„ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და ჩვეულებრივი სპეკულაცია“, - განაცხადა კალაძემ 27 დეკემბერს.
„ის [გიგა სოფრომაძე] არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი, იყო ხელშეკრულებით და ამოეწურა ხელშეკრულების ვადა“, - თქვა მან.
კალაძის თქმით, სოფრომაძე „უშუალოდ მუშაობდა შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე“, თუმცა „დღეს ყველა ამ პროგრამას, რომელიც დანერგილია, ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი და მისი მუშაობის აუცილებლობა არ იყო“.
„შესაბამისად, ხელშეკრულება დასრულებულია და გაგრძელების საჭიროება არ იდგა დღის წესრიგში. ეს არის მარტივად. დანარჩენი, ვისაც რა სპეკულაციები უნდა, მისი უფლებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ ასევე თქვა, რომ მერიის არაერთი დასაქმებული „აქციებზეც დადიოდა, პოლიტიკურ განცხადებებს და შეფასებებს აკეთებდა“, თუმცა არ გაუთავისუფლებიათ: „ჩვენ თუ ისეთი მიდგომები გვქონდა, რომ პოლიტიკურად განსხვავებულ აზრს ვდევნიდით, მაშინ ამ ადამიანებსაც გავუშვებდით სამსახურიდან, მაგრამ არ გვქონია ეგ დამოკიდებულება“.
თბილისის მერმა ასევე განაცხადა: „თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა: ის, რაც გააკეთა საჯარო სამსახურების ზოგიერთმა თანამშრომელმა, იყო ძალიან მძიმე“.
„შენ შეგიძლია, საკუთარი სახელით ნებისმიერი მოსაზრება გამოხატო, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამას აკეთებ კოლექტიურად, საჯარო სამსახურის სახელით, აბულინგებ შენს თანამშრომლებს, აყენებ შეურაცხყოფას, რომ მოაწერონ ხელი. ამის მტკიცებულებები არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სოფრომაძე ასევე არის თბილისის მერიის იმ თანამშრომლებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას. გარდა ამისა, ბოლო წლებში იგი ღიად აფიქსირებდა საკუთარ აზრს ე.წ. "აგენტების კანონზე".
სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლების წერილი, რომელსაც საქალაქო სამსახურის უფროსთან ერთად ხელს აწერს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, 25 დეკემბრით თარიღდება.
გიგა სოფრომაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან მუშაობდა. ამბობს, რომ მას, როგორც წარმატებულ თანამშრომელს, არაერთი მადლობა აქვს მიღებული პირადად დედაქალაქის მერისგან.
საჯარო მოსამსახურეთა ახალშექმნილი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ 26 დეკემბერს გამოეხმაურა სოფრომაძის გათავისუფლებას და განაცხადა, რომ ეს ფაქტი მერიაში დასაქმებულთა დაშინებას ისახავს მიზნად.
მათივე განცხადებით, სოფრომაძის გათავისუფლების ბრძანებას წინ უძღოდა ის, რომ გიგა სოფრომაძემ 25 დეკემბერს სხვა თანადამფუძნებლებთან ერთად მიმართა იუსტიციის სახლს „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის“ რეგისტრაციისთვის, რომლის თანათავმჯდომარე თავადაა.
27 დეკემბერს, 18:30 საათზე პროფკავშირი „78-ე მუხლი“ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სხვა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებთან და აქტივისტებთან ერთად, თბილისის მერიის წინ გააპროტესტებს სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლებას.
გიგა სოფრომაძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება უკავშირდება მისი და მისი თანამშრომლების ბოლოდროინდელ აქტიურობას.
თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს გაემიჯნა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას და მათ 30 ნოემბერს ღია წერილიც გამოაქვეყნეს. ამ წერილის პირველი ხელმომწერი სწორედ გიგა სოფრომაძე იყო.
„მუქარად და დაშინების მცდელობად აღვიქვით“, - ასე უპასუხა მან კალაძეს, რომელიც 1 დეკემბერს პროევროპული პროტესტისადმი სოლიდარულ თანამშრომლებს გამოეხმაურა და თქვა: „ველოდებოდი კიდეც, რადგან რეორგანიზაცია გვაქვს გამოცხადებული და ბევრი ცვლილება იგეგმება“.
ფორუმი