Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტვინის გახრწნა“ და წლის სხვა სიტყვები, რომლებიც, წესით, უნდა იცოდეთ


გსმენიათ 2024 წლის სიტყვები „ტვინის გახრწნა“, „მანიფესტირება“, ან „დელულუ“? თუ არა, წაიკითხეთ ჩვენი სტატია.

ტელეფონს ხელიდან ვერ აგდებ. სქროლვაში ან უსარგებლო ვიდეოების ყურებაში დრო შეუმჩნევლად გარბის.

ნახევარი საათის შემდეგ უცებ გახსენდება, რომ საქმე შუა გზაში მიატოვე. გრძნობ, რომ პასუხისმგებლობებს გაექეცი. უკვე გაშტერებული ხარ, ხელში კი მხოლოდ სიცარიელე და დანაშაულის განცდა შეგრჩა.

როგორც ჩანს, 2024 წელს მსგავსი განცდები ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა, რადგანაც ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ წლის სიტყვად Brain rot (ქართულად „ტვინის გახრწნა“) დაასახელა.

ტერმინი სავარაუდოდ ეკუთვნის ამერიკელ ნატურალისტ ჰენრი დევიდ ტოროს. ჯერ კიდევ 1854 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, იგი აკრიტიკებდა კაცობრიობას რთული იდეებისა და მოვლენების მეტისმეტად გამარტივებისთვის.

„სანამ ინგლისი ცდილობს კარტოფილის ლპობას უმკურნალოს, ნუთუ არავინ უმკურნალებს ტვინის ლპობას - რომელიც უფრო ფართოდ და ფატალურადაა გავრცელებული?“ - წერდა იგი.

ოქსფორდის გამომცემლობის თანახმად, ტვინის ლპობა „მენტალური ან ინტელექტუალური მდგომარეობის სავარაუდო დაქვეითებაა, რომელსაც დაბალხარისხიანი ონლაინკონტენტის მოხმარება იწვევს“.

უფრო მარტივად - ტვინის ლპობაა, როცა გრძნობ, რომ სოციალური ქსელები ან მედია გაშტერებს.

ოქსფორდში დაითვალეს, რომ სიტყვის გამოყენება 2024 წელს წინა წელთან შედარებით 230%-ით გაიზარდა.

ეს აჩვენებს, რომ ადამიანები ხედავენ საფრთხეებს ვირტუალურ სივრცეში და წუხან იმაზე, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, - წერია ოქსფორდის გამომცემლობის ვებგვერდზე.

რა არის წლის სიტყვა?

წლის სიტყვის დასახელება ტრადიციაა, რომელსაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მისდევენ. იგი აღწერს გასულ წელიწადს ან ამ წლის მანძილზე მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას.

ისტორიაში ალბათ პირველად, წლის სიტყვა გერმანიაში წარადგინეს 1971 წელს. გერმანული ენის საზოგადოებამ მაშინ წლის სიტყვად აირჩია ზედსართავი aufmüpfig - ანუ „მეამბოხე“.

ამ სიტყვით მედია აღწერდა სტუდენტურ დემონსტრაციებს, რომლებმაც მაშინ გერმანია მოიცვა.

ან, მაგალითად, უკრაინაში, 2013 წლის სიტყვად „ევრომაიდანი“ დაასახელეს. „ევრომაიდანს“ უკრაინაში ასევე „ღირსების რევოლუციას“ ეძახიან. მან ქვეყნიდან პრორუსი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი გააქცია.

2020 წელს, ოქსფორდის გამომცემლობამ უარი თქვა წლის სიტყვის დასახელებაზე, რადგან იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „ამ წლის ერთ სიტყვაში ჩატევა შეუძლებელია“. წლის სიტყვის კანდიდატები იყო „სოციალური დისტანცირება“, „კორონავირუსი“ და „პანდემია“.

2024 წლის სხვა სიტყვები

ბრიტანეთის კიდევ ერთმა, წამყვანი უნივერსიტეტის კემბრიჯის ლექსიკონმა 2024 წლის სიტყვად ზმნა manifest - მანიფესტირება - აირჩია.

მანიფესტირებაა, როდესაც შენს თავს აჯერებ, რომ რაღაც კარგი მოხდება და მიზანს მიაღწევ. ეს სიტყვა ინტერნეტში სხვადასხვა თვითდახმარების ტექნიკის გავრცელებამ გახადა ტრენდული.

ბრიტანეთში პოპულარულმა კოლინსის ლექსიკონმა დაასკვნა, რომ 2024 წლის სიტყვაა brat. პირვანდელი გაგებით, ქართულად ეს ტუტუც ბავშვს ნიშნავდა.

მაგრამ წელს მნიშვნელობა შეიცვალა. კოლინსის ლექსიკონის თანახმად, brat „თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და ჰედონისტური დამოკიდებულების მქონე“ ადამიანია.

მნიშვნელობის ცვლილება ბრიტანელი პოპმომღერლის, ჩარლი XCX-ს დამსახურებაა, რომელმაც ივნისში ამავე სახელწოდების ალბომი გამოუშვა.

ლექსიკონის მოკლე სიაში ასევე მოხვდა სიტყვები yapping - ლაქლაქი და delulu - ადამიანი, რომელიც ფანტაზიებით ცხოვრობს და რეალობასაა მოწყვეტილი.

როგორც კოლინსის მმართველმა დირექტორმა გამოცემა „გარდიანს“ უთხრა, წლის სიტყვის არჩევისას, პირველ რიგში უყურებენ ახალგაზრდებს: ჯენ ზისა და ჯენ ალფას კულტურას.

თუმცა ყველა ასე არ იქცევა.

მაგალითად, ამერიკულმა კომპანია მერიამ-ვებსტერმა წლის სიტყვად დაასახელა არსებითი სახელი „პოლარიზაცია“.

საქართველოში თუ ცხოვრობ, წესით, კარგად იცი, ეგ სიტყვა რას ნიშნავს. მაგრამ იგივე ხდება აშშ-შიც.

მერიამ-ვებსტერის თანახმად, 2024 წელს, ამერიკული მედია ხშირად ლაპარაკობს პოლარიზაციაზე. განსაკუთრებით კი - ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG