Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი კანონებს, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევენ


მიხეილ ყაველაშვილმა 29 დეკემბერსავე მოაწერა ხელი კანონებს.
მიხეილ ყაველაშვილმა 29 დეკემბერსავე მოაწერა ხელი კანონებს.

მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი კანონებს, რომლებიც პარლამენტმა, - რომლის ლეგიტიმურობასაც სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, - 13 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო.

"საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" 2024 წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნდა რიგი კანონებისა, რომლებიც პარლამენტმა 13 დეკემბერს მიიღო და რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველები უწოდებენ „რეპრესიულს“, „შემზღუდავს“, „სადამსჯელოსა“ და „არადემოკრატიულს“.

იმ კანონებს შორის, რომლებსაც მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა, არის:

  • ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში - ითვალისწინებს აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის აკრძალვას და სხვა ნორმების შეზღუდვას;
  • ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში პიროტექნიკის ნაწარმის შენახვა-გამოყენების შესახებ; ასევე ცვლილება პროდუქტის უსაფრთხოების კანონში - რომელიც ასევე პიროტექნიკას ეხება;
  • შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილება - სახის დაფარვის და პიროტექნიკის სროლის შესახებ;
  • პოლიციის კანონი - ცვლილება შსს-ში მუშაობის დაწყებას ამარტივებს გარკვეული კატეგორიის თანამშრომელთათვის;
  • ცვლილებები სახელმწიფო დაცვის კანონში, - რის საფუძველზეც სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება;
  • ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული ელემენტის წილი იზრდება;
  • ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში - ამ ცვლილებებით, უფლებადამცველების თქმით, პოლიტიკური ნიშნით დასაქმებულთა გათავისუფლება მარტივდება.

რა შედის ძალაში დღეიდან?

ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი კანონების ნაწილში მითითებულია, რომ ისინი ხელმოწერისთანავე შედის ძალაში, ნაწილისათვის კი სხვადასხვა პერიოდია განსაზღვრული.

არის შემთხვევები, როდესაც ძალაში სხვადასხვა დროს შედის ერთი და იმავე კანონის სხვადასხვა პუნქტი.

რადიო თავისუფლებამ შეამოწმა ჩამოთვლილი კანონები და მათი ნორმები.

აი, ის ნორმები, რომლებიც 2024 წლის 30 დეკემბრიდან უკვე ძალაშია:

  • იკრძალება შეკრება-მანიფესტაციის დროს პიროტექნიკური ნაწარმის და ლაზერის გამოყენება - ჯარიმა 2 000 ლარი;
  • იკრძალება „სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა“ - ისჯება 2 000-ლარიანი ჯარიმით;
  • სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, - ჯარიმდება 1 000 ლარით და მართვის უფლების ერთი წლის ჩამორთმევით ისჯება;
  • საპროტესტო სტენსილის/წარწერის/პლაკატის უნებართვოდ განთავსება ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმდება 1000 ლარით - ნაცვლად აქამდე მოქმედი 50-ლარიანი ჯარიმისა; განმეორებით დაჯარიმება 2000- და 3000-ლარიან ჯარიმას უდრის;
  • შსს-ის „სისტემაში დადგენილი“ ფორმის ან „მასთან მიმსგავსებული ატრიბუტიკის“ უკანონოდ ტარება 2000 ლარით ჯარიმდება;
  • გზის გადაკეტვისას - თუ პოლიციამ ჩათვალა, რომ გადასაკეტად საკმარისი რაოდენობის დემონსტრანტი არ ყოფილა - გაზრდილია ადმინისტრაციული ჯარიმები - 5 000 ლარი ნაცვლად 500-ისა მონაწილეობისათვის, ხოლო „ორგანიზებისათვის“ - 15 000 ლარი 5 000-ის ნაცვლად).

ფორუმი

XS
SM
MD
LG