მათი დაღუპვის გამო ვითარება ისე დაიძაბა, რომ ხალხმა ჯერ სასწრაფო დახმარების მანქანა გადააყირავა, შემდეგ კი პოლიციასთან შეხლა-შემოხლა დაპირისპირებაში გადაიზარდა.
რა მოხდა ნახიდურში და რამ გააბრაზა ადგილობრივი მოსახლეობა ისე, რომ ადგილზე სპეცრაზმი მივიდა?
30 დეკემბერს, გვიან საღამოს, გავრცელდა ამბავი, რომ სოფელ ნახიდურთან ორ მოზარდს მანქანა დაეჯახა - ერთი ადგილზევე გარდაიცვალა. მეორე - მარნეულში „ავერსის“ კლინიკაში გადაყვანისას.
თვითმხილველების მონათხრობით, ვითარება ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიძაბა: ერთი ვერსიით, არეულობა მძღოლსა და თვითმხილველ ადგილობრივებს შორის შელაპარაკებით დაიწყო. ხალხი ამტკიცებდა, რომ მძღოლმა იქ მყოფებს შეაგინა. ჰყვებიან იმასაც, რომ ადგილობრივები მას შემდეგ გაბრაზდნენ, რაც იმ მანქანის მძღოლი, რომელიც ბავშვებს დაეჯახა სასწრაფო დახმარების მანქანაში დაინახეს. სასწრაფო დახმარების მანქანის გადაყირავების მიზეზიც ეს გახდა.
„იმ დროს, როცა ბავშვები ჯერ კიდევ მიწაზე იყვნენ, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი ჟურნალისტებთან საუბრისას, - ხალხს უნდოდა მისი გარეთ გამოყვანა და დასჯა“.
ვიდეოკადრებში, რომელიც რამდენიმე ტელევიზიამ გაავრცელა, ჩანს, რომ ხალხი სასწრაფო დახმარების მანქანის გარშემოა შეკრებილი და დაპირისპირება იქ გრძელდება.
შედეგად, ამ არეულობაში ათი ადამიანი დაშავდა. ბოლნისის კლინიკის ექიმების ცნობით, მათგან ორი საავადმყოფოში რჩება.
რადიო მარნეულის ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, რომელიც მომხდარს აშუქებდა, გვიყვება, რომ მისი ინფორმაციით, საღამოს, დაახლოებით 7-8 საათზე, ოთხი მოზარდი გზაზე მოდიოდა, როცა მათ ბოლნისიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომობილი დაეჯახა.
გზის მონაკვეთზე, როგორც ჟურნალისტი გვიყვება, არ არის არც გარეგანათება, არც ზებრა და არც ბარიერი, ე.წ. მწოლიარე პოლიციელი - მიუხედავად იმისა, რომ მჭიდრო დასახლებაა და ხალხი ამ გზას, რომელსაც ტროტუარი არ აქვს, ჩვეულებრივ იყენებს. იქვე ახლოს ხილის დახლები დგას. ავარიის თვითმხილველებიც სწორედ ხილის გამყიდველები არიან.
რადიო მარნეულიც იმოწმებს გამოცემა 24News.ge-თან სოფელ ნახიდურის მოსახლეობის ნათქვამს, რომლის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მანქანის მძღოლი შეურაცხმყოფლად იქცეოდა. და, რომ სასწრაფო დახმარებას დიდხანს ელოდნენ.
სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ეს არ არის პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ამ ადგილთან ახლოს მოხდა. გვიყვება, რომ გზისპირას შარშანაც დაეჯახა ავტომობილი ორ ბავშვს და ის შემთხვევაც ტრაგიკულად დასრულდა:
„თან იქ ბნელა, არც შემაფერხებელი ნიშანი დგას და მაინც სწრაფად დადიან. ეგ კიდევ ცალკე უბედურებაა“.
სამირაც, ამბის შემსწრეებთან საუბარზე დაყრდნობით ჰყვება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაწყებული არეულობის მიზეზი გახდა ის, რომ ხალხი ავტომობილის მძღოლის ქცევამ გააღიზიანა:
„ეს ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა, ფაქტობრივად, სოფლის ცენტრია, სულ მიდი-მოდიან ადამიანები. ახლოს არის ჩაიხანა, მაღაზიები და ცხადია, ხმაურზე ხალხი უცებ შეგროვდა და შემსწრეც ბევრი ჰყავდა ამ ამბავს. მე როგორც მითხრეს, ჯერ ერთი, რომ მანქანა ძალიან სწრაფად შემოვარდა და მერე, იმის მაგივრად, რომ თავი დამნაშავედ ეგრძნო, მძღოლმა აქეთ დაიწყო ლანძღვა და ვითარებაც ამიტომ დაიძაბა“.
ამას ემატება ისიც, გვეუბნება სამირა ბაირამოვა, რომ ხალხი პოლიციას არ ენდობა და არ მოელის, რომ საქმეს სამართლიანად გამოიძიებენ.
ნახიდურში მომხდარს თვალყურს ადევნებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომლის დირექტორი, თამთა მიქელაძე გვეუბნება, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ხალხს მიტოვებულობის, გარიყულობისა და უნდობლობის გამო არა აქვთ განცდა, რომ სახელმწიფო მათ გვერდითაა.
„სამწუხაროდ, სახელმწიფო ამ რეგიონებში მუშაობს მხოლოდ კონტროლის იარაღით. არ მუშაობს სამართლიანობისა და მათი უფლებების დაცვის თუ ინკლუზიის ინსტრუმენტებით. ამიტომაც ასეთი მდგომარეობა - გარიყულობის შეგრძნება განაპირობებს ხოლმე ასეთ ამბებს აფექტური და მძიმე მოვლენების დროს.
მეორე ამბავია ის, რომ ამ რეგიონში თემთა შორის გაუცხოება არის ძალიან მაღალი. სახელმწიფომ არასოდეს იმუშავა იმისთვის, რომ იქ მცხოვრები ქართველების, აზერბაიჯანელების და სომხების ცხოვრება იკვეთებოდეს და რაღაც თანაგაზიარებული საჯარო სივრცეები ჰქონდეთ... ამიტომ პატარა ამბავსაც კი მაშინვე აქვს ხოლმე ეთნიკური დატვირთვა“, - გვეუბნება თამთა მიქელაძე.
ცხელ კვალზეა დაკავებული ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 2003 წელს დაბადებული თ.ჩ., რომელსაც თან კიდევ ორი მგზავრი ახლდა. ცნობილია ისიც, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
შსს-ს ინფორმაციით, ვითარების დაძაბვის შემდეგ, ნახიდურში შეკრებილებმა გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი.
„მათ დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს“, - შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში ასევე წერია, რომ ადგილზე შეკრებილი ადამიანები ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების მგზავრებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს კი - მათი სამუშაოს შესრულებაში.
გამოძიება ასევე მიდის ნივთის დაზიანების, პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ძალადობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 126-ე და 353-ე პრიმა მუხლებით.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და განაცხადა, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევას სათანადო გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს.
მისივე სიტყვებით, „სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიმართ უმიზეზო აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო ფაქტი არ არის“ და სასწრაფო დახმარების მიმართ ასეთი დამოკიდებულებები „არ უნდა იყოს წახალისებული ან მოწონებული“.
ხოლო საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ის აქტიურად გააგრძელებს შემთხვევის მონიტორინგს.
„ყველა ბავშვს აქვს ფუნდამენტური უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც მოიცავს უსაფრთხო გზებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, პრიორიტეტი მიანიჭონ საგზაო უსაფრთხოების ზომების დანერგვასა და აღსრულებას, მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობას, სიჩქარის შეზღუდვას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები“, - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
ნახიდურთან გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს და სოფელ ნახიდურის მკვიდრებს საკუთარი ფეისბუკგვერდიდან სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
ფორუმი