Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენმა უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია


რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი

წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსონი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე იწვევს.

"მოხარული ვარ, მოვიწვიო პრეზიდენტი ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. პატივს ვცემ მის გამბედაობას, ივანიშვილისა და მისი ჩინეთის კომპარტიისა და ირანული რეჟიმის მეგობრების თავდასხმის ფონზე", - დაწერა 27 სექტემბერს სოციალურ ქსელ X-ზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

გასული დღეების განმავლობაში სამხრეთკაროლინელმა კონგრესმენმა საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელებში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

"ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?" - დაწერა უილსონმა 26 დეკემბერს, აშშ-ის ხაზინის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების წინა დღეს.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. როგორც წესი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ამ დღეს დებს ფიცს.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი ტრადიციას არღვევს და თავის ინაუგურაციაზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს იწვევს. მათ შორის არიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

კითხვაზე, არის თუ არა დაპატიჟებული უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ტრამპმა 16 დეკემბერს უპასუხა, რომ ის ჯერ არ დაუპატიჟებია, მაგრამ თუ თავად ენდომება, "სიამოვნებით მიიღებდა".

ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთების გარკვეულ რაოდენობას იღებენ კონგრესმენებიც და ისინი თავად წყვეტენ, ვის დაპატიჟებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG