Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არხი მიკერძოებულია, დაეთმოს ეთერი საჯარო დისკუსიებს - საზმაუს თანამშრომლების ნაწილის განცხადება


საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ერთი ნაწილი ავრცელებს საერთო განცხადებას, რომელშიც გმობს დემონსტრანტებზე ძალადობას, ემიჯნება „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეჩერებაზე და მოითხოვს, არხის ეთერები საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო დისკუსიებს დაეთმოს.

განცხადებას ხელს აწერს საზოგადოებრივი მაუწყებლის 60 (12:29) თანამშრომელი, მათ შორის წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. დოკუმენტი ღიაა ხელმოსაწერად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 28 ნოემბერს გაჟღერებული გადაწყვეტილება არღვევს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველყოფის კონსტიტუციით გამყარებულ ვალდებულებას.

„ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას, დევნას და დაპატიმრებას, ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით და ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას დავიცვათ ხალხის მიერ არჩეული, კონსტიტუციით გამყარებული აწმყო და მომავალი", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები ყურადღებას ამახვილებენ როლზე საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა განსაზღვრული, და მიაჩნიათ, რომ „სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად".

„საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საკუთარ ვალდებულებად მიგვაჩნია თავისუფალი სიტყვის დაცვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლები ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. ვგრძნობთ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მივესალმებით და მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დემონსტრანტები, რომლებიც ხუთი დღეა საქართველოს პარლამენტთან ქვეყნის პროევროპული კურსის მხარდამჭერ აქციებს მართავენ, საზოგადოებრივ მაუწყებელს ამბების მიკერძოებულად გაშუქებაში ადანაშაულებენ, რის პასუხადაც პირველი არხი ამბობს, რომ აქციები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ეთერის მოქალაქეებისთვის დათმობის მოთხოვნით საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ორჯერ გაიმართა. ორივეჯერ მოხერხდა შეთანხმება ტელევიზიის მენეჯმენტთან და ეთერი საჯარო დისკუსიებს დაეთმო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და არხის ჟურნალისტების ნაწილი არ ეთანხმებიან კრიტიკას, მიაჩნიათ, რომ ემსახურებიან მაუწყებლის იდეას და პროტესტიც ეთერში უწყვეტად გადაიცემა. საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ მათ ჟურნალისტებზე ზეწოლა ხორციელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG