აშშ-მ დაფინანსება შეუწყვიტა იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული კვლევის ლაბორატორიის სპეციალისტების გუნდს, რომელიც ღია წყაროების ტექნოლოგიას იყენებდა დაკარგული ბავშვების კვალის საპოვნელად და ინფორმაციის კიევისთვის გადასაცემად,
იელის ჰუმანიტარული კვლევის ლაბორატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათანიელ რეიმონდმა, რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურ ინტერვიუში უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება „კატასტროფული დარტყმა“ იყო რუსეთის მიერ მოტაცებული დაახლოებით 35 ათასი ბავშვის ადგილმდებარეობის კვლევის მცდელობისათვის.
უკრაინელი ჩინოვნიკები და აქტივისტები ამბობენ, რომ გააგრძელებენ მათი ძებნისა და სახლში დაბრუნების მცდელობას, მაგრამ აღიარებენ, რომ იელის ჯგუფისათვის დაფინანსების შემცირება მათ ამოცანას ბევრად გაართულებს.
კატერინა რაშევსკა, კიევში მოქმედი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებების რეგიონული ცენტრის სამართლის ექსპერტი ამბობს, რომ ბავშვების ძებნისა და უკრაინული უწყებებისთვის ინფორმაციის გაზიარების გარდა, ლაბორატორია ცნობადობას სძენდა უკრაინის კამპანიას ბავშვების სახლში დაბრუნების შესახებ.
„ძალიან აქტიურები იყვნენ ადვოკატირების მცდელობაში, მონაწილეობას იღებდნენ შესაბამის კონფერენციებში, ილაპარაკეს გაეროს უშიშროების საბჭოზე. ეს იყო ყოვლისმომცველი აქტივობა“, - თქვა მან.
რაშევსკა და მისი ორგანიზაციის სხვა წევრები მონაწილეობას იღებენ საიმისო მტკიცებულებების შეგროვებაში, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და სხვა რუსმა მაღალჩინოსნებმა პასუხი აგონ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანანო დეპორტაციისთვის.
ომის დანაშაული
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების თანახმად, ბავშვების ძალით მოტაცება და დეპორტაცია ომის დანაშაულია. ეს გენოციდადაც შეიძლება ჩაითვალოს, თ მიზანი კონკრეტული ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის გაქრობაა, ამბობენ მკვლევრები.
2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდენი გასცა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასთან კავშირის გამო.
რუსეთი დანაშაულს უარყოფს და ამტკიცებს, რომ უკრაინელი ბავშვების ევაკუირებას ახდენს კონფლიქტის ზონებიდან, რათა ისინი ომისგან დაიცვას.
გუნდუზ მამადოვი, უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი, ამბობს, რომ იელის ლაბორატორიის მსგავსი ჯგუფებისათვის დაფინანსების შეწყვეტა არამხოლოდ უკრაინის შესაძლებლობებს ამცირებს მოტაცებული ბავშვების დასაბრუნებლად, არამედ ხელს უშლის მცდელობას, დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინამ დამოუკიდებლად გააგრძელოს მუშაობა [რუსეთის მიერ ჩადენილი] დანაშაულის გამოსაძიებლად და აღსარიცხად, კერძოდ კი ციფრული კრიმინალისტიკის, ღია წყაროების ანალიზისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეთოდების გამოყენებით“, - უთხრა მამადოვმა რადიო თავისუფლებას,
იელის ლაბორატორია ბავშვებზე ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებდა ღია წყაროებს, როგორიცაა სატელიტური სურათები, სოციალური მედია და რუსული გამოცემები.
„ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს, ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ბავშვების დაბრუნებაში, ისევე სამართლიანობისთვის“, - თქვა მან.
მაგრამ იმედი ბოლომდე არ დაკარგულა. მისი ადმინისტრაციის მიერ იელის ჯგუფისათვის დაფინანსების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაკარგული ბავშვების საკითხი მის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას წამოჭრა, სადაც საუბარი იყო რუსული აგრესიის დასრულების გზებზე.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ჰკითხა პრეზიდენტ ზელენსკის იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც უკრაინაში ომისას დაიკარგნენ, მათ შორის იმათზეც, ვინც მოიტაცეს. პრეზიდენტმა ტრამპმა დადო პირობა, რომ ორივე მხარესთან მჭიდროდ ითანამშრომლებს, რათა ეს ბავშვები სახლში დაბრუნდნენ“, - თქვა თეთრმა სახლმა 19 მარტს ზარის შეჯამებაში.
ტრამპის სამშვიდობო მომლაპარაკებლები რუსებს ერ-რიადში შეხვდებიან 24 მარტს.
„რუსიფიკაციის“ ისტორია
რუსეთის მიერ უკრაინიდან მოტაცებული ბავშვების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
2023 წელს უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი ამბობდა, რომ დაახლოებით 150 ათასი ბავშვი წაიყვანა უკანონოდ ოკუპანტმა ძალამ.
ზელენსკის მიერ წამოწყებული ინიციატივის, Bring Kids Back UA-ს თანახმად, მხოლოდ 1236 ბავშვი დაბრუნდა.
რუსეთს უკრაინის ხელისუფლებისთვის არ გადაუცია იმ ბავშვების სია, რომლებიც ქვეყნიდან ძალით გაიყვანეს.
კიევის თანახმად, რუსეთში ბავშვებს „რუსიფიკაციას“ ახდენენ, ხელახლა აძლევენ განათლებას და უკრაინის წინააღმდეგ ტვინს ურეცხავენ.
არსებობს ცნობები რუსული ოჯახების მიერ ბავშვების უკანონოდ შვილად აყვანის შესახებ. ბევრი „ახალი მშობელი“ ბავშვებს სახელს უცვლის და შლის მათ უკრაინულ იდენტობას.
მოსკოვის ომი უკრაინული იდენტობის წინააღმდეგ ასეულობით წლის წინ იწყება. მეფის რუსეთი და საბჭოთა რეჟიმი რეპრესიებს ატარებდა უკრაინული ენის წინააღმდეგ, უკრაინელებს ასიმილაციას აბრალებდა და ეთნიკურად უკრაინელებს ოფიციალურ საბუთებში რუსებად არეგისტრირებდა.
რუსეთს დანაშაულებრივი ქმედებები მხოლოდ იდენტობის წართმევით არ მთავრდება. იელის ლაბორატორიის თანახმად, არსებობს დოკუმენტირებული შემთხვევები, როცა ბავშვებზე „ფიზიკურად ძალადობდნენ, უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში მათ ოჯახებთან კომუნიკაციაზე და არასათანადო წვდომას აძლევდნენ საკვებსა და მზრუნველობაზე რუსეთში წაყვანის შემდეგ“.
იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული კვლევის ლაბორატორია უკრაინის კონფლიქტის სადამკვირვებლო პროგრამის ნაწილია, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახსრებით შეიქმნა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რადიო თავისუფლებას 18 მარტს დაუდასტურა, რომ „უკრაინის კონფლიქტის სადამკვირვებლო პროგრამის დამფინანსებელი გრანტი“ შეჩერდა.
ფორუმი