ადგილობრივი წყაროების თანახმად, კორუფციისა და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე, სტამბოლის მერის გარდა, ამ დროისთვის, სულ ცოტა, 100 ადამიანია დაკავებული - მათ შორის, მედიის, ბიზნესის წარმომადგენლები, სტამბოლის მერიის თანამშრომლები. აქციების დაწყების შემდეგ, ინფორმაციის გავრცელების გამო, რამდენიმე ბლოგერი დააკავეს.
„ხედავ, შენმა ბოროტებამ როგორ გაავსო მოედნები? ჩასვი ციხეში იმდენი, რამდენიც გინდა, ჩაიდინე იმდენი ბოროტება, რამდენიც გინდა. ექრემი [იმამოღლუ] პრეზიდენტი - ეს რწმენის, სიმტკიცის და ბრძოლის სულია. ერთი ექრემი [იმამოღლუ] მიდის, აი როგორ მოდის ასობით ათასი ექრემი“, - „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ [CHP], X-ზე აქვეყნებს ვიდეოს, თუ როგორ მიმართავს პარტიის თავმჯდომარე, ოზგურ ოზელი ქვეყნის პრეზიდენტს - ხალხმრავალ მიტინგზე გამოსვლისას.
ოზელი რეჯეპ ტაიპ ერდოანს ეუბნება, რომ ქუჩების ხალხით ავსება სწორედ მისი პოლიტიკის დამსახურებაა და არა ოპოზიციის.
როგორც გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალები მოწმობს, მასშტაბური აქციები ყოველ საღამოს იმართება - მერიის შენობების წინ, სტამბოლში თუ სხვა ქალაქებში, მათ შორის - ანკარაში, იზმირში, ანტალიასა თუ ბურსაში. 19 და 20 მარტის მსგავსად, სტამბოლში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს 21 მარტსაც.
როგორც იტყობინებიან, აქციები ხმაურიანია, მაგრამ მშვიდობიან სახეს ატარებს. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ მაინც გამოიყენა სპეციალური საშუალებები - ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. ოფიციალური ცნობებით, დაშავებულთა შორის 6 სამართალდამცველია.
მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც უკვე ათ წელიწადზე მეტია სტამბოლში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვითარება საკმაოდ სახიფათოდ გამოიყურება და შესაძლოა იოლად გადაილახოს ზღვარი, როდესაც დაპირისპირებას დიპლომატიითა და საუბრით ვეღარ მოაგვარებ.
ირაკლი კაკაბაძე აქციების კიდევ უფრო გაფართოებასა და გაძლიერებას მოელის. მისი ვარაუდი რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა: თურქეთში ძლიერი ფინანსური და ეკონომიკური კრიზისია, რაც ხელისუფლების მიმართ ხალხის უკმაყოფილებას უკვე დიდი ხანია ზრდის; ხოლო ამჟამად დაკავებული ექრემ იმამოღლუ ნამდვილი ლიდერია საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის - ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ სტამბოლში.
“როდესაც პოლიტიკოსს ხალხი ირჩევს ან ხდება თანამდებობის პირი, მისი რეიტინგი, როგორც წესი, თანდათან იკლებს, მაგრამ სტამბოლის მერის შემთხვევაში რეიტინგი მუდმივად იმატებს. ასეთი ფორმით დაჭერის ფაქტი მის რეიტინგს კიდევ უფრო ზრდის.
იმამოღლუს ქარიზმატულობას ხშირად ადარებენ [რეჯეპ ტაიპ] ერდოანისას, მმართველობის პირველი წლებში. მაგრამ ამ ქარიზმატულობის გარდა, იმამოღლუს აქვს რაღაც საოცარი ენერგია - დღის განმავლობაში შეიძლება ოც სხვადასხვა ადგილას გამართოს შეხვედრები და ღონისძიებები. ყველაფერს არის მოდებული”, - ირაკლი კაკაბაძე გვეუბნება, რომ ექრემ იმამოღლუს ხალხთან ურთიერთობა უყვარს, გულისხმიერებითაც გამოირჩევა და დიდწილად სწორედ ეს განაპირობებს მის პოპულარობას.
სტამბოლის მერის მიმართ მხარდაჭერა ძლიერი პროტესტით გამოხატეს სტუდენტებმა, მის დაჭერამდეც, როცა 17 მარტს მას სტამბოლის უნივერსიტეტმა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი გაუუქმა. თურქეთის გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიღებული ამ გადაწყვეტილებით, იმამოღლუს გზა მოუჭრეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ, რადგან თურქეთის პრეზიდენტს დიპლომი უნდა ჰქონდეს. ბოლო დღეებშიც, პროტესტი თავად ხალხმა წამოიწყო.
“როგორც განვითარებული მოვლენებიდან ჩანდა, პარტია [CHP] მაინც თავს იკავებდა ქუჩაში გამოსვლისგან, რადგან მაინც ჯერ კიდევ არის არეულობისა და პოლიციასთან შეტაკებების შიში, მაგრამ ის წინ ვეღარ აღუდგა ქვევიდან - მოსახლეობიდან და სტუდენტებიდან - წამოსულ პროტესტს და ქუჩის აქციებში ჩაბმა პოლიტიკოსებსაც მოუწიათ”, - ეუბნება ირაკლი კაკაბაძე რადიო თავისუფლებას.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა თურქეთში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე ქართველს , თუმცა პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე - მათ საუბარი არ ისურვეს. გვითხრეს, რომ, შესაძლოა, ყველაფერი ისმინება და ზედმეტი პრობლემები არ სურთ.
იმამოღლუს მხარდამჭერი განცხადებების გავრცელების გამო ადამიანებს იჭერენ, მაგრამ სოციალურ ქსელებში ამ ტიპის განცხადებებს მაინც მრავლად ვხვდებით.
- „ექრემ იმამოღლუ დაიჭირეს როგორც მერი, მაგრამ ციხიდან გამოვა როგორც გმირი“;
- „არ გვეშინია, თურქი ერი იმამოღლუს გვერდშია“;
- „ყველანი გარეთ უნდა გამოვიდეთ, პროტესტი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს“;
- „ჩვენი ქვეყანა შერცხვენილია ვიღაცის ზიზღის გამო. საფონდო ბაზარი იშლება, დოლარი ძლიერდება“;
- ხალხი ხელისუფლებაზე ძლიერია. არავის შესწევს ძალა გადააბიჯოს ხალხის ნებას“.
მძიმე ბრალდებებით დაჭერილ სტამბოლის მერს ექსპერტები რეჯეპ ტაიპ ერდოანის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად თვლიან - რადგან იმამოღლუ ერდოანზე მაღალი რეიტინგით სარგებლობს და 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის რეალურ ჩამნაცვლებლად განიხილება. 2024 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა - დღეს ბევრისთვის ცხადია, რომ ოპოზიციას თურქეთში ერდოანის ხელისუფლებაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
“მიმდინარე პროტესტის მსგავსი არ მახსენდება 2013 წლიდან, როცა იყო “გეზის პარკის” პროტესტი, მაგრამ მაშინ ოპოზიცია შედარებით სუსტი იყო და არ არსებობდა კოორდინაცია პარტიებსა და ხალხს შორის. ასევე, მაშინ თურქეთი ბევრად წარმატებული და ეკონომიკურად ძლიერი იყო. ეს ფაქტორები ახლა ერდოანის მმართველობის საწინააღმდეგოდ მუშაობს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თურქეთის საკითხების სპეციალისტი ქამრან მამედოვი.
თურქეთში ამჟამად მიმდინარე პროცესებს მამედოვი ვერც 2016 წელს ადარებს, როცა ერდოანის ხელისუფლებამ ათასობით მეტოქე დაიჭირა და სამსახურიდან გაათავისუფლა, ე.წ. არშემდგარი გადატრიალების მოტივით, რადგან იმ პერიოდში - „ძალიან ძლიერი იყო ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობა“; თუმცა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების პროცესი გააგრძელოს.
როგორც იუწყებიან, დაკავების რისკის წინაშეა დედაქალაქ ანკარის მერი - მანსურ იავაში, რომელიც ექრემ იმამოღლუს მტკიცე თანამოაზრე და ასევე „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერია.
ადგილობრივი წყაროების თანახმად, „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ [CHP] 6 აპრილს რიგგარეშე ყრილობის ჩატარებას გეგმავს, მანამდე კი, 23 მარტს, მთელ თურქეთში, მასშტაბური კენჭისყრისთვის ემზადებიან.
თუკი მერის დაჭერამდე არსებული გეგმით CHP-ში შიდაპარტიული პრაიმერიზი უნდა გაემართათ და ექრემ იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად დაესახელებინათ, ახლა უკვე - იმამოღლუს კანდიდატურის მხარდაჭერის შესაძლებლობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მსურველს მიეცემა.
„ყველა დიდ ქალაქში და რაიონში საარჩევნო ყუთებს დგამენ, ერთი ყუთი იქნება პარტიის წევრებისთვის, ხოლო მეორე - ყველა დანარჩენისთვის. ეს იქნება სახალხო კენჭისყრა, საპრეზიდენტო არჩევნების ერთგვარი რეპეტიციაც და ერთგვარი სოციალური გამოკითხვაც იმის საჩვენებლად, თუ რამდენი ადამიანი უჭერს მხარს იმამოღლუს კანდიდატურას“, - გვეუბნება ირაკლი კაკაბაძე.
პარალელურად, გარკვეული დაძაბულობაა თავად CHP-ის გარშემოც. გარკვეული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები ღიად მოუწოდებენ დაჭერილი მერის მხარდამჭერებს, რომ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატურა შეარჩიონ და ასევე გამოცვალონ პარტიის მმართველი რგოლი. ასეთ მოწოდებებს ვხვდებით სოციალურ ქსელებშიც.
სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ თურქეთის პოლიციამ 19 მარტს, 07:30 საათისთვის, საკუთარ სახლში დააკავა.
ფორუმი