კენჭისყრა მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციურად განწყობილთა მასობრივად დაჭერის ფონზე, 23 მარტს მთელი თურქეთის მასშტაბით გაიმართა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში დაკავებულია 1133 ადამიანი, მათ შორის 10-მდე ჟურნალისტი.
გადაკეტილია გზები, აკრძალულია საჯარო განცხადებები, მიტინგები - თურქეთის ხელისუფლება ოპონენტების შევიწროებას ყოველმხრივ ცდილობს. მიუხედავად ამისა, ქუჩაში გამოსული ხალხი მასშტაბურ პროტესტს არ წყვეტს. ხალხი 24 მარტსაც შეიკრიბა.
ექრემ იმამოღლუ 19 მარტს, დილის 07:30 საათზე საკუთარ სახლში დააკავეს, რის შემდეგაც თურქეთში საპროტესტო აქციების ტალღა გაიშალა. იმამოღლუს კორუფციასა და ტერორიზმის მხარდაჭერაში სდებენ ბრალს. სტამბოლის მერის დაკავებას მისი მხარდამჭერები რეჯეპ ტაიპ ერდოანის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად თვლიან. თურქეთის ოპოზიციას სჯერა, რომ ექრემ იმამოღლუს აქვს რეალური შანსი, დაამარცხოს მოქმედი პრეზიდენტი.
ოპოზიციისთვის დამაიმედებელი კენჭისყრა
„ექრემ იმამოღლუსთვის მიცემული ხმები 14 მილიონ 850 ათასზე მეტია... დღევანდელმა შედეგებმა ეჭვქვეშ დააყენა ერდოანის ლეგიტიმურობა და გარდაუვალად აქცია ვადამდელი არჩევნების ჩატარება“, - თურქეთის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ [CHP] თავმჯდომარის, ოზგურ ოზელის სიტყვებს ავრცელებს, 23 მარტს გამართული კენჭისყრის შემდეგ.
CHP-ზე დაყრდნობით ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ექრემ იმამოღლუს მხარი დაუჭირა პარტიის 1,7 მილიონმა წევრმა და 13,2 მილიონმა არაპარტიულმა პირმა - თურქეთის მოქალაქეებმა.
15 მილიონი ადამიანი თურქეთში დარეგისტრირებული ამომრჩევლების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მსჯელობა თურქეთში მალევე დაიწყო 2024 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, CHP-თან რეჯეპ ტაიპ ერდოანის „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ [AKP] მნიშვნელოვანი მარცხის პირობებში.
- 2024 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციამ სახელისუფლებო პარტიაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მოიგო 30-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის მეგაპოლისებში, თითქმის 350 მუნიციპალიტეტში, 50-მდე დასახლებაში. ოპოზიციამ გაიმარჯვა ანკარაშიც - თურქეთის დედაქალაქში.
- 2024 წელს ექრემ იმამოღლუ სტამბოლის მერად მეორე ვადით აირჩიეს. ექსპერტების შეფასებით, ოპოზიციის ტრიუმფალური გამარჯვება დიდწილად სწორედ მისი დამსახურება იყო.
გეგმური საპრეზიდენტო არჩევები 2028 წელს უნდა გაიმართოს, თუმცა ბევრი მოელის, რომ კენჭისყრა 2027 წელს შედგება. ვადამდელი არჩევნები ერთ-ერთი გამოსავალია რეჯეპ ტაიპ ერდოანისთვისაც, თუკი მას კენჭისყრა მესამე ვადითაც სურს, რადგან კონსტიტუციით დაშვებული ორი ვადით მან უკვე იყარა კენჭი. კიდევ ერთი გამოსავალი მისთვის კონსტიტუციის შეცვლაა.
საპრეზიდენტო კანდიდატად იმამოღლუს დასახელება და ამისათვის შიდაპარტიული კენჭისყრა ჯერ კიდევ მის დაკავებამდე იყო დაგეგმილი. თუმცა დაკავების შემდეგ, გეგმა უფრო გაფართოვდა - CHP-მა გადაწყვიტა, რომ კენჭისყრა საყოველთაო გაეხადა და მონაწილეობის უფლება, პარტიის წევრების გარდა, ყველა მსურველს მისცა.
კვირას, ყველა ქალაქსა თუ რაიონში, სადაც CHP-ის პარტიული ოფისებია - დაიდგა ორ-ორი საარჩევნო ყუთი: ერთი - პარტიის წევრებისთვის, ხოლო მეორე - ყველა დანარჩენი მოქალაქისთვის.
მუდმივად მზარდი რეიტინგის მქონე დაკავებულ პოლიტიკოსს, ექრემ იმამოღლუს, გასულ კვირას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და სტამბოლის მერობასაც ჩამოაშორეს.
23 მარტის კენჭისყრის შემდეგ, მან გაავრცელა განცხადება, რომ მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა მას აბედნიერებს.
პროტესტი მასობრივი დაკავებების ფონზე
მასშტაბური საპროტესტო აქციები სტამბოლის მერის დაჭერის დღიდან, 19 მარტიდან, თურქეთის მთელ რიგ ქალაქებში იმართება. იუწყებიან, რომ პროტესტი, სულ ცოტა, 55 პროვინციას მოედო. აქციებზე ყოველდღიურად ათობით ათასი ადამიანი გამოდის.
დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველები სპეციალურ საშუალებებს - ცრემლმდენ გაზს, წიწაკის სპრეისა და რეზინის ტყვიებს იყენებენ. BBC-ის ცნობით, შაბათს სტამბოლში სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი საღამოს მიტინგის დაწყებამდე გამოიყენეს, ხოლო შემდეგ - ჰაერშიც გაისროლეს.
ანკარასა და იზმირში პოლიციამ წყლის ჭავლიც გამოიყენა. გასული კვირის ხუთშაბათის შემდეგ, არაერთი შეტაკება მოხდა სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის.
თურქეთისა და რუსეთის პროსახელისუფლებო მედიები წერენ, რომ - მომიტინგეები აფეთქებდნენ პეტარდებს, იყენებდნენ ფეიერვერკებსა და ლაზერულ მანათობლებს და რომ პოლიცია მათ სწორედ ამის გამო უპირისპირდება.
პროტესტის მონაწილეების განცხადებით კი - ისინი აბსოლუტურად მშვიდობიანად, ქვეყნის მომავლისთვის იბრძვიან.
„აქ ვარ სამართლიანობისთვის, აქ ვარ თავისუფლებისთვის. ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ და თურქი ხალხი ვერასოდეს შეეგუება ამას. ეს ჩვენს კულტურას ეწინააღმდეგება“, - უთხრა BBC-ის სტამბოლში მიტინგის მონაწილემ, რომელსაც სხვების მსგავსად სახე დაფარული ჰქონდა. მან სახელი და გვარი არ გაამხილა.
მომიტინგეები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენენ. ქუჩაში დგანან მშობლები შვილებთან ერთად.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ 24 მარტს გამოაცხადა, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დაკავებულია 1133 ადამიანი.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, 22 მარტს 343 ადამიანი დააკავეს სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ანტალიასა და სხვა ქალაქებში; 23 მარტს 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მხოლოდ სტამბოლში. ასევე, არიან დაკავებულები სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო. „Politico“ თურქეთის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სოცქსელებში გამოავლინეს „დანაშაულის წამქეზებელი“ 326 ადამიანი და მათგან 54 - დაკავებულია. რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, სოციალურ ქსლებში საპროტესტო განცხადებებისა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოწოდებების გამო უკვე 90-ზე მეტი თურქი აქტივისტია დაკავებული.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აქციებს „ქუჩის ტერორსა“ და „ქაოსს“ უწოდებს. მისი ადმინისტრაცია ოპოზიციას ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში სდებს ბრალს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 123 პოლიციელი.
23 მარტს შს მინისტრმა პლატფორმა X-ზე ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელზეც შავი ფერის დახეულ ტანისამოსს - სავარაუდოდ, პოლიციის უნიფორმას - აჩვენებენ. წარწერა კი იტყობინება, რომ დემონსტრანტმა პოლიციელს მჟავა შეასხა. დაზარალებული ამ ვიდეოში არ ჩანს.
„არასოდეს დავუშვებთ ვანდალიზმს მათი მხრიდან, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენი ერის მშვიდობას! პოლიციელები ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და ნდობის გარანტები არიან და თავიანთ ვალდებულებებს ამ მიზნით ასრულებენ“, - დაწერა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ X-ზე.
პროტესტის მონაწილეებს ამ ინფორმაციის არ სჯერათ. აქვეა ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარიც, რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია ყალბია, რადგან არ გავრცელებულა ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი რაიონიდან, „რომელსაც მუდმივად მეთვალყურეობენ პოლიციის კამერები“.
შეზღუდვები, აკრძალვები
პარალელურად, თურქეთის ხელისუფლება ზომებს ამკაცრებს.
თავდაპირველი გადაწყვეტილებით, დემონსტრაციები 23 მარტის ჩათვლით იყო აკრძალული, მაგრამ ვადა 26 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა. იტყობინებიან, რომ სტამბოლის გარდა, შეკრებებზე აკრძალვა ვრცელდება დიდ ქალაქებზე, მათ შორის - ანკარასა და იზმირზე.
გერმანული სააგენტო “DPA”-ს თანახმად, შეკრების გარდა, აიკრძალა: საჯარო განცხადებები, პრესისთვის კომენტარის მიცემა და საინფორმაციო ფურცლების გავრცელება.
შეიზღუდა მიმოსვლა სტამბოლის პროვინციასთან - ორივე მიმართულებით.
„პროვინციაში შესვლა და გამოსვლა იკრძალება ინდივიდუალური პირებისთვის, ჯგუფებისთვის და ავტომობილებისთვის, რომლებმაც შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ უკანონო აქციებში - ცალ-ცალკე ან ერთად“, - სტამბოლის პროვინციის ხელისუფლების გადაწყვეტილება მედიაში ვრცელდება.
პროვინციების ხელმძღვანელ პირებს თურქეთში პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო ქალაქების მერებს ხალხი ირჩევს.
ისმის ბრალდებები, რომ ილონ მასკის სოციალურმა პლატფორმა X-მა ოპოზიციურად განწყობილი მედიისა და თურქი აქტივისტების ანგარიშები დაბლოკა.
23 მარტს X-ის სახელმწიფოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ მიუღებელია თურქეთის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამმართველოს მიერ წარმოდგენილი მრავალრიცხოვანი სასამართლო გადაწყვეტილება მედიაორგანიზაციების, ჟურნალისტების, პოლიტიკური მოღვაწეებისა თუ სტუდენტების 700 ანგარიშის დაბლოკვის შესახებ.
„ვთვლით, რომ თურქეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ უკანონოა, არამედ ზღუდავს მილიონობით თურქი მომხმარებლის წვდომას ინფორმაციასა და პოლიტიკურ დისკუსიებზე მათ ქვეყანაში... X ყოველთვის დაიცავს სიტყვის თავისუფლებას ყველგან, სადაც ვმუშაობთ“, - წერია ჯგუფის განცხადებაში.
არაერთი მომხმარებელი, მათ შორის - მედიიდან, იმავე X-ზე წერს, რომ დაბლოკილია მათი ანგარიშები, რომლებზეც ისინი თურქეთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.
სიტყვის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციის - მედიისა და იურიდიული კვლევების ასოციაციის ხელმძღვანელმა ევინ ბარიშ ალტინტაშმა „გარდიანს“ განუცხადა, რომ ილონ მასკის X-ის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, თურქეთში, სულ ცოტა, 110 ანგარიში მაინც დაიბლოკა და ისინი ეკუთვნის მათ შორის სტუდენტურ ჯგუფებს, ფემინისტურ ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც პროტესტს აშუქებენ. უფლებადამცველი ამ ფაქტს “პროტესტის ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების ცენზურის აშკარა მცდელობად”განიხილავს.
მანამდე, 22 მარტს, „Politico“ წერდა, რომ პლატფორმა X-მა ოპოზიციურად განწყობილი თურქი აქტივისტების ანგარიშების დაბლოკვა დაიწყო, სავარაუდოდ, თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ფორუმი