სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9,4%-ით გაიზარდა. ეკონომისტები ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ტურიზმიდან გაზრდილ შემოსავლებს ასახელებენ.
2024 წელი ამ სფეროსთვის რამდენიმე რამის გამო იყო მნიშვნელოვანი. პირველი ისაა, რომ ტურისტების რაოდენობა პირველად დაუბრუნდა პანდემიის წინა, 2019 წლის მაჩვენებელს.
შესაბამისად, ტურიზმმა მეტი ფულიც შემოიტანა. 2024 წელს ტურიზმიდან შემოსული შემოსავლები 7,3%-ით გაიზარდა და 4,4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
2024 წელი საქართველოსთვის მშვიდი არ ყოფილა. გაზაფხულმა შემობრუნებული „აგენტების კანონისა“ და მასობრივი გამოსვლების ფონზე ჩაიარა. შემოდგომაზე დაძაბულობა მოჰყვა არჩევნებს, სიტუაცია კი განსაკუთრებით დაიძაბა წლის ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ძალადობის ფონზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტი მოჰყვა ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებებზე უარის თქმის შესახებ.
ერთი შეხედვით, არასტაბილურობას უარყოფითი გავლენა უნდა ჰქონოდა ტურიზმზე. მით უმეტეს, რომ წლის განმავლობაში დაძაბულობის ეპიცენტრი თბილისი იყო, რომელზეც ტურისტების ყველაზე დიდი წილი მოდის (2024 წელს საქართველოში ჩამოსულების 35,6% ეწვია თბილისს. მეორე ადგილზე იყო აჭარა 26,7%-ით).
მაგრამ მონაცემებს თუ ჩავხედავთ, სურათი უფრო კომპლექსურია. როგორც ჩანს, პოლიტიკურ არასტაბილურობას მართლაც ჰქონდა გავლენა ტურიზმზე, მაგრამ ეს ძირითადად ევროკავშირის მოქალაქეებს შეეხო. "საქართველოს ბანკის" ანალიტიკური ორგანიზაციის, „გალტ ენდ ტაგარტის“ კვლევის თანახმად, თუ წლის პირველ კვარტალში, როცა სიტუაცია მეტად მშვიდი იყო, ევროკავშირიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 40,9%-ით გაიზარდა, მომდევნო ოთხ კვარტალში მათმა რაოდენობამ საშუალოდ 1,8%-ით მოიკლო.
ევროპელი ტურისტების დაკარგვა კი ეკონომიკას ძვირად უჯდება - სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირიდან შემოსული ტურისტი საშუალოდ იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე, მაგალითად, რუსი ან თურქი.
„გალტ ენდ ტაგარტის“ თანახმად, შარშან ყველა ტრადიციული ბაზრიდან შემცირდა შემოსავლები - ევროკავშირის გარდა, ეს ეხებოდა მეზობელ ქვეყნებს. ამის მიუხედავად, გასულ წელს ყველაზე მეტი ტურისტი მაინც რუსეთიდან და თურქეთიდან შემოვიდა. შემოსავლებიც, შესაბამისად, ამ ორი ქვეყნიდან იყო ყველაზე მაღალი.
2024 წელს ტურიზმმა აზიის ქვეყნების ხარჯზე მიიღო გაზრდილი შემოსავლები. ყველაზე დიდი ზრდა აღირიცხა ისრაელიდან (41,6% ზრდა წინა წელთან შედარებით), საუდის არაბეთიდან (21,2%) და ირანიდან (17,9%). შემოსავლებმა მოიმატა ინდოეთიდან, საიდანაც 2024 წელს პირდაპირი ფრენები დაიწყო და ჩინეთიდან, რომელთანაც შარშან უვიზო მიმოსვლა გაფორმდა.
რა მოხდება 2025 წელს? „გალტ ენდ ტაგარტი“ ვარაუდობს, რომ ტურიზმის შემოსავლები ისევ გაიზრდება, კვლავ აზიური ქვეყნების ხარჯზე, რომლებიც პოლიტიკური არასტაბილურობის მიმართ უფრო მდგრადია.
„პესიმისტურ სცენარშიც, არ ველოდებით მკვეთრ ვარდნას ტურისტების ჩამოსვლაში“, - წერია კვლევაში.
ფორუმი