Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პირველი არხი: თანამშრომელთა მცირე ნაწილის განცხადებები ვერ დარჩება რეაგირების გარეშე

პირველი არხი: თანამშრომელთა მცირე ნაწილის განცხადებები ვერ დარჩება რეაგირების გარეშე


თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი
თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ვერ დატოვებენ რეაგირების გარეშე იმ თანამშრომლების განცხადებებს, რომლებშიც საუბარია ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ეს არის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭომ არხის მენეჯმენტს რამდენიმე ჟურნალისტის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვა ურჩია.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლების (საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები – GPB Guardians) მცირე ნაწილის მხრიდან, რომლებიც უერთდებიან მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, არაერთხელ დაირღვა შრომითი ხელშეკრულების პირობები, ასევე მაუწყებლის შრომის შინაგანაწესი (რომელიც ხელშეკრულების ნაწილია). მათ მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე“, - წერია განცხადებაში.

ამ განცხადებამდე სამი დღით ადრე, 21 მარტს, ტელევიზიის ახალ შენობაში შეიკრიბა სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა ისე, რომ განსხვავებული აზრის მქონე არცერთი მეურვე არ დასწრებია სხდომას. შეკრებილებმა არხის თანამშრომლების, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის შესახებ იმსჯელეს.

ვასილ მაღლაფერიძემ, გრიგოლ (გია) მურღულიამ, გიორგი კოხრეიძემ, თამილა დოლიძემ, ბონდო მძინარაშვილმა, იზებელა ოსიპოვამ, გიორგი იაკობაშვილმა და სოსო სტურუამ პროკურატურის ჩართულობა და აღნიშნული ჟურნალისტების საქმის შესწავლა მოითხოვეს.

„სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ შეფასებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი“, - წერია პირველი არხის მენეჯმენტის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ „მეოთხე თვეა [...] საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ აქტიურად ხორციელდება მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია“.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია", რომელიც მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს,„მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დევნას არხის სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ“.

თანამშრომლები, რომელთა წინააღმდეგაც სამეურვეო საბჭომ პროკურატურისთვის მიმართვა მოითხოვა, მენეჯმენტმა კი ხელშეკრულებების გადახედვა დააანონსა, განსაკუთრებით აქტიურობენ საქართველოში დაწყებული პროევროპული აქციების შემდეგ - ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით. არხს ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკაში ადანაშაულებენ ის ადამიანებიც, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან ტელევიზიის შენობასთან.

უწყვეტი პროევროპული აქციები საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს - მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები სწორედ ამან გამოიწვია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG