"თუ თქვენ ხართ კორუმპირებული "ქართული კოშმარის" ჩინეთისკენ, ირანისა და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელში, ახლა დროა, ჩამოხვიდეთ. ივანიშვილი იყო პირველი, მაგრამ ის არ იქნება უკანასკნელი. ჯერ კიდევ არის დრო, თავი გადაირჩინოთ, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ დარჩებით სამუდამოდ. არა ფული, არა მოგზაურობა", - წერს ჯო უილსონი.
მანამდე ჯო უილსონმა დაწერა, რომ გეგმავს ახალი აქტის წარდგენას.
"მე წარვადგენ „ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს აშშ-ის მიერ დიქტატორული რეჟიმის ცნობას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს ერთადერთ კანონიერ ლიდერად საქართველოში იქამდე, სანამ არ გაიმართება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - წერს კონგრესმენი.
მანვე დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე იწვევს, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს.
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.
შტატების გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში, ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
ფორუმი