებს. ჩვენთვის ეს მხოლოდ საბუთების შეცვლა არაა. ეს არის საშუალება ვაჩვენოთ, რომ ფესვები გვახსოვს, ისტორია, ენა, - ამბობს ღაზიზა, - ეს არის სიმბოლო ჩვენი მისწრაფებისა, აღვადგინოთ ეროვნული იდენტობა. ის წლების განმავლობაში წნეხის ქვეშ იყო“.

ყირგიზეთი

ყირგიზეთში ფესვებთან დაბრუნების თემა განხილვის საგანი მაშინ გახდა, როდესაც პარლამენტის სპიკერმა ნურლანბექ შაკიევმა გვარი შეიცვალა და ნურლანბექომ თურგუნბექ უულუ გახდა.

2025 წლის დასაწყისში მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი სათაურით: „მე თურგუნბექის ვაჟი ვარ, ყირგიზის ვაჟი“. წერდა, რომ გვარის გამოცვლა მისი დიდი ხნის ოცნება იყო, სურდა ტრადიციები და ეროვნული იდენტობა შეენარჩუნებინა.

ყირგიზეთი
ყირგიზეთი

ყირგიზი სალიმა კაპარი, რომელიც ახლა ჩეხეთში სწავლობს, 2021 წლამდე ჯითიბაევა იყო. მისი ახლანდელი გვარი მამის სახელისგან არის ნაწარმოები.

„ბავშვობაში მეკითხებოდნენ: „ვისი გოგო ხარ?“„მამას რა ჰქვია?“ მეც წესისამებრ ვპასუხობდი: „კაპარის გოგო ვარ“. ჩვენთან ასეა მიღებული. მაშინ გვარს არავინ გეკითხებოდა. მეც და ჩემს ოჯახსაც მამის სახელით გვიცნობდნენ. ამ დროს ყველა საბუთში ჯითიბაევად ვეწერე. გვარსაც ხშირად არასწორად წარმოთქვამდნენ, შეცდომით წერდნენ. ეროვნულ ფორმასთან დაბრუნება იდენტობის შესანარჩუნებლად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - ამბობს სალიმა.

ყირგიზეთში გვარის შეცვლა საკმაოდ იოლია. მოსახლეობის მომსახურების ცენტრში სულ ორჯერ მისვლაა საჭირო - განცხადების დასატოვებლად და ახალი პასპორტის წამოსაღებად.

თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყირგიზეთში გვარების რუსიფიკაციის პროცესი ხელახლა იწყება. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს სუფიქსებზე „ოვ(ა)“ და „ევ(ა)“ უარი თქვა 198-მა მამაკაცმა და 125-მა ქალმა. გაცილებით მეტია, ვინც ეს სუფიქსები, პირიქით, დაიმატა - 2022-2023 წლებში ასეთი 12 ათასი ყირგიზი იყო.

მიზეზად ექსპერტები ასახელებენ იმას, რომ ყირგიზები მასობრივად მიდიან რუსეთში სამუშაოდ. მიგრანტები ამბობენ, რომ რუსეთის სახელმწიფო მოხელეები ვერ ახერხებდნენ იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, რომელთა გვარებს ბოლოში „უულუ“ ან „ქიზი“ ერთვის.

ქაირათი იმ ყირგიზებს შორისაა, ვინც გვარი შეიცვალა. მიზეზი მასაც იგივე ჰქონდა, საზღვარგარეთ ცხოვრების გამარტივება. ამის გამო ზამირბექ უულუ 2008 წელს ზამირბექოვი გახდა.

„9 კლასი რომ დავამთავრე, შესაძლებლობა მქონდა, გვარი შემეცალა. მაშინ ჩვენს კლასში მოდა იყო, ყველა „უულუ“ „ოვი“ გახდა, „ქიზი“ კი - „ოვა“. ყველა ნათესავი თუ ახლობელი ამბობდა, რომ თუ საზღვარგარეთ წავიდოდი, პრობლემები შემექმნებოდა, ვერ გაარჩევდნენ, სად გვარი იყო, სად - სახელი. მეც ავდექი და შევიცვალე“, - ჰყვება ქაირათი.

ტაჯიკეთი

ტაჯიკეთში გვარის დაბოლოების შეცვლა მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც 2007 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა ემომალი შარიპოვიჩ რახმონოვმა სახელი და გვარი გადაიკეთა და ემომალი რახმონი გახდა.

მას ბევრმა თანამდებობის პირმა მიბაძა, მათ შორისაა გენპროკურორი იუსიფ რახმონი (ყოფილი რახმონოვი), საგარეო საქმეთა მინისტრი ხამროხონ ზარიფი (ყოფილი ზარიპოვი), იუსტიციის მინისტრი რუსთამ შოხმუროდი (ყოფილი მენგლიევი).

მაგრამ ყირგიზეთის მსგავსად დროთა განმავლობაში პროცესი აქაც უკუღმა წავიდა. იმის გამო, რომ რუსეთში რეგისტრაციისა და სამსახურში აყვანის პრობლემებს აწყდებოდნენ, ბევრმა ტაჯიკმა ისევ რუსული დაბოლოებები დაიბრუნა.

ემომალი რახმონი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი
ემომალი რახმონი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი

2014 წელს ტაჯიკეთის გენპროკურორმა შერხონ სალიმზოდამ შეშფოთება გამოთქვა, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი გვარებს კვლავ რუსულ სუფიქსებს უმატებს. მან ეს საგანმანათლებლო სისტემის ნაკლოვანებებითა და პატრიოტიზმის დაბალი დონით ახსნა.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ ტენდენციას სახელმწიფო დონეზე შეებრძოლოს.

2020 წელს ტაჯიკეთში რუსული სუფიქსები აკრძალეს. ამის შემდეგ ახალშობილების სახელებსა და გვარებს ტაჯიკური სუფიქსებით წერენ: „ზოდ“ და „ზოდა“ (ვაჟი და ქალი), „ფურდუხთი“ და „ფარი“. ეს სუფიქსები ადგილისადმი ან ჯგუფისადმი მიკუთვნებულობაზე მიანიშნებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG