ვერც ილუმინაციების ჩვეული სიკაშკაშე და მრავალფეროვნება, ვერც საახალწლო სოფლების თვალისმომჭრელი მორთულობა, ვერც მთელ ხმაზე ჩართული JINGLE BELLS და ვერც ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ტრადიციულად მივლენილი ე.წ. ვარსკვლავების ბიუჯეტიდან წახალისებული მონდომება, ვერ ფარავს იმას, რომ საქართველოში უჩვეულო ახალი წელი დგება, რომ ახალი წლიდან მართლა ყველაფერი შეიცვლება, ოღონდ არა იმდენად ბედისწერის ან კუჩხი ბედინერის, რამდენადაც საზოგადოების ძალისხმევის ან უძალობის შედეგად.
ყველა ხედავს, რომ საქართველოში პოლიტიკური დრო გაჩერებულია ისე, როგორც მზე ჩერდება ხოლმე შობის წინა დღეებში.
ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცით ან ზურაბ კიკნაძესთან წაგიკითხავთ, რომ „შობას, ოცდახუთ დეკემბერს წინ უსწრებს მზებუდობის რამდენიმე დღე, როცა მზე თითქოს ბუდეში ზის როგორც კვერცხი - აღარც იკლებს, არც იზრდება, ძევს უძრავად, გაყუჩებული... დრო თითქოს შეყენებულია, თავის თავშია ჩაბრუნებული...“
საქართველოს პოლიტიკურ კალენდარში ახლა მზებუდობის დღეები დგას: ქვეყანა თითქოს ბუდეში ზის, არც წინ მიდის და არც უკან, თითქოს გაჩერებულია დრო, თითქოს ყველა ელოდება იდუმალ ბიძგს, რომელიც აამოძრავებს დრო-ჟამს. ცხადია, საუბარია პოლიტიკურ დრო-ჟამზე, რომელსაც, კალენდარულისგან განსხვავებით, ორივე მიმართულებით შეუძლია ტრიალი - წინაც და უკანაც...
ბედის ირონიით სწორედ ასეთი დღეები ედგა საქართველოს ზუსტად ასი წლის წინათაც, მთელი 1924 წლის განმავლობაში, როცა ერთი მხრივ რუსეთის ხელდასხმული ქართველი ბოლშევიკები ასამართლებდნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ამბროსი ხელაიას, მაგრამ მეორე მხრივ, ქართულ საზოგადოებაში მიდიოდა სამზადისი საყოველთაო აჯანყებისათვის, რომელსაც თავისუფლება და დაკარგული დამოუკიდებლობა უნდა დაებრუნებინა.
ყველა ხვდებოდა, რომ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად, რომ ყველაფერი იქნებოდა ან ბევრად კარგად, ან ბევრად უარესად, რაც ჩანდა კიდეც „კათალიკოს ამბროსის და მისი ძმების“ ბრალდებაში:
„ქრისტეს სახელით მოვაჭრენი, სიცრუის, მონობის და ბნელეთის მოციქულნი წინ აღუდგენ საქართველოს მშრომელი ხალხის ნებისყოფას, მუშურ-გლეხურ ხელისუფლებას. მეფისა, მდიდართა დ მემამულეთა მოსამსახურენი არ დაემორჩილნენ საქართველოს მუშათა და გლეხთა ნდობით აღჭურვილ მთავრობას, ომი გამოუცხადეს მას, ბრძოლა შინ და გარეთ. არ დაერიდნენ არც სახელმწიფო ღალატს, გადამალეს, მიწაში ჩაფლეს განძეულობა, რომ მით შიმშილის კლანჭებიდან თავი არ ეხსნა ქართველ მუშას და გლეხს“.
შეძახილების - „ძირს სამშობლოს მოღალატეები“, „ძირს ანაფორიანი აგენტები“ - ფონზე, კათალიკოს-პატრიარქსა და საკათალიკოსო საბჭოს სხვა წევრებს მიუსაჯეს 9 წლით დაპატიმრება „სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით“.
საქართველოს მტრები ამბროსი ხელაიას ვერ ჰპატიობდნენ „მოწოდების შედგენას გენუის კონფერენციისადმი”. აკი, მუშა-პოეტი შაქრო ნავთლუღელი გაზეთ „კომუნისტში“ წერდა კიდეც, აქ ზის ავტორი მემორანდუმის, გენუის კრების შემვედრებელიო.
მაინც რა მისწერა გენუის სამშვიდობო კონფერენციას ამბროსი ხელაიამ, რას შეევედრა?
„დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან; საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება.
სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია არ უგულებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან“.
აგვისტოს აჯანყების დამარცხებით მართლაც რომ უკუღმა ამოძრავდა დრო-ჟამი, რომელიც თითქოსდა გაჩერებული იყო საქართველოსთვის.
საქართველო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში „მომავალს უმღერდა დიდებას“, მომავლის ნაცვლად კვლავ წარსულში გადაიჩეხა, წარსულში, სადაც მას ელოდა ტერორი, ცენზურა, ოკუპაცია, ანექსია... და ასეც მოხდა, 1924 წელს ამბროსი ხელაიასთან ერთად გაასამართლეს საქართველოც, რომელიც 70-წლიანი პატიმრობითა და სასტიკი იზოლაციით დაისაჯა. 1924 წელს აჯანყებულებმა ვერ გამოგლიჯეს ისტორიის ჩარხი საქართველოს მტრებს - კათალიკოს ამბროსის მოსამართლეებსა და ჯალათებს.
ასი წლის შემდეგ თითქოს კვლავ გაჩერდა საქართველოსთვის პოლიტიკური დრო - არც წინ იძვრის და არც უკან...
რუსული ყაიდის გამჭვირვალობის კანონის მიღება, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონების ნაჩქარევი მიღება და სხვა გადაწყვეტილებები უმოწყალოდ ექაჩება საქართველოს წარსულში. დროის ჩარხის უკუღმა დატრიალებას ხელს უშლის და აფერხებს ერთადერთი ძალა - ქუჩაში გამოსული ხალხი, რომელიც თვეზე მეტია, დღის ჩაუგდებლად, ჯიუტად მოითხოვს წინსვლას, არჩეული გზის ერთგულებას.
აქამდე მიჩვეული ვიყავით, რომ საქართველოს მომავალს (წინსვლას, განვითარებას) ყოველთვის გარედან ეცილებოდნენ. თუ 2021 წელს გამოცემულ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს („საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია“) ვერწმუნებით, გარემოება არც ახლა უნდა შეცვლილიყო, რადგან:
„საქართველოში დემოკრატიულ ტენდენციების შეუქცევადი ხასიათის გამოხატულებაა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა და ოპოზიციურმა "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა“.
თუმცა, ჯერ კიდევ როდის გვაფრთხილებდა ერლომ ახვლედიანი, ერიდეთ კაცთა წინაშე სახილველი სიკეთეების მქმნელებსო.
„ქველმოქმედებამ ჩვენში ტრაგიკომიკური სახე მიიღო, რადგანაც ყოველი ნაბიჯი ამ მიმართულებით სწორედ „წინაშე კაცთა სახილველად“ კეთდება. ეს, რა თქმა უნდა, ქველმოქმედება აღარც არის. ეს არის ანგარება, პატივმოყვარეობა, პოლიტიკური ამბიცია და სხვა ამგვარი „სათნოებანი“, - ე. ახვლედიანი „ერიდეთ სიკეთის ქმნას...“, 1999 წ.
„ქართული ოცნების“ ბევრ წარმომადგენელს უქია ბიძინა ივანიშვილი ბევრნაირად, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილზე ზუსტად არავის გამოუხატავს ივანიშვილის „ქველმოქმედების“ არსი, სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და სააკაშვილის მჩაგვრელი ხელისუფლების ჩამოშორება იყო მისი ყველაზე დიდი პოლიტიკური ქველმოქმედებაო.
ივანიშვილის „პოლიტიკური ქველმოქმედება“ ქველმოქმედების ზედაპირული ნიშნების მატარებელი მაინც იქნებოდა, საფანელად პოლიტიკური მიზნები რომ არ ჰქონოდა, ან რაღაც ეტაპზე მართლა რომ დაეთმო ძალაუფლება. ივანიშვილის მომხრეების მტკიცება, რომ ბატონი ბიძინა ახლაც ისეთივე მართალია, როგორიც 2012 წელს, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელია. აკი, ხასიდური სიბრძნეც გვეუბნება, თავად უზენაესმაც რომ გითხრას, მართალი კაცი ხარო, იცოდე, რომ ეს მხოლოდ ამ წამს ეხება და არა შემდგომსო.
სწორედ შემდგომ წამებს, წუთებს, საათებსა და წლებს ეცილება ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას, სწორედაც რომ საზოგადოებას და არა სააკაშვილს, „ნაცებს“ ან პოლიტიკურ პარტიებს, რომლებთანაც გამკლავება, როგორც დრომ აჩვენა, შეუზღუდავი ძალაუფლებისა და ფინანსური შესაძლებლობების პირობებში, იოლად გადასაჭრელი ამოცანა ყოფილა. საზოგადოებასთან გამკლავება კი ბევრად რთული აღმოჩნდა, რადგან საზოგადოების აქტიური წევრები, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, არ ფიქრობენ ძალაუფლებაზე და, პროპაგანდის ძალისხმევის მიუხედავად, არ იკრავენ „კოლექტიური ნაცის“ იარლიყს და არ კარგავენ მორალურ უპირატესობას, რომელსაც ვერაფერი დააკლო დარბევებმა, დაპატიმრებებმა და წამებებმა.
განა რამე ახალი ხდება?
განა ბერტოლდ ბრეხტმა არ აღწერა თავის „კავკასიურ ცარცის წრეში“ ასეთი საქართველო?
„ჰოი, რაოდენ ბრმანი არიან ხელისუფალნი ამა ქვეყნისა!
უკვდავთა მსგავსი გულდაჯერებით დააბიჯებენ მორჩილთა მხრებზე,
დაქირავებულ მუშტს ენდობიან და იმედი აქვთ ძალმომრეობის,
ფიქრობენ, რომ მათ ხანგრძლივ პარპაშს არ აქვს საზღვარი,
მაგრამ ხანგრძლივი არ ნიშნავს მარადს.
ჰე, დროებათა ცვალებადობავ, ჟამთა ტრიალო!
შენ სასოებავ და სალბუნო წამებულ ხალხის!“
ან განა ემილ ჩორანმა არ განაზოგადა თავის „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაში“?
„მომაკვდავი რეჟიმების თავისებურებაა, დაუშვან რწმენებისა და დოქტრინების გაურკვეველი ნარევი და ამავდროულად შექმნან ილუზია, რომ არჩევანის საათი განუსაზღვრელად შეიძლება გადაიდოს“.
ცხადია, არჩევანის საათი განუსაზღვრელად ვერ გადაიდება, ისევე როგორც განუსაზღვრელი დროით ვერ დარჩება მზე ბუდეში და ვერც საქართველოს პოლიტიკური დრო იქნება გარინდებული დიდხანს აწმყოში.
ბუნებაში მზებუდობას ყოველთვის მოსდევს მზის ამოძრავება, წინ სვლა, რასაც შემდეგ მოჰყვება ჯერ შობა, შემდეგ ახალი წელი.
და რა იქნება, თუ უკან წავედით?
ახალი წელი, შობის გარეშე, როგორიც ბევრი გვინახავს უახლოეს, საბჭოთა წარსულში, სადაც ყველგან ახალი წელი იყო, შობა კი - არსად!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.