შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ორი მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებულია მძღოლი, 21 წლის პირი. უწყების ინფორმაციით, დაკავებული ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ქვეითად მოძრავ ორ მოზარდს დაეჯახა. მათგან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში დაიღუპა.
შემთხვევას ადგილზე არეულობა მოჰყვა - ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების მანქანა, ასევე შეჯახებაში მონაწილე ავტომობილი გადააბრუნეს და მძღოლს, რომელიც ქვეითებს დაეჯახა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
24news.ge-სთან საუბარში თვითმხილველი ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც მძღოლი მოზარდებს დაეჯახა, იგინებოდა. მისივე თქმით, იგი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
იმავე გამოცემასთან საუბარში კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ სასწრაფოს მანქანა ამოაყირავეს მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ მათ დახმარება მძღოლს გაუწიეს და არა მოზარდებს.
"ჩვენი ორი მოზარდი დაიღუპა. ამ დროს, სასწრაფო მოდის, ნაცვლად იმისა, რომ ცხედრებს მიხედოს, იქნებ რომელიმე გადარჩეს, ორი მუშტი ვისაც მოხვდა, მაგას სვამენ სასწრაფოში და მასზე ზრუნავენ. ეს არაა ჩვენი შეურაცხყოფა? ამიტომაც სოფელ ნახიდურის მოსახლეობა შევიკრიბეთ და გადავაყირავეთ ეგ სასწრაფო. ღირსნი იყვნენ", - ჰყვება ის, 24news.ge-ს თარგმანის მიხედვით.
ბოლნისის სასწრაფო დახმარების სამსახურის ექთანი ანა აბრამიშვილი რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, რომ ადგილობრივებს სასწრაფოს მიმართ აგრესია ჰქონდათ, რადგან "ეგონათ, რომ ექიმებს ნაცემი მძღოლის ადგილიდან გარიდება უნდოდათ".
"როცა ერთმა ნაწილმა სასწრაფო მანქანის რყევა დაიწყო, მეორე ნაწილმა ბრიგადის წევრები მანქანიდან გადმოიყვანეს, თორე არ ვიცი რა მოხდებოდა. ასე გადარჩნენ ბრიგადის წევრები, მათ ფიზიკურად არავინ შეხებია. თუმცა ერთ-ერთი ექთანი ფეხმძიმედ იყო და სახლში გავუშვით, რადგან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო. გადაბრუნებული მანქანა კი ძალიან დაზიანდა. სულ სამი სასწრაფო მანქანა გვაქვს, ორიღა დაგვრჩა", - ჰყვება ექთანი.
არეულობის შედეგად, ბოლნისის ცენტრალურ საავადმყოფოში ცხრა დაშავებულია შეყვანილი. დაპირისპირება მოხდა დაღუპული ახალგაზრდებისა და მძღოლის ახლობლებს შორის.
ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს მიმღების ექიმმა ნანა სუბელიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი დაშავებული თბილისში გადაიყვანეს, დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაჟეჟილობა აქვთ და ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩებიან.
შსს-ს მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში წერია, რომ დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის.
მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ შეკრებილმა ადგილობრივებმა ასევე დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებსაც.
"შეკრებილი პირები, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების მგზავრებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ასევე, სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს, ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ", - წერია უწყების ინფორმაციაში.
მათივე თქმით, "სიტუაციის დეესკალაციის მიზნით", ადგილზე იყვნენ საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები.
შსს-ს ცნობით, დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა.
მოზარდების დაღუპვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფორუმი