მაშინ, როცა რამდენიმე ტელევიზიის ეთერში მერიის კონცერტი გადაიცემოდა, დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი (რუსთაველი), პარლამენტის მიმდებარე სივრცე გადაკეტილი იყო. უკვე ერთ თვეზე მეტია მოქალაქეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. პარლამენტთან მივიდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ათასობით ადამიანი მრავალჟამიერის ფონზე შეხვდა ახალ, 2025 წელს.
მერიის ღონისძიებას, რომელიც 85 წუთამდე გაგრძელდა, 23:59 საათზე დაიწყო. მას ლიზა ბაგრატიონი და კახა მიქიაშვილი უძღვებოდნენ. თავდაპირველად მაყურებელმა თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვას მოუსმინა, შემდეგ კი უკვე საკონცერტო ნომრები იხილა.
კონცერტი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და „იმედის“ ეთერში, ასევე თბილისის მერიის ფეისბუკგვერდზე გადაიცემოდა. ამ დროს „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ აქციიდან პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდნენ.
კონცერტში მონაწილეობდნენ:
- ანსამბლი „ერისიონი“;
- ნატო მეტონიძე და ანსამბლი „შვიდკაცა“;
- რამაზ ჩიკვილაძე და „სამების საპატრიარქოს გუნდი“;
- ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე“;
- გორის სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ნინო წიკლაური);
- ნატო მეტონიძე და ანსამბლი „ჰერიო“;
- ანსამბლი „აფხაზეთი“;
- „თეატრალური კვარტეტი“;
- სოფო ხალვაში;
- ანსამბლი „შვიდკაცა“ და კონსტანტინე ყიფიანი;
- მიშო ჯავახიშვილი;
- „პატრიარქის ნათლულთა გუნდი“;
- ჯგუფი „ფორტე“;
- „თბილისის ქალთა გუნდი“;
- ანსამბლი „ალილო“;
- ანსამბლი „შვიკაცა“;
- „სამების საპატრიარქოს გუნდი“ სვიმონ ჯანღულაშვილის ხელმძღვანელობით;
- ანსამბლი „ჰერიო“.
თბილისის მერიის საახალწლო კონცერტზე სხვა ჯგუფები და მუსიკალური შემსრულებლები უნდა გამოსილიყვნენ. მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ ღონისძიებაში მონაწილეთა შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მათმა ნაწილმა თქვა, რომ უარს ამბობდა მასში მონაწილეობაზე.
ფორუმი