Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
წელზევით შიშველი ტურისტი და ტყვია ფეხში - რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში

წელზევით შიშველი ტურისტი და ტყვია ფეხში - რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში


გაგრაში დაშავებული ტურისტი. ფოტოილუსტრაცია.
გაგრაში დაშავებული ტურისტი. ფოტოილუსტრაცია.

2024 წლის ნოემბერში რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისგან. მაშინ სოხუმში საპროტესტო გამოსვლები იყო, რასაც დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის გადაწყვეტილებას გადახედა. მაგრამ გაგრაში მომხდარმა უსაფრთხოების თემა ისევ წინ წამოსწია.

მარტის დასაწყისში აფხაზეთში ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი აირჩიეს. ის ყოფილი დე ფაქტო პრემიერი ბადრა გუნბა გახდა. არჩევანი მოსკოვს მოეწონა და გაფრთხილება უკან წაიღო. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მაინც შეახსენა უსაფრთხოების ელემენტარული წესები, მაგალითად, ის, რომ ღამე და საშიშ ადგილებში სიარულს მოერიდონ და ადგილობრივ ტრადიციებს პატივი სცენ.

13 მარტს გაგრაში რაც მოხდა, დღისით მოხდა, მაგრამ ჩანს, ადგილობრივ ტრადიციებსა და კანონს ნამდვილად შეეხნენ. წელზევით შიშველმა რუსმა ქალაქში გასეირნება გადაწყვიტა, ამის გამო მას ჯერ შენიშვნა მისცეს, შემდეგ კი ფეხში ტყვია დაახალეს.

ბელოზოროვების ოჯახი და მათი მეგობარი გაგრაში ისვენებდნენ. აფხაზეთში ეს მათი პირველი სტუმრობა არ ყოფილა, მაგრამ, როგორც ჩანს, კანონის ბოლო ცვლილებები არ გაუთვალისწინებიათ. 2023 წელს აფხაზეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საცურაო კოსტიუმით გამოჩენა და წელზევით შიშველი სიარული აიკრძალა. ჯარიმაც დაწესდა, დაახლოებით 6000 რუბლი (80 დოლარამდე).

ზღვაზე დასვენების შემდეგ კონსტანტინ ბელოზოროვმა გადაწყვიტა, ახლომდებარე კაფეში წყალი ეყიდა. გადავიდა მაისურის გარეშე. ადგილობრივებმა მას კანონი მკაცრად შეახსენეს და მოსთხოვეს, შენობა დაეტოვებინა. სასტუმროსკენ მიმავალმა გადაწყვიტა, ახლა სხვა მაღაზიაში შეევლო, მაისური ისევ არ ეცვა. ტურისტებს უკან ადგილობრივი მამაკაცების ჯგუფი მისდევდა. კონფლიქტი მალე ჩხუბში გადაიზარდა.

„დაიწყო ღრიალი: „ეი, რუსო, გააფრინე? რა გგონია, სად ხარ, რომელ ქვეყანაში? შიშველი რას დადიხარ? აქ დედაჩემი დადის. თუ ამ ქვეყანაში ჩამოხვედი, აქაური წესები დაიცავი“. კოსტიამ უთხრა, მოდი, ნორმალურად დავილაპარაკოთო, მაგრამ უკვე აზრი აღარ ჰქონდა“, - ჰყვება ოლესია ბელოზოროვა რუსულ გამოცემა „ფონტანკასთან“.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო. ტყვია კონსტანტინს ფეხში მოხვდა. როგორც ბელეზოროვა ამბობს, თავდამსხმელები არც ამას არ შეუჩერებია, ცემას აგრძელებდნენ. მათი მეგობარი გაიქცა, რომ საშველად ვინმესთვის დაეძახა.

„აქეთ-იქით ვიხედები, სურათი ასეთია: ორნი ვართ და კაცებიდან ერთ-ერთი ამბობს: „მომე ტელეფონი, მომე“. არ ვიცი, ძალა საიდან მომეცა, მაგრამ ტელეფონი არ დავთმე. კოსტიასიც თან წამოვიღე. მერე ერთმა: „მომე ტელეფონი, ჩათლახო, რა გადაიღე?“ - იხსენებს ბელოზოროვა.

კონსტანტინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მიიყვანა. იქ პირველი დახმარება აღმოუჩინეს. მთელი ეს დრო ტურისტებთან ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. ისინი ოლესიას ხან პოლიციელებად გაეცნენ, ხან გაგრის ადმინისტრაციის თანამშრომლებად. როდესაც გაირკვა, რომ კონსტანტინის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა, ის სოხუმში გადაიყვანეს.

როგორც ბელეზოროვა კიდევ ერთ რუსულ გამოცემასთან, „78.რუ-სთან" იხსენებს, ერთ-ერთმა, ვინც თავი თანამშრომლად გააცნო, სთხოვა, გადაღებული ვიდეოები წაეშალა. შესთავაზეს დაეწერა, თითქოს მისი ქმარი ზღვაში ბანაობისას შემთხვევით წვეტიან რკინას წამოედო.

„უსაფრთხოდ რომ ვყოფილიყავით, ექიმს ვუთხარით, არ დაეწერა, რომ ეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა იყო. სხვა ქვეყანაში ვართ, არავის ვიცნობთ, გაუგებარია გარშემო რა ხალხი გვახვევია... ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რუსეთში მოვხვედრილიყავით“, - ამბობს ბელოზოროვა „ფონტანკაში“.

ამბავს მხოლოდ მაშინ მოჰყვა, როდესაც მისი ქმარი სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ახლაც მძიმედაა.

რუსული მედია მომხდარის შესახებ წერს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა კი ისევ დუმს. გაგრის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იურა ხაგუში ოფიციალურ კომენტარს არ იძლევა. აფხაზური პრესა ვარაუდობს, რომ ხაგუში შესაძლოა, ამ ამბავში იყოს გარეული. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იტყობინებიან, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მომხრეების ჯგუფი სოჭში გაემართა, რათა დაშავებულის ცოლი აიძულონ, სროლის შესახებ დაივიწყოს.

„შეეშინდა დაესახელებინა, ვინ ესროლა მის ქმარს, „ადგილობრივებიო“, მხოლოდ ეს თქვა. მისი გაგება შეიძლება. დაინტერესებულმა მხარემ მიაკითხა და „აუხსნა“, თუ რა შედეგს გამოიღებს გულწრფელი ჩვენება“, - წერს აფხაზური გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“.

მომხდარიდან ორი დღის განმავლობაში არც ე.წ. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც სხვა დე ფაქტო უწყებები ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებდნენ. „ნუჟნაია გაზეტას“ მიხედვით, გაგრის დე ფაქტო ადმინისტრაციის პრესცენტრმა განაცხადა, რომ ინფორმაცია დაჭრილი ტურისტის შესახებ ოპოზიციის შემოგდებული ფეიკი იყო, დესტაბილიზაციისთვის და „ადმინისტრაციული რაიონის ხელმძღვანელის წინააღმდეგ კამპანიის“ ასაგორებლად მოგონილი.

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 15 მარტის შემდეგ გამოაქვეყნა პატარა ინფორმაცია, მაშინ, როცა პრესაში სოჭის საავადმყოფოდან პირველი რეპორტაჟი გამოჩნდა. უწყებამ გამოაცხადა, რომ „გაგრაში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო“. მაგრამ დე ფაქტო სამინისტროს ვერსიით, ეს ცეცხლსასროლი ჭრილობა კი არ იყო, არამედ „მჩხვლეტავი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა“.

ტელეგრამ-არხებისა და აფხაზური ოპოზიციის თვალსაზრისით, ახალი ხელმძღვანელობის დუმილი მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ ამ საქმის ჩაფარცხვა უნდათ. მათი ინფორმაციით, ამ საქმეში ახალარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის, ბადრა გუნბას უახლოესი თანამებრძოლები მონაწილეობენ - საუბარია იური ხაგუშზე.

„რუსეთის ხელისუფლებასაც არ აძლევს ხელს ეს ამბავი. გამოდის, რუსეთის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა კანდიდატს, რომლის გარემოცვაშიც ბანდიტები არიან. იური ხაგუშს თავისი „გმირული“ სია აქვს გაგრის მცხოვრებლებზე თავდასხმისა. 19 იანვარს მიხაილ გოლოვინს დაესხა თავს. სცემეს და ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

16 თებერვალს იური ხაგუში თავის მოჩხუბარ ტიპებთან ერთად გაგრის მკვიდრს სამველ დაშიანს დაესხა თავს. ისიც სცემეს და მასაც დაემუქრნენ. მთავარი ისაა, რომ ყოველი ასეთი თავდასხმის შემდეგ ხაგუში დაშავებულების ახლობლებს აიძულებდა, მომხდარის საწინააღმდეგო ჩვენება მიეცათ“, - წერს „აფხაზური პორტალი“.

აფხაზურმა ოპოზიციამ კი გაიხსენა, რომ სულ ახლახან, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, აფხაზეთში ხელოვნურად აბუქებდნენ, თითქოს მოსახლეობაში ანტირუსული განწყობა მატულობდა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ მომხდარი ერთგვარი გამოცდაა დე ფაქტო ხელისუფლებისთვის, რომლის სათავეშიც ახლა კრემლის ფავორიტი ზის.

„აფხაზეთში კანონი მართლაც ყველასთვისაა, თუ ნებას ვაძლევთ, შერჩევითად ჩაიდინონ მძიმე დანაშაულები და დაუსჯელები დარჩნენ? სამართალდამცავებს ვთხოვთ, ახლავე გამოიძიონ მომხდარი. გვინდა გამჭვირვალობა, თავდასხმის გარემოებების გაშუქება და მკაფიო პასუხები ყველა იმ სტრუქტურიდან, რომლებიც მომხდარზე არიან პასუხისმგებელი.

აფხაზურმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლება დანაშაულს ხელს არ დააფარებს, მიუხედავად მასში მონაწილე ადამიანებისა“, - ნათქვამია რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში.

ბოლო პერიოდში აფხაზეთის კრიმინალური ქრონიკა თითქმის ყოველდღიურად ახლდება. გაგრაში მომხდარიდან სამი დღეც არ იყო გასული, რომ „აიაშარამ“ინფორმაცია გაავრცელა ორ სოხუმელზე. ისინი საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. მეორე დღეს სოფელ ლიხნში ისევ სროლა ატყდა. ისევ ორნი დაიჭრნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 13-17 მარტს აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში ცეცხლსასროლი ჭრილობებით ხუთი ადამიანი მიიყვანეს. ოფიციალური ინფორმაცია ამ შემთხვევებთან დაკავშირებით ან არ მოიპოვება, ან ძალიან მწირია. აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიოდე სიტყვას მხოლოდ მაშინ წერს, როდესაც შემთხვევის შესახებ პრესით ხდება ცნობილი.

ამავე დროს, აფხაზეთი ტურისტული რეკორდისთვის ემზადება. ტურისტული ინდუსტრიის რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ზაფხულს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან 2,5 მილიონი ტურისტი ჩავა. მაგრამ გაგრაში მომხდარმა შესაძლოა, კვლავ კითხვის ქვეშ დააყენოს, რამდენად უსაფრთხოა დასვენება აფხაზეთში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG