Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის ბოდიში - რას ნიშნავს, ვისკენ მიემართება, რას ცვლის ეს ინიციატივა


ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" აქციაზე, თბილისი, 29 აპრილი, 2024
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" აქციაზე, თბილისი, 29 აპრილი, 2024

არ ცხრება ვნებათაღელვა ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით - რომელიც აგვისტოს ომის გამო ოსებისთვის ბოდიშის მოხდას გულისხმობს. ბოდიშს უკვე ითხოვენ სოხუმშიც, 1990-იანი წლების მოვლენებისთვის. ვინ იყო ივანიშვილის მიმართვის ადრესატი და ვინ რა გაიგო ამ მიმართვიდან?

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების შეფასებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ლოგიკა ემთხვევა ნარატივს, რომლის დამკვიდრებასაც მოსკოვი უკვე წლებია ცდილობს.

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ აგვისტოს ომი, „გარედან დავალებით“, საქართველოს წინა ხელისუფლებამ გააჩაღა. უკვე თვეებია, ივანიშვილი საერთოდ აღარ ახსენებს რუსეთის დანაშაულს.

ივანიშვილის გამოსვლამ გორში, სადაც მან ბოდიშზე ილაპარაკა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები გააღიზიანა. „ქართული ოცნება“ აცხადებს რომ ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო სექტორი ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ეწინააღმდეგებიან.

ბოდიშის თემამ საქართველოში ხმაური და ვნებათაღელვა ადრე, აგვისტოს ომამდეც გამოიწვია. თუმცა ბოდიშის მაშინდელი ინიციატივის ავტორი - რადიო თავისუფლებასთან სრულიად შეცვლილ რეალობასა და კონტექსტზე ლაპარაკობს.

რა თქვა ივანიშვილმა და როგორ განმარტავს „ოცნება“

14 სექტემბერს, წინასაარჩევნო მარათონში სრულად ჩართულმა ბიძინა ივანიშვილმა, ქალაქში, რომელიც დაიბომბა და ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ 2008 წლის 13-დან 22 აგვისტომდე, თქვა, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული მთავარი სათქმელი გორელებისთვის ჰქონდა შემონახული:

„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

ივანიშვილმა გორში ასევე განმარტა, რომ:

  • „ომის გამჩაღებელია“ „ნაციონალური მოძრაობა“ და არსებობს „მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი“;
  • აგვისტოს ომი იყო „ქვეყნის მტრების“ მიერ „გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“; რაც „სამწუხაროდ წარმატებით შეასრულა - პასპორტით ქართველმა, საზრისით და სულით კი - უსამშობლო აგენტურამ“;
  • ძალიან მალე ჩატარდება „ქართული ნიურნბერგის პროცესი“ - [ნიურნბერგის პროცესი - მეორე მსოფლიო ომის დამნაშავეების - გერმანელი ნაცისტების - გასამართლება საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ ქალაქ ნიურნბერგში].

ივანიშვილის ინიციატივას იზიარებს „ქართული ოცნების“ შემადგენლობა და აცხადებს, რომ ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო სექტორი ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ეწინააღმდეგებიან და ივანიშვილის ნათქვამს ამახინჯებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე შუღლის გაღვივებაზეც საუბრობს:

ორი დღეა, ოპოზიციის მედია, ოპოზიცია და ენჯეოები ოს ხალხს ეძახიან მკვლელებს, ოს ხალხს ეძახიან ომის დამნაშავეებს - ხალხს. ამაზე უფრო მეტი შუღლის გაღვივება რა უნდა იყოს და ამას აკეთებენ ენჯეოები. აღრევით, რომ თითქოს საუბარი არის ომის დამნაშავეებზე და კიდევ ერთხელ სპეკულირებით და ამოფარებით ჩვენი გმირების სახელების უკან, ელემენტარულ ჭეშმარიტებას აყენებენ კითხვის ქვეშ“, - თქვა ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა.

„პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ“, - მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არ გულისხმობდა ბოდიშს „ოკუპანტებისა ან მკვლელების“ მიმართ და, რომ ამგვარი ინტერპრეტაცია ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგეთა გამოგონილია.

ნახეთ, პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ? რა მდგომარეობაში ჩავარდით? დარწმუნებული ვარ, როდესაც კონკრეტიკაზე მივა საუბარი და იმედი მაქვს, ეს მალე იქნება, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ მოხდეს. ეს ხართ თქვენ, სამწუხაროდ“, - თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

მაგრამ ივანიშვილის განცხადება მხოლოდ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო სექტორს არ გაუპროტესტებიათ.

ინიციატივამ დევნილებისა და ომით უშუალოდ დაზარალებული ნაწილის განსაკუთრებული გულისწყრომა გამოიწვია - აგვისტოს ომის საშინელი გამოცდილება ამ დღეებში სოციალურ ქსელებში ბევრმა ადამიანმა გაიხსენა.

  • საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ნაწამები მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „2008 წლის 9 აგვისტო… ,,ოსი ძმების“ ჩექმა გიორგის ზურგზე“. იქვე კი ჰეშტეგია - „ბოდიში გიორგი“.
  • „ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა?... ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!!“, - დაწერა ფეისბუკზე 2008 წლის შინდისის ბრძოლის გმირის ემზარ წილოსანის მეუღლემ - თეო წილოსანმა.
  • ბოდიში ჩვენს გმირებს, არ ვიმსახურებდით თქვენს თავგანწირვას, ნამდვილად არ ვიმსახურებდით...“ - დაწერა ვალერი ელიზბარაშვილმა, 2008 წლის ომში დაღუპული პოლკოვნიკის, დავით ელიზბარაშვილის (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი) შვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს ოპოზიციამ „შეურაცხმყოფელი“, „დამამცირებელი“, „ანტიქართული“ და „მოღალატეობრივი“ უწოდა.

მოვითხოვთ, რომ ივანიშვილის პარტიამ და თავად ივანიშვილმა ბოდიში ქართული საზოგადოების, ვეტერანების, თითოეული ქართველი გმირის ოჯახის წევრების წინაშე მოიხადონ, იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს, სწორედ, გორში გააკეთებინა“, - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ეს განცხადება ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან გააკეთა.

სახიფათო რეალობა და კონტექსტი - ვინ იყო ივანიშვილის მიმართვის ადრესატი?

ექსპერტების შეფასებით, ივანიშვილის ინიციატივა იმ რეალობის დამკვიდრებას ემსახურება, რასაც კრემლი უკვე წლებია ცდილობს: საქართველო აგრესორად გამოიყვანოს და რუსეთი აგრესიის შემაჩერებლად.

„თუ ჩვენ [როგორც ივანიშვილი აცხადებს] „ცეცხლის ალში გავხვიეთ“ ჩვენივე ეთნიკური უმცირესობა, ჩვენი მოქალაქეები, მაშინ გამოდის, რომ რუსეთის ხელისუფლება მართალი ყოფილა, რადგან რუსეთი სწორედ ამ ლოგიკას იყენებს: მე საქართველოს ტერიტორიაზე ოსი ხალხის გენოციდის აღმოსაფხვრელად შევედი, დავთრგუნე საქართველოს შეიარაღებული ძალები და გავხდი უსაფრთხოების გარანტიო. „მშვიდობისათვის იძულება“ სწორედ ამიტომ დაარქვა აგვისტოს ომს რუსეთმა“, - გვეუბნება ანდრო გოცირიძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც წლების განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო.

გოცირიძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, გორიდან, მესიჯი გაუგზავნა ერთდროულად - რუსეთსა და დასავლეთს, ხოლო თუ ეს განცხადება სახელმწიფოს პოლიტიკად იქცევა არჩევნების შემდეგ [„ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში] - „ეს იქნება კურსის სრული შეტრიალება - საქართველოს მეგობართა ჯგუფი, რომელიც ახლა შედგება დასავლური სახელმწიფოებისგან - კარგავს თავის ფუნქციას, რადგან [ივანიშვილის განცხადების მიხედვით] ისინი მეგობრები კი არა, მტრები ყოფილან და ომი მათ გამოუწვევიათ, ხოლო რუსეთი მომრიგებლად და მშვიდობისმყოფელად გამოდის. ამ განცხადებით ყველაფერი იცვლება და ყველაფერი აზრს კარგავს“, - ანდრო გოცირიძის შეფასებით, „ნიურნბერგის პროცესის“ ჩატარებას, ანუ საქართველოში ნაცისტების ძიებას - ბევრი რამ შეეწირება და მათ შორის - საერთაშორისო რეზოლუციები ქართველების ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით. ასევე, ოკუპანტმა მხარემ შესაძლოა „კოსოვოს მოდელით“ საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაც მოინდომოს.

„მაგრამ რეალურად, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და იქ არსებული მარიონეტული რეჟიმების ხელით მოახდინა ქართველი ხალხის ეთნიკური წმენდა, არაადამიანური მოპყრობა, რაც გამოიხატება - მასობრივ გაუპატიურებაში, არასრულწლოვანთა მკვლელობებში, მოხუცების განადგურებაში“, - ამბობს გოცირიძე.

ივანიშვილი გარე დამკვეთად დასავლეთს თვლის და ეს ჯერ კიდევ 29 აპრილს, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერთა კონტრაქციაზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლისას განმარტა. მაშინ მან მკაფიოდ თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არა რუსეთის წინასწარი განზრახვა, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ გეგმა იყო.

მათ [გლობალური ომის პარტიამ] ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს, - თქვა 29 აპრილს ივანიშვილმა.

„ქართული ოცნება“ ხშირად განმარტავს, რომ გლობალურ ომის პარტიაში გულისხმობს ძალას, რომელსაც აქვს დიდი გავლენა როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე.

ივანიშვილის ინიციატივამ კმაყოფილება გამოიწვია რუსეთში. კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა თქვა, რომ საქართველო „განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში „ადამიანი-ტერმინატორები“ ჩანერგა: მოლდოვაში - [მაია] სანდუ, უკრაინაში - [ვოლოდიმირ] ზელენსკი, ხოლო საქართველოში - [მიხეილ] სააკაშვილი. ზახაროვას თქმით, „ადამიანი-ტერმინატორები“ დასავლეთის დაკვეთით, საკუთარი ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს ანადგურებენ.

ბოდიში - ინიციატივის ისტორია

საოკუპაციო რეჟიმისა და სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყოველთვის არაპოპულარული თემა იყო და არასამთავრობო სექტორიდან წამოსულ ინიციატივას ხმაური 17 წლის წინაც მოჰყვა.

„ბოდიში, აფხაზებო!“ - 2007 წელს, აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდის ინიციატივა - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ყოფილ თავმჯდომარეს, უჩა ნანუაშვილს ეკუთვნოდა.

ეს ინიციატივა არ გაუზიარებია მაშინდელ ხელისუფლებას.

აწ უკვე „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გვეუბნება, რომ ბოდიში სამშვიდობო პროცესების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ბოდიშის მოხდის ინიციატივა ცალსახად დამაზიანებელია.

„ჩვენი ინიციატივა [აგვისტოს] ომამდე, 2007 წელს იყო... მაშინ საქართველოს ტერიტორიაზე არ იდგა რუსეთის საოკუპაციო ჯარი, საქართველოში არ იყო რუსეთის სამხედრო ბაზები [ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში 90-იანი წლებიდან განთავსებულ რუსულ ჯარებსა და ბაზებს ფორმალურად სამშვიდობო ჯარების ფუნქცია ჰქონდათ მინიჭებული - რ.თ.] - როგორც დღეს. რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე - რაც ახლა სრულიად შეცვლილია. ამიტომ ახლა ბატონი ივანიშვილის განცხადება რუსეთის გამართლებას ემსახურება. მოსკოვის ინტერესებში იყო ამ ნარატივის ახლა, ამ ფორმით, ამ კონტექსტში გაჟღერება“, - ეუბნება უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებას.

ნანუაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, არჩევნებისთვის, პოლიტიკური ქულების დაწერის სურვილით, ცდილობს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გამოყენებას, მაგრამ მსგავსი გაუაზრებელი განცხადებებით - საკუთარი თავის გარდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივასაც აზიანებს.

„ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი! ბოდიში, რომ ვერ შევძელით აგვეცილებინა თავიდან ის, რაც მოხდა“, „ვაპატიოთ ეს ომი ერთმანეთს, რათა ის არ განმეორდეს“, „მომავალი არ შეიცვლება, თუ არ დავფიქრდებით იმაზე, თუ რა მოხდა და არ მოვძებნით გზებს ერთმანეთისკენ“; „ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰყავდა პროვოკატორები და წამქეზებლები, ვინც მათ იარაღით ამარაგებდა“, - ნათქვამი იყო აფხაზი ხალხისთვის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ 2007 წელს გაგზავნილ მიმართვაში.

ცხინვალი და სოხუმი მეტს ითხოვენ

გამართლდა ექსპერტების მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას რუსეთიდან და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ახალი მოთხოვნების წამოყენება მოჰყვებოდა.

რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთიდან, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონიდან ახალი მოთხოვნები გაისმა:

  • „ოსეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება“;
  • „სააკაშვილის, შევარდნაძის, გამსახურდიას პოლიტიკის დანაშაულებრივად აღიარება“;
  • „კომპენსაციების გადახდა სიკვდილისთვის, დაბომბვით მიყენებული ზარალისთვის, სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური ბლოკადისთვის“.

„საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს და გადაიხადოს მატერიალური და მორალური ზიანისთვის, აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მერე შეიძლება ლაპარაკი მეზობლურ ურთიერთობებზე“; „შეწყვიტეთ 1920-იანი წლების იგნორირება, როდესაც ჩვენ არანაკლებ დავზარალდით“, - წერენ ტელეგრამარხ «БОНВ[Ӕ]РНОН»-ის მომხმარებლები.

საქართველოს მარტო ბოდიში არ უშველის - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოქმედი ოპოზიციური პარტია „სამართლიანობისთვის“ [«За справедливость»] და დამოუკიდებლობის აღიარებასთან ერთად საქართველოს სახელმწიფოს მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მკვიდრთა მიმართ „გენოციდური პოლიტიკის“ აღიარებასაც ითხოვს.

დამოუკიდებლობისა და გენოციდის აღიარებას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ითხოვენ და მათ შორის არის - „ერთიანი ოსეთიც“ ​[«Единая Осетия»].

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონშიც.

„ბატონი ივანიშვილის განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოში ჯერ ისევ არის შიდა გადაფასებისა და საკუთარი შეცდომების აღიარების რესურსი, როგორც ეს არაერთხელ იყო ჩვენს ურთიერთობებში“, - აცხადებს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

განცხადებაში დასახელებულია „კეთილმეზობლობისთვის“ აუცილებელი მოთხოვნებიც:

  • თბილისის მიერ უარის თქმა „პოლიტიკურ და ეკონომიკურ წნეხზე“;
  • „სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა“ - ძალის არგამოყენების საერთაშორისო გარანტიების შესახებ.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა, მოსკოვი მრავალი წელია ლობირებს თბილისის მიერ ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმებას ცხინვალსა და სოხუმთან - რაც მათი დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასი იქნება.

ანდრო გოცირიძე მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ლოგიკის მიხედვით, აზრს დაკარგავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატიც, რომლის თანათავმჯდომარეები - ევროკავშირი, ეუთო და გაერო არიან.

„თუკი [ბიძინა ივანიშვილის] ეს ინიციატივა საქართველოს ოფიციალურ პოლიტიკად იქცევა, მოლაპარაკებების მაგიდასთან [ჟენევაში] საქართველომ საყვედური არა რუსეთს, არამედ დასავლურ ქვეყნებს უნდა უთხრას - რადგან [ივანიშვილის განცხადებით] გამოდის, რომ ომი მათ გაუჩაღებიათ... ეს რადიკალურად ცვლის განხილვის დისკურსს“, - ამბობს გოცირიძე.

აფხაზი ჟურნალისტი, ინალ ხაშიგი წერს, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

„იმედი მაქვს, რომ მონანიების პროცესი ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ არ წარმოადგენს მხოლოდ ანგარიშსწორების ინსტრუმენტს თავისი მთავარი შიდაპოლიტიკური მოწინააღმდეგის - „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ“, - აღნიშნავს ხაშიგი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG