Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველო უკან წავიდა“ - როგორ დაშორდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირს


ავტორიტეტული ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ხელისუფლება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს სულ უფრო უარესად იცავს.
ავტორიტეტული ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ხელისუფლება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს სულ უფრო უარესად იცავს.

2023 წლის ბოლოს საქართველო EU-ში გაწევრიანების კანდიდატი გახდა. ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირთან მისი დაახლოება ორმხრივადაა გაჩერებული. 2024 წელს, საქართველოში ასევე შესუსტდა ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი ორი ბურჯი: ადამიანის უფლებების დაცვა და პრესის თავისუფლება.

ოღონდ მათ დასუსტება გაცილებით ადრე დაიწყო.

ევროინტეგრაციის უკუსვლა

„გილოცავ, საქართველო!“ - თქვა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 2023 წლის 15 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო.

მაშინ იგი თავისუფლების მოედანზე პრემიერ ირაკლი კობახიძის გვერდით იდგა. დინამიკებიდან ჯერ საქართველოს, შემდეგ კი ევროკავშირის ჰიმნი გაისმა - ბეთჰოვენის „ოდა თავისუფლებას“.

დღეს ჰერჩინსკის საქართველოსთვის აღარაფერი აქვს მოსალოცი. „წელს საქართველო უკან წავიდა“, - ამბობს იგი.

ევროინტეგრაცია ბრიუსელმაც და თბილისმაც გაყინეს, ელჩი კი არ გამორიცხავს, საქართველომ შეიძლება ევროკავშირთან 7 წლის წინ მოპოვებული უვიზო მიმოსვლა დაკარგოსო.

საპასუხოდ, ირაკლი კობახიძე ჰერჩინსკის „დიპლომატიურ რეაგირებას“ ჰპირდება, თუკი ის „ქცევას არ შეიცვლის“.

2023 წლის ბოლოს, კანდიდატის სტატუსთან ერთად იყო დათქმა. ევროკავშირი ელოდა, რომ საქართველო დროულად შეასრულებდა ცხრა პირობას და დაიწყებდა გაწევრიანების მოლაპარაკებებს.

დღეს „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ბრიუსელი აშანტაჟებს და ძალისმიერი გზით ცდილობს თბილისში ხელისუფლების შეცვლას.

როგორ მივიდა ქვეყანა აქამდე?

„ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მიიღო ორი კანონი: ე.წ. უცხოეთის აგენტების და „ლგბტ პროპაგანდის“ შესახებ.

შემდეგ ჩაატარა არჩევნები, რომლის შედეგებიც, ევროკავშირის წევრთა შორის, აღიარეს მხოლოდ უნგრეთმა და სლოვაკეთმა.

„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე, პოლიციამ კი სცემა ამ გადაწყვეტილების ასეულობით მოწინააღმდეგეს.

სახალხო დამცველის თანახმად, რიგ შემთხვევებში დაკავებულებისადმი მოპყრობა წამებას უტოლდებოდა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები კი მიუთითებენ, რომ პოლიციურ ძალადობას, „სავარაუდოდ, სადამსჯელო“ ხასიათი ჰქონდა.

უკუსვლა ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიაში

მაგრამ ეს არ ყოფილა იზოლირებული შემთხვევები.

ბოლო წლების ტენდენცია ასეთია: ხელისუფლება არღვევს ადამიანის უფლებებს და თავს ესხმის უფლებადამცველებს.

სექტემბერში, გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მერი ლოლერმა თქვა, რომ უკვე 2023 წლის ბოლოს საქართველო „უფსკრულის პირას იდგა“ უფლებადამცველების დაცვის კუთხით, 2024 წელს კი „ვითარება საგრძნობლად გაუარესდა“.

აპრილსა და მაისში, მათ, ვინც ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებდნენ, უცნობი პირები თავს ესხმოდნენ, სცემდნენ და ემუქრებოდნენ.

დაშავებულებს შორის იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადამცველებიც.

არცერთი დამნაშავე პასუხისგებაში არ მიუციათ.

ხელისუფლება უფლებადამცველებს უწოდებს მოღალატეებს, რაც ახალისებს მათზე თავდასხმებს. მისი განცხადებები, „როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - თქვა ლოლერმა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ თავისუფლების რეიტინგში საქართველოს 100-დან 58 ქულა აქვს. 2017 წლიდან მოყოლებული, მან 6 ქულა დაკარგა.

„ფრიდომ ჰაუსი“ საქართველოს „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნად და „ჰიბრიდულ რეჟიმად“ თვლის.

რეიტინგი დგება იმის მიხედვით, თუ რამდენად დაცულია ქვეყანაში პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები.

მაგალითად, რამდენად სამართლიანია არჩევნები, ან რამდენად უსაფრთხოდ შეუძლიათ ადამიანებს შეკრება და საკუთარი შეხედულებების გამოხატვა.

„საქართველოში რეგულარულად ტარდება კონკურენტუნარიანი არჩევნები, ფუნქციონირებს აქტიური მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სექტორები“, - ნათქვამია 2023 წლის შემაჯამებელ ანგარიშში.

მაგრამ, საქმე ისაა, რომ 2020 წლის არჩევნების შესახებ ეუთო წერდა, რომ ის „იყო კონკურენტული და, საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური უფლებებისადმი პატივისცემით ჩატარებული“.

აი, 2024 წელს კი, წერს, რომ დარღვევებმა „საბოლოო ჯამში, ძირი გამოუთხარა პროცესის სათანადოდ ჩატარებას“ და დარღვევების „ეფექტური გამოსწორების შესაძლებლობას“.

2024 წლის რეიტინგი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ დიდი ალბათობით ქულა გაუარესდება.

„იმის ნაცვლად, რომ მოესმინა მოქალაქეების გულისტკივილისა და უკმაყოფილებისთვის, საქართველოს ლიდერებმა აირჩიეს არალიბერალური, ანტიდემოკრატიული გზა“, - განაცხადა ორგანიზაციამ 5 დეკემბერს.

ხელისუფლება ადამიანის უფლებებს სულ უფრო უარესად რომ იცავს, ამაზე ლაპარაკობენ ავტორიტეტული ორგანიზაციები „ამნესტი ინტერნეიშენალი“ და „ჰიუმან რაითს ვოჩი“.

უკუსვლა პრესის თავისუფლებაში

170 ქვეყანას შორის, საქართველო 103-ა პრესის თავისუფლების ინდექსში, რომელიც ეკუთვნის მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ავტორიტეტულ ორგანიზაციას „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.

„გარემო კვლავ მტრული რჩება დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, იზრდება სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე“, - წერდნენ „რეპორტიორები“ მაისში.

მას შემდეგ, ხელისუფლებამ „მიიღო კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზაციას და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას“.

უკანასკნელ პროევროპულ დემონსტრაციებზე კი სამართალდამცველები უკვე გამიზნულად ძალადობდნენ ჟურნალისტებზე.

საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსში უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა. უკრაინა მე-60-ა, მოლდოვა 31-ე.

მართალია, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, პრესის ინდექსი უმჯობესდებოდა, მაგრამ ახლა იგი თითქმის დაუბრუნდა 2012 წლის ნიშნულს.

როგორც ჩანს, უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ტენდენცია 2025-შიც გაგრძელდება.

პრეზიდენტად ინაუგურაციისთანავე, მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა მთელ რიგ კანონებს, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულს უწოდებენ.

სხვა ცვლილებებთან ერთად, ეს კანონები კრძალავს სახის დაფარვასა და პიროტექნიკის გამოყენებას საპროტესტო აქციებზე, დასაშვებს ხდის პრევენციულ დაპატიმრებას.

კანონები მიიღო პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებენ ოპოზიცია და მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG