Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანტა კლაუსი - რუსული სამყაროს დაუძინებელი „მტერი“


ინგლისური საახალწლო სიმღერები აკრძალულია მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებშიც. უფრო ადრე, 2023 წელს, ლუკაშენკას რეჟიმმა ბელარუსში ვალენტინობაც აკრძალა.
ინგლისური საახალწლო სიმღერები აკრძალულია მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებშიც. უფრო ადრე, 2023 წელს, ლუკაშენკას რეჟიმმა ბელარუსში ვალენტინობაც აკრძალა.

რუსული სამყარო „დასავლურ“ ახალ წელს ებრძვის. საახალწლო ვიდეოებში სანტა კლაუსს სცემენ და კლავენ, ბელარუსმა კი ის საერთოდ აკრძალა.

ბელარუსულმა მედიაორგანიზაცია ევრორადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინსკში სკოლებს დასავლური საახალწლო სიმბოლოების გამოყენება აეკრძალათ. დასაშვებია მხოლოდ „სლავური წარმოშობის ელემენტები“.

სადღესასწაულო ღონისძიებებში ბავშვებმა აღარ უნდა გამოიყენონ სანტა კლაუსი და ინგლისურენოვანი სიმღერები, ისეთი, როგორიცაა Jingle Bells. „გამოიყენეთ ჩვენი ცნობილი სიმღერები და ჩვენი ზღაპრების პერსონაჟები, აქცენტი გააკეთეთ ბელარუსულ ტრადიციებზე“, - ასეთია ხელისუფლების მითითება.

ინგლისური საახალწლო სიმღერები აკრძალულია მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებშიც. უფრო ადრე, 2023 წელს, ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელარუსში ვალენტინობაც აკრძალა.

ბელარუსის კიდევ ერთი ქალაქის ბრესტის ადმინისტრაციამ მაღაზიებს, რესტორნებსა და კაფეებს გაუგზავნა წესები საახალწლო მორთულობისთვის. მორთულობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბელარუსი ხალხის ისტორიულ თუ სულიერ ტრადიციებს. უცხო ელემენტების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ყირგიზეთი - დედ მოროზი და სნეგუროჩკა
ყირგიზეთი - დედ მოროზი და სნეგუროჩკა

რუსეთში სანტა კლაუსი ჯერ არ აუკრძალავთ, მაგრამ მის წინააღმდეგ ნამდვილი საინფორმაციო ომია გაჩაღებული. საახალწლო ვიდეოებში სანტა „გარყვნილი დასავლეთის“ სიმბოლოდაა წარმოჩენილი - ბავშვებთან ლგბტ თემის სიმბოლიკიანი საჩუქრები მიაქვს. პატარებს მხსნელად დედ მოროზი ევლინება. ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ სანტა კლაუსს წიხლქვეშ გაიგდებენ.

რამდენიმე დღის წინ ახალი ვიდეო გავრცელდა. სანტა კლაუსს მარხილში ნატოს რაკეტები უწყვია და რუსეთისკენ მიქრის. მას მიწაზე ჩამოსვლასაც არ აცლიან, ჰაერში აფეთქებენ.

„უცხოური არაფერი გვჭირდება ჩვენს ცაზე“, - ამბობს კმაყოფილი დედ მოროზი.

სანტა კლაუსი ნატოს რაკეტებით
სანტა კლაუსი ნატოს რაკეტებით

ბევრმა გაიხსენა აზერბაიჯანული თვითმფრინავი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ყაზახეთში ჩამოვარდა. დაიღუპა 38 ადამიანი. აზერბაიჯანი ირწმუნება, რომ თვითმფრინავი რუსულმა რაკეტამ შეიწირა.

კიდევ ერთ საახალწლო ვიდეოში უკრაინელ გოგონასთან „წმინდა ნიკოლოზი“ მიდის და მამა ომში ძალით მიჰყავს. ვიდეო რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგის (РТ) გადაღებულია.

სანტა კლაუსისა და დედ მოროზის ომი დღეს და გუშინ არ დაწყებულა. უკვე წლებია ამ თემას უამრავი რუსული ვიდეო ეძღვნება. ამ კლიპებში სანტა კლაუსი მუდმივად ცბიერი, მავნებელი და უსუსურია, დედ მოროზი კი, პირიქით, ყველა ბრძოლაში იმარჯვებს.

დედ მოროზის სახე რუსულენოვან სამყაროში საბჭოთა ეპოქაში გაჩნდა, 1937 წელს, მაშინაც მხოლოდ იმიტომ, რომ სანტა კლაუსი და „დასავლური“ ახალი წელი ჩაენაცვლებინათ.

„რატომ მაინცდამაინც 1937 წელს? იმიტომ, რომ ეს წელი საბჭოთა კავშირში პოლიტიკური რეპრესიების წელია, მათ შორის ეკლესიასაც ებრძვიან. ამიტომ საბჭოთა ხელისუფლებისთვის აუცილებელი იყო, ეკლესიის გავლენა, საეკლესიო ტრადიციები, შობის აღნიშვნა მინიმუმამდე დაეყვანა... - ამბობს რადიო თავისუფლების უკრაინულ ბიუროსთან საუბარში სერგეი რიაბენკო, უკრაინის ნაციონალური მეხსიერების ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი, - ძირითადი იდეა ის იყო, რომ ხსოვნიდან ამოეშალათ წმინდა ნიკოლოზი, რომელიც საშობაო ტრადიციებს უკავშირდებოდა“.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა ნიკოლოზმა ღარიბ ოჯახს ჩუმად დაუტოვა ფულით სავსე ქისები და ამით ის უკიდურესი გაჭირვებისგან იხსნა.

ბოლო წლების განმავლობაში, კრემლის პროპაგანდა ისევ გამოდის ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დასავლეთს უკავშირდება, ასე დაბრუნდა რუსულენოვან სამყაროში დედ მოროზი, სნეგუროჩკა და კიდევ ის სიმბოლოები, რომლებიც ხალხს უკვე ავიწყდებოდა.

„რუსებს ახალი არაფერი გააჩნიათ და არც სჭირდებათ, აქვთ ეს ძველი, ფსევდოეროვნული სიმბოლოები და მიჰყვებიან ამ შაბლონს“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

რუსული და დასავლური სამყაროების ჭიდილი არცთუ იშვიათად კურიოზული გაუგებრობებითაც მთავრდება. 25 დეკემბერს რუსეთის ქალაქ ირბიტში ქალაქის მერმა ნიკოლაი იუდინმა გადაწყვიტა, ეკატერინე მეორისა და ლენინის ძეგლები საახალწლოდ გამოეწყო. ერთს სნეგუროჩკას ტანსაცმელი ჩააცვეს, მეორეს - დედ მოროზის. ხალხს ეს სახეცვლილება იმდენად არ მოეწონა, რომ მერი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა.

„მხოლოდ წინასაახალწლო განწყობის შექმნა გვინდოდა. არც ეკატერინე მეორის შეურაცხყოფა გვქონდა მიზნად, არც - ლენინის“, - დაწერა მერმა, ძეგლებს საახალწლო კოსტიუმები გახადა და ქალაქს ლენინი დაუბრუნა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG