აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების სანქცირებისკენ მოუწოდებს. წერილი, რომელიც უილსონმა 30 დეკემბერს სახელმწიფო მდივნის კანდიდატს სენატორი მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის წარმომადგენელს მაიკლ უოლტსს გაუგზავნა ამერიკულმა Fox News-მა მოიპოვა.
„მე ვაფასებ იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ჩვენს მუშაობას კავკასიასა და საქართველოში... ეს ჩართულობა ფასდაუდებელი იყო აშშ-ს ინტერესების წინსვლისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვისთვის.
ჩვენი კოლექტიური მუშაობა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ეს ურტყამს დე-ფაქტო საქართველოს მთავრობის შეცდომაში შემყვან ნარატივს, რომ პროჩინურ, ირანულ და რუსულ ინტერესებთან მისი თანხვედრა მისაღები იქნებოდა პრეზიდენტის ტრამპის ან აშშ-ს ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში“, - წერს ჯო უილსონი.
ის აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმები საქართველოს მხრიდან სანქციების თავის არიდების გამოსავლენად, ასევე „თაღლითური ქოლ-ცენტრებისა და „ქართული ოცნების“ სხვა უკანონო საქმიანობების გამოსავლენად“:
„მოგიწოდებთ ასევე გაავრცელოთ სანქციები ივანიშვილის ოჯახის უახლოეს წევრებსა და ახლობლებზე“.
იმავე დღეს, 30 დეკემბერს ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ იქნება უკანასკნელი სანქცირებულთა შორის.
„თუ თქვენ ხართ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთისკენ, ირანისა და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელში, ახლა დროა, ჩამოხვიდეთ. ივანიშვილი იყო პირველი, მაგრამ ის არ იქნება უკანასკნელი. ჯერ კიდევ არის დრო, თავი გადაირჩინოთ, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ დარჩებით სამუდამოდ. არა ფული, არა მოგზაურობა“, - წერდა ჯო უილსონი.
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.
შტატების გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში, ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
ფორუმი