Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ბიუჯეტი 2025 - როგორ დახარჯავს მთავრობა თქვენს ფულს?


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ანაზღაურება 10%-ით ეზრდებათ პოლიციელებს, სამხედროებს, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებსა თუ პირველადი ჯანდაცვის პერსონალს (ფოტოილუსტრაცია).
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ანაზღაურება 10%-ით ეზრდებათ პოლიციელებს, სამხედროებს, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებსა თუ პირველადი ჯანდაცვის პერსონალს (ფოტოილუსტრაცია).

2025 წლის მთავარი საფინანსო კანონი - სახელმწიფო ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ პარლამენტში 10 დეკემბერს, 88 ხმით დაამტკიცეს. გაზრდილია როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების ნაწილი; რიცხვებში დასავლელ პარტნიორებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მძაფრი დაძაბულობაც არის ასახული.

სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის შემცირებული უცხოური გრანტები. ევროკავშირის დახმარების ნაწილზე უარი, ნოემბერში, თავად „ქართულმა ოცნებამაც“ თქვა; ხოლო, წლის მიწურულს, სახელმწიფო ბიუჯეტს სანქცირებული მაღალჩინოსნების წინაშე პასუხისმგებლობაც დაამატა.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“; „2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს, პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

რას [არ] ითვალისწინებს 2025 წლის ბიუჯეტი

მთავარი საფინანსო კანონის მიხედვით, 2025 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გაანგარიშებული, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-ს შეადგენს.

დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად:

  • შემოსულობები [ყველა სახის შენატანი ბიუჯეტში], ჯამურად - 27 მილიარდ 560 მილიონი ლარია [2 მილიარდ 991 მილიონით მეტია - 2024 წლის გეგმასთან შედარებით].
  • გადასახდელები კი, ჯამურად [ბიუჯეტის ყველა ხარჯი] - 27 მილიარდ 942 მილიონი ლარი [იზრდება 895 მილიონი ლარით].

ინფლაციის საშუალო დონედ განსაზღვრულია - 1%; ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივი 3%-ის ფარგლებში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სიამაყით აცხადებს, რომ 10%-ით ზრდის ხელფასებს საჯარო სექტორში. შრომის ანაზღაურების მოცულობამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა; 2024 წელს ეს მაჩვენებელი 2 მილიარდ 577 მილიონი იყო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ანაზღაურება 10%-ით ეზრდებათ პოლიციელებს, სამხედროებს, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებსა თუ პირველადი ჯანდაცვის პერსონალს.

2025 წლის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმებულის საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1460 ლარით.

იზრდება პენსიაც: 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით; ხოლო ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება;

ნაწილობრივ გაზრდილია სამინისტროების დაფინანსება:

  • ჯანდაცვის სამინისტრო - 8 მილიარდ 820 მლნ ლარი [2024 წლის გეგმასთან შედარებით გაზრდილია თითქმის 991 მილიონი ლარით];
  • განათლების სამინისტრო - 3 მილიარდ 85 მლნ ლარი [2024 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 577 მლნ ლარით];
  • კულტურის სამინისტრო - თითქმის 298 მილიონი ლარი; ხოლო სპორტის სამინისტრო - 298 მილიონი ლარი [კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა];
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 3 მილიარდ 125 მლნ ლარი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 808.1 მილიონი ლარი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 947 მილიონი ლარი [146 მილიონით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს];
  • ფინანსთა სამინისტრო - 121 მილიონი ლარი;
  • იუსტიციის სამინისტრო - 442 მილიონი ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 215 მლნ ლარი [15 მილიონი დაემატათ - საელჩოების დაფინანსების ნაწილში];
  • თავდაცვის სამინისტრო - 1 მილიარდ 730 მლნ ლარი [2024 წლის გეგმას აღემატება 350 მილიონი ლარით];
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1 მილიარდ 395 მილიონი ლარი [2024 წლის გეგმაზე მეტია 135 მილიონით];
  • უსაფრთხოების სამსახური - 226 მილიონი;
  • სახელმწიფო დაცვის სამსახური - 110 მილიონი ლარი.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა, რომ „ბიუჯეტის ყველა მაკროფისკალური მაჩვენებლები ევროპული და ქართული კანონმდებლობით დადგენილ საუკეთესო პრაქტიკით განსაზღვრულ დონეზეა“.

თუმცა ექსპერტებისთვის თვალშისაცემია, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს თანდათან აკლდება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.

საერთაშორისო დახმარების კლება

„გრანტები, ანუ ნაჩუქარი ფული სახელმწიფო ბიუჯეტში ძალიან არის შემცირებული. დარჩენილია სადღაც 60 მილიონ ლარამდე, რაც არის უკვე დაწყებული დაფინანსების პროცესის გაგრძელება. ახალი გრანტები არ არის. რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი 300-400 მილიონზეც ადიოდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ბესო ნამჩავაძე, რომელიც საბიუჯეტო საკითხებს შეისწავლის.

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში გრანტები 2025 წელს თითქმის 200 მილიონს უტოლდება, თუმცა აქედან, დონორების დაფინანსება მხოლოდ 59 მილიონ 909 ათასი ლარია, ხოლო დანარჩენი 140 მილიონი - საბიუჯეტო სახსრებია.
  • 2024 წელთან შედარებით გრანტების მაჩვენებელი 66 მილიონი ლარით არის შემცირებული.

ბესო ნამჩავაძე მოელის, რომ მომავალ წლებში კლება გაგრძელდება მათ შორის - იაფი ინფრასტრუქტურული კრედიტების მოზიდვის კუთხითაც - დასავლური ქვეყნების გადაწყვეტილების ფონზე, რომ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო - შეწყვიტონ მთელი რიგი პროექტების დაფინანსება. მილიონები შეკვეცეს: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა, დანიამ, კანადამ. დაფინანსების შეწყვეტაზე არაერთი განცხადება გაკეთდა ევროკავშირიდან.

სულ ბოლოს 237 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსების შეწყვეტა გამოაცხადა გერმანიამ, მათ შორის შეჩერდა - მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ქსელისა და ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. გადაწყვეტილება 23 დეკემბერს გამოცხადდა. გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილი ასახულია 10 დეკემბერს დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტში.

ნულებია მონიშნული ევროკავშირის გრანტების გასწვრივ, რაზეც უარი თავად „ქართულმა ოცნებამ“. ეს ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, 28 ნოემბერს - ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების 4 წლით გადავადებასთან ერთად.

„პრემიერ-მინისტრმა რაც განაცხადა, ეს იყო საბიუჯეტო გრანტები, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ არავისზე არ არის მიმართული. ეს არის ბიუჯეტის საერთო ხარჯების დასაფინანსებლად. შემოსავლების ნაწილია და არა აქვს კონკრეტული დანიშნულება. წელს [2024] იყო 25 მილიონი დოლარის ფარგლებში, რის ჩამორიცხვასაც ველოდებოდით. მომდევნო წლის ბიუჯეტში ეს თანხა არ არის გათვალისწინებული. ბიუჯეტის ჯამურ მოცულობას თუ შევადარებთ, საკმაოდ მცირეა, თუმცა ეს იყო ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთი წყარო“, - განმარტა 9 დეკემბერს, ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

იმავე განხილვის მსვლელობისას, კაკაურიძე ცდილობდა აეხსნა „ქართული ოცნების“ პარლამენტარებისთვის, თუ რატომ ვერ ახერხებს ბიუჯეტი მათი სხვადასხვა თხოვნის დაკმაყოფილებას - სოფლების წყალმომარაგებისა თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსების მიმართულებით - ფული არ არის სამყოფიო.

2025 წლის ბიუჯეტში, მაგალითად, აღარ არის გათვალისწინებული განახლებული რეგიონების პროგრამა, რომლითაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში იწონებდა თავს, ხოლო მაღალმთიანი რეგიონების ფონდი ისევ 20 მილიონი დარჩა.

ეკონომისტების აზრით, უშუალოდ უცხოური დახმარების შეწყვეტა საბიუჯეტო პრობლემებს ვერ გამოიწვევს - ვთქვათ, რომ თანხები პენსიის ან ხელფასის გაცემას არ ეყოს; მაგრამ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის შემთხვევაში - სპეციალისტები ჯაჭვურ რეაქციას მოელიან.

„საერთაშორისო პარტნიორების დახმარება [გრანტი თუ იაფი კრედიტი] ჯერ კიდევ არის, მიმდინარე არ შეჩერდება, მაგრამ 2026 წლიდან საერთოდ არაფერი შემოვა. ძალიან დიდი რაოდენობის ფული დაიკარგება ბიუჯეტს გარეთაც, რაც განვითარებისთვის და მათ შორის - რაც ირიბად ლარის სტაბილურობასაც ხმარდებოდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი, რომან გოცირიძე. ის მოელის, რომ საერთაშორისო იზოლაციის პირობებში - თანდათან შემცირდება ინვესტიციები და, შესაბამისად - სამუშაო ადგილებიც; ხოლო ყველაფერი ჩამოინგრევა - თუკი საქართველოდან უცხოურმა კაპიტალმა დაიწყო გადინება.

სანქცირებულთა მხარდაჭერა - ბიუჯეტის ტვირთი?

20 დეკემბერს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების სანქცირების შემდეგ - ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სანქციებით მიყენებულ ზარალს საჯარო მოხელეებს სახელმწიფო აუნაზღაურებს:

„ეს არის პასუხი იმ ღირსეულ ქმედებებზე, რომელსაც ახორციელებენ შს სამინისტროს წარმომადგენლები. ეს არის ღირსებასა და ჰუმანურობაზე პასუხი. კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნებისმიერ ასეთ პირთან მიმართებით“.

ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო სანქცირებული „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა პერსონალური საფინანსო სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა. ექსპერტებმა მაშინ არ გამორიცხეს, რომ სანქცირებულთა კომპენსირების დაპირება, წინასწარ, სწორედ - ბიძინა ივანიშვილის გამო გაიცა.

ბესო ნამჩავაძისთვის წარმოუდგენელია, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ბიძინა ივანიშვილის ფინანსური შესაძლებლობების დაზღვევას გასწვდეს; ხოლო საქართველოს კანონმდებლობა ამ ეტაპზე სანქცირებულთა ფინანსური კომპენსაციის შესაძლებლობებს არ იძლევა.

„თუ ამას გააკეთებენ, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდებათ. შესაცვლელი იქნება პირველ რიგში თვითონ ბიუჯეტი, ასევე საბიუჯეტო კოდექსი და სხვა კანონებიც. ერთადერთი, შესაძლებელია თუ არა ეს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გააკეთონ?! საეჭვოა, იქიდანაც გაჭირდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბესო ნამჩავაძე.

მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა ბოლო წლებში უცვლელია და 90 მილიონ ლარს შეადგენს.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, 2024 წლის ბოლოსთვის, ბიძინა ივანიშვილის ქონება რეკორდულ მაჩვენებელს $7,5 მილიარდს, რაც თითქმის 21 მილიარდი ლარია.

2023 წლის სექტემბერში, როდესაც „[საქართველოში] რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო, აშშ-მა პირველი სანქციები დააწესა და მათი სამიზნე ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე გახდა, ეროვნულმა ბანკმა, სანქციების აღსრულების წესში, საქართველოს მოქალაქისთვის საშეღავათო გამონაკლისი დაუშვა.

შედეგად: კომერციული ბანკების უმრავლესობა გაემიჯნა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას; პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგა ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტი; ხოლო ლარმა გაუფასურება დაიწყო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG