Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ "ბათუმელი მედროშე“ დააჯარიმა

ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ "ბათუმელი მედროშე“ დააჯარიმა


ფოტოკოლაჟი: ნინო ნადირაძე და თემურ ქათამაძე
ფოტოკოლაჟი: ნინო ნადირაძე და თემურ ქათამაძე

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2800 ლარით დააჯარიმა „ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი]. მას პასუხისმგებლობა დააკისრეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობის) მუხლით.

„მას ვედავებით სიტყვიერ შეურაცხყოფას სამედიცინო პერსონალის მიმართ. ასევე გენერალური დირექტორის მისამართით, დედის მისამართით იყო გინება... ქალბატონი ნინო [ნადირაძე] აფიქსირებს ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილსაც. ის მიუთითებს, რომ ბატონმა თემურმა ფეხი აიქნია მისი მისამართით, თუმცა სამართალდარღვევის ფარგლებში ამის განხილვა არ მოხდება“, - თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა.

ნინო ნადირაძეს ფართო საზოგადოება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმ შოუდან“ იცნობს - ის წლებია ამ გადაცემის თანაწამყვანია.

თემურ ქათამაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პრეტენზიები ჰქონდა კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომლებთან:

„საათების განმავლობაში ითხოვდა ყურადღებას ექიმების მხრიდან, რასაც ვერ იღებდა... მოწმეები საუბრობდნენ, რომ თითქოს მას ჰქონდა ხმამაღალი ტემბრი, აგრესიული დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ“.

თემურ ქათამაძე, რომელიც საზოგადოებაში „ბათუმელი მედროშის“ სახელით არის ცნობილი, 11 იანვრის შემდეგ პატიმრობაშია:

  • თემურ ქათამაძე თავდაპირველად 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
  • 16 იანვარს გათავისუფლებული თემურ ქათამაძე მყისიერად ისევ დააკავეს და შსს-ს მოთხოვნით, საემიგრაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.

მეორედ დაპატიმრების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 48-ე დღეს კი, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე ბათუმში საქართველოს დროშით ხელში იდგა - ჯერ კიდევ „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის დროიდან მოყოლებული, ბოლო, უწყვეტი აქციების ჩათვლით.

თემურ ქათამაძეს 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG