ლიანა ისაკაძე
5 ივლისს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა მევიოლინე ლიანა ისაკაძე.
ლიანა ისაკაძე სამი წლიდან უკრავდა ჯერ ფორტეპიანოზე, შემდეგ კი ვიოლინოზე. უგამოცდოდ მიიღეს მოსკოვის კონსერვატორიაში. 1965 წელს მოიპოვა პირველი გამარჯვება ჟაკ ტიბოს (პარიზი) საერთაშორისო კონკურსზე. შემდეგ იან სიბელიუსის (ჰელსინკი) და პიოტრ ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსების ლაურეატი გახდა.
1990 წელს გერმანიაში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც დღეს „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით გამოდის. 1992 წელს ინგოლშტადტში მუსიკალური აკადემიაც დააარსა.
„ძალიან ბევრი მუსიკოსი შესანიშნავად უკრავს, მაგრამ მათ შესრულებას ზებუნებრიობა, ღვთაებრიობა აკლია. ლიანა ამით იყო განსაკუთრებული. ლიანას აფეთქება, ვარსკვლავური კაშკაში შეერთებული გემოვნებასთან, პროფესიონალიზმთან... ასეთი ტანდემი ძალიან იშვიათია, - ამბობს დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი ლიანა ისაკაძეზე, - იმ თაობის მუსიკოსებისგან განსხვავებით, ლიანა არასდროს აგროვებდა ქონებას. სრულიად თავისუფალი იყო ამ ვნებებისგან. მას არ ამძიმებდა რაღაცები, ამიტომაც ჰქონდა ღვთაებრივი ბგერა. ძალიან უბრალო ადამიანი იყო, ლაღი და გულუხვი“.
2017 წლიდან ლიანა ისაკაძე თბილისში ცხოვრობდა. ის მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
მედეა ლორთქიფანიძე
9 აგვისტოს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე. ის ხალხმა ყველაზე მეტად „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ დაიმახსოვრა, სადაც წუწუნა და ქოთქოთა მანანას როლს ასრულებდა.
ამ როლზე რომ მიიწვიეს, მსახიობი 73 წლის იყო და სანამ სერიალის გადაღება შეჩერდებოდა, თამაშობდა.
გულიკო ჩაფიძე
20 მაისს გარდაიცვალა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე. მას ღირსების ორდენებსა და სახელმწიფო პრემიებს შორის, ასეთი ჯილდოც ჰქონდა - „საუკუნის ექიმი“. არის 4 მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
1997 წლიდან გულიკო ჩაფიძის სახელს ატარებს გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი, რომლის გენერალური დირექტორიც თავად გახლდათ.
ლევან თედიაშვილი
17 თებერვალს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი.
ის იყო ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიოსა და სამგზის ევროპის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ასევე მსოფლიო თასის მფლობელი (1973), მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).
საქართველოში სამჯერ დასახელდა წლის საუკეთესო სპორტსმენად. იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.
ლევან თედიაშვილი ხალხმა ასევე დაიმახსოვრა ფილმიდან „ხარება და გოგია“, სადაც მან მთავარი როლი (გოგია) ითამაშა.
რამაზ გოგობერიშვილი
21 იანვარს, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა კალათბურთელი რამაზ გოგობერიშვილი.
რამაზ გოგობერიშვილს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 17 მატჩი აქვს ჩატარებული. სხვადასხვა დროს თამაშობდა „რუსთავში“, „დინამოში“, საბერძნეთის „პაოკსა“ და „მენტში“, პორტუგალიის „ავეიროში“.
კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა მწვრთნელად. იყო საკალათბურთო კლუბ „რუსთავის“ ვიცე-პრეზიდენტი.
ხათუნა კოტრიკაძე
15 თებერვალს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე. ის მაყურებელმა ყველაზე მეტად დაიმახსოვრა ფილმებიდან: „მხიარული რომანი“ და „მოიტაცეს თამარ ქალი“.
მსახიობმა პირველი როლი 15 წლის ასაკში ითამაშა, სოსო ჩხაიძის ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“. დაქორწინების შემდეგ სამსახიობო კარიერა აღარ გაუგრძელებია.
არჩილ ბადრიაშვილი
თანამედროვე ქართული ალპინიზმის ვარსკვლავად წოდებული, „ოქროს წერაყინის“ მფლობელი 34 წლის ალპინისტი 10 აგვისტოს მწვერვალ შხელდაზე დაიღუპა. მახლობლად ჩამოვარდნილმა მეხმა ალპინისტი ადგილიდან მოწყვიტა.
არჩილი იმით იყო გამორჩეული, რომ ჯერ გაუვლელი მარშრუტებით იპყრობდა მწვერვალებს. მას ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი ექსპედიცია ინდოეთის ჰიმალაებში ჰქონდა: აუსვლელ მწვერვალ ნანდა შორიზე (6344 მ) და რთულ და ლამაზ მწვერვალ ჩანგუჩზე (6322 მ). 2023 წელს კი პატაგონიაში (არგენტინა-ჩილე), ჩალტენის მასივის უმაღლეს მწვერვალ Cerro Fitz Roy-ზე იყო პირველი ქართული ექსპედიციის მონაწილე თემურ ქურდიანთან ერთად.
ვაჟა აზარაშვილი
7 თებერვალს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი.
ვაჟა აზარაშვილი წერდა სიმფონიურ და საესტრადო ნაწარმოებებს, მუსიკას სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის. მისი დაწერილია სიმღერები: „თბილისური ლირიკული“, „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „დინამო, დინამო“ და სხვა.
1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, ღირსების ორდენი.
სოსო ჯაჭვლიანი
გედია ფილმიდან „ნატვრის ხე“ - მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი 8 თებერვალს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
სოსო ჯაჭვლიანი თამაშობდა ფილმებში: „ნატვრის ხე“, „ფესვები“, „თეთრი ბაირაღები“. იყო მკლავჭიდელიც, მოგვიანებით მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი. 2012 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი პარტიიდან „ქართული ოცნება“.
ტრისტან სარალიძე
27 მაისს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე.
მისი ყველაზე პოპულარული როლი არის გიგილო კომედიიდან „სიყვარული ყველას უნდა“. რუსთაველის თეატრის სცენაზე შესრულებული აქვს როლები: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“), შაქრო („კაცია ადამიანი?!“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“), მეათე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“).
თენგიზ ცერცვაძე
1 აგვისტოს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
თენგიზ ცერცვაძე იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი. განსაკუთრებით გამოირჩეოდა კოვიდპანდემიის დროს. დასავლურმა პრესამ მას, პაატა იმნაძესა და ამირან გამყრელიძეს კოვიდთან მებრძოლი სამი მუშკეტერი უწოდა.
2020 წელს, პანდემიასთან ბრძოლის გამო, თენგიზ ცერცვაძესა და კიდევ რვა ექიმს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ.
გივი შაჰნაზარი
გივი, გიგუშა შაჰნაზარი - ერთ-ერთი უკანასკნელი ძველი თაობის ლიტერატორებიდან - 23 სექტემბერს 91 წლისა გარდაიცვალა. იგი თარგმნიდა პოეზიას სხვადასხვა ენიდან, ძირითადად, სომხურიდან და რუსულიდან.
გივი შაჰნაზარმა ქართულად თარგმნა პარუირ სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“, კაროლ ვოიტილას (იოანე პავლე II) დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“, ნაწყვეტები გრიგოლ ნარეკაცის „გოდებათა მატიანიდან“, ასევე, აფხაზური და ოსური პოეზია, საიათნოვას ლექსები.
2015 წელს გივი შაჰნაზარს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 2021 წელს გადაეცა პრემია „საბა“, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ბაჩუკი ქარდავა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა 27 დეკემბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბაჩუკი ქარდავა 1989 წლიდან იყო ედპ-ის წევრი, 2003 წლიდან კი - პარტიის თავმჯდომარე. 2020-24 წლების მოწვევის პარლამენტში ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით ირიცხებოდა.
ბოლო პერიოდში მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებში მაინც მონაწილეობდა.
გია ხარჩილავა
2 ნოემბერს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა. 2021 წელს წალენჯიხა ერთადერთი თვითმმართველი თემი იყო, სადაც მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.
„როცა თავისუფლება გაქვს და თან ხალხის მოთხოვნას ასრულებ, ეს ძალიან ამყარებს კავშირს ადამიანებთან. ასეთი ისტორია მაშინ იწერება, როცა რეალურად არის არჩეული თვითმმართველობა, გადაწყვეტილებები ვერტიკალური სისტემით არ მიიღება და როცა არჩეული ადამიანები ამომრჩევლის ნებას გამოხატავენ. მაშინ ყველაფერი გამოდის“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას 2022 წლის ივლისში.
ზაალ სამადაშვილი
2 ნოემბერს გარდაიცვალა მწერალი ზაალ სამადაშვილი. 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ლიტერატურული პრემია „გალას“ დამფუძნებელი.
ზაალ სამადაშვილი პროზაიკოსი იყო, ძირითადად წერდა მოთხრობებს. მას ეკუთვნის წიგნები: „იუნკერ ერისთავის ბუცები“, „გიტარაზე ამოთქმულ ხრინწიან სიმღერასავით“, „როგორც ძველ იტალიურ ფილმებში“, „ალი გამურულ შუშაში“, „ბოშები“, „პლეხანოვური ამბები“, „როგორ უყვარდათ ერთმანეთი“, „სანდრო კანდელაკის ჩექმა“, „მოთხრობები ბიჭებისთვის“.
ბოლო პოსტი, რომელიც ზაალ სამადაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხება: „ჩემ მეამბოხე, ოლიგარქთან შეურიგებელ თბილისს გაუმარჯოს. ბრძოლა ბოლომდე! არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდე“.
გიორგი ლაფერაშვილი
ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი რამდენიმე კვირის მკურნალობის შემდეგ 2024 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ის „ფორმულაში“ მუშაობდა.
2022 წლის ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე, გიორგი ლაფერაშვილი „ფორმულას“ ეთერში ამბობს: „თითქმის არ ყოფილა დრო, როდესაც ჩვენ ქუჩაში გამოვდიოდით ჩვენი ევროპული არჩევანის დაცვის მოტივით. სწორედ ეს ხდება ახლა. მე ვარ აქ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადო ჩემს კოლეგებს, ამ პროფესიას. მინდა, რომ ამ ქვეყანაში ეს პროფესია კიდევ არსებობდეს, ამ ქვეყანში ევროპა არსებობდეს, ამ ქვეყანას მომავალი ჰქონდეს და ეს ფანჯარა შესაძლებლობების სულ უფრო და უფრო პატარავდება“.
ფორუმი