თქვენ თუ არსად გადაჰყრიხართ მათ მარშს, ეგ არაფერს ნიშნავს, იყო! ბანერებიც კი ჰქონდათ.
ვერძების ბანერი: „მართლა არ გაგვაცხაროთ!“
ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია და მარშიც პირველებმა მათ მოაწყვეს. ყველა მწყემსმა იცის, რომ გზის გადაკეტვა და მოძრაობის პარალიზება ყველაზე კარგად ცხვრის ფარას გამოსდის. ახლაც გამოუვიდათ, სანამ გაიკრიფებოდნენ, ქალაქი იდგა და მანქანებში რადიოს უსმენდა.
კუროების ბანერი: „რქა არ მომჭამო!“
კუროები პარლამენტის სამზარეულოში შეიჭრნენ და დეპუტატებს ყველაფერი შეუჭამეს. მერე შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს, ჩიხშია ქვეყანა, მოდით ურემს შევებათ, ცოტა გავიაროთ, გადავაბრუნოთ და გზაც გამოჩნდებაო. ბოლო მარშზე ვნახე, ურმებს მიაჭრიალებდნენ სანაპიროზე.
ტყუპების ბანერი: „არ ვარ მე ის კაცი, ბატონო!“
ხომ გახსოვთ, თბილისის მერი რომ ამბობდა, სხვადასხვა აქციაზე ერთი და იგივე ხალხი დგას, უბრალოდ, ტანსაცმელს იცვლიან ძალიან სწრაფადო. ეგენი სინამდვილეში ტყუპები არიან. სადა აქვთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი, სანტა კლაუსისთვის ბუხართან წინდები რომ დაკიდეს, სამი დღე ფეხშიშველა დადიოდნენ.
კიბოების ბანერი: „კიდევ ჩვენზე ამბობენ, უკან-უკან მიდიანო?!“
კიბოებმა მარში ონკოლოგიური საავადმყოფოდან დაიწყეს, პარლამენტთან მივიდნენ და იქ გაუჩინარდნენ. ეჭვობენ, რომ წყლის ჭავლის მანქანის დანახვაზე, სულმა წასძლიათ და წყალში ისკუპეს. ვინ იცის, იქნებ, სწორედ მათ გამოა ბოლო დროს, ეს მანქანები რომ აღარ ჩანან?
ლომების ბანერი: „ცოტა გვირგვინი ხომ არ გიჭერთ?“
ლომები ბაობაბებს გამოჰყვნენ აფრიკიდან. რუსთაველზე ჩამოიარეს და პარლამენტის წინ გაწვნენ. ამბობენ, ერთი-ორმა სპეცრაზმელიც შეჭამაო, მაგრამ ზუსტად არავინ იცის. ეგენი ყველანი ნიღბებით დადიან და როგორ უნდა გაიგო, ან ვინაა და ან რა დაემართა.
ქალწულების ბანერი: „არ აგარევინებთ!“
ქალწულებმა მარშზე ცოცხები, ქლორი და დიდი შავი პარკები მიიტანეს, დასალაგებელია ქვეყანა და მიგვიშვით, მივხედავთო. არაფერი არ გადაუკეტიათ, არც წარწერები დაუტოვებიათ კედელზე. ეგენი უფრო ინტერნეტში აქტიურობენ, ტროლების დატოვებულ კომენტარებს შლიან და ტროლებსაც ზედ მიაყოლებენ ხოლმე.
სასწორების ბანერი: „გადაგწონით!“
ამათ სასამართლოსთან მოაწყვეს მარში. მოსამართლეებს ჯერ მანტიები დაუმალეს, მერე - ტანსაცმელი, სასამართლოს სხდომაზე რომ ვერ გასულიყვნენ და ხალხი ციხეებში არ გაეშვათ. მოარული მითია, რომ სინდისი და სამართალიც მანტიებს გააყოლეს, ყოველ შემთხვევაში, ერთს მოსამართლეები ვერ პოულობენ, მეორეს - განსასჯელები.
მორიელების ბანერი: „ჩვენზე უარესებოო!“
ესენი მარშს ყოველდღე აწყობენ და აქციებზე წინა რიგებში დგანან. საკუთარი შხამის გადამკიდე მათზე არც წიწაკის სპრეი მოქმედებს, არც გაზი და არც სპეცრაზმელების მუქარა. ვერაფრით დაშალეს, მაშხალებს ხელიდან რომ ართმევენ, კუდით ისვრიან.
მშვილდოსნების ბანერი: „თქვენ ჩვენ ამურში ხომ არ გერევით!“
ესენი ცეცხლის ნიშნები არიან. რუსთაველზე რაც კი ფეიერვერკი აფეთქდა, ყველა ამათი ნასროლი იყო. პიროტექნიკა რომ აიკრძალა, მოიწყინეს, მაგრამ მაგათი ამბავი ვიცი, ტაფებს გაახურებენ და ისევ გამოვლენ.
თხის რქების ბანერი: „არ აგვალაპარაკოთ!“
თხის რქებს მართლა გულით და სულით უნდოდათ მარშის მოწყობა, მაგრამ ყველა საჯარო სამსახურშია და რას მოაწყობდნენ. ერთი რაც მოიფიქრეს, ფულის კუპიურებზე წერენ პროკლამაციებს და ბანკომატს ტენიან ხახაში. ვინც გამოიტანს, დგას და კითხულობს.
მერწყულების ბანერი: „ჩვენ წყლის ჭავლით ვერ შეგვაშინებთ!“
მერწყულები ხომ სულ ტექნოლოგიურ განვითარებაზე ფიქრობენ. ახლაც დიდხანს ბჭობდნენ, მარში ონლაინ როგორ მოვაწყოთო, მაგრამ რომ არ გამოუვიდათ, ისევ რუსთაველს გამოუყვნენ. პარლამენტის წინაც მთელი ღამე იდგნენ. მერე რა, რომ ცივა, ეგენი სიცივეში არიან დაბადებულები.
თევზების ბანერი: „რუსკი კარაბლ, იდი ნა…“
ესენი ხან ბათუმის სანაპიროზე დადიან მარშით, ხან - ქობულეთის, ანაკლიაშიც ჩავიდნენ და ჩინურ კომპანიას გამოუცხადეს, ტყუილად გგონიათ, რომ ისე იქნებით, როგორც თევზი წყალშიო. თბილისშიც აპირებდნენ პარლამენტის წინ მისვლას, მაგრამ გადათქვეს, ფიქრობენ, რომ რუსული ხომალდი მათ გარეშეც ჩაიძირება.
ფორუმი