საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას გორში, ოსების წინაშე მობოდიშების მზადყოფნის შესახებ.
შალვა პაპუაშვილი ცალ-ცალკე განიხილავს ომის დამნაშავეებსა და ოს ხალხს.
„ომის დამნაშავეებს პასუხს გასცემს მართლმსაჯულება, ამას აკეთებს „ქართული ოცნება“. ის, რაც მიატოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჰააგის და სტრასბურგის პროცესები, ფაქტობრივად, უიმედო იყო ეს საქმეები და „ქართულმა ოცნებამ“ შემოატრიალა და მოიგო ორივე საქმე. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ ის, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული 2008 წელს, უნდა იქნეს დასჯილი. სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, ჰააგის სასამართლომ ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე და უკანონო იზოლატორის ხელმძღვანელზე გასცა დაკავების ორდერები. ასე რომ, ომის დამნაშავეები, მათ შორის, ვინც აწამა ანწუხელიძე, მათ მოეთხოვებათ პასუხი მართლმსაჯულების წინაშე“, - თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ბოლო რამდენიმე დღეა, ოსი ხალხი გამოაცხადეს დამნაშავეებად. მან ოპოზიციას, მედიის ნაწილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ომის პარტიის წარმომადგენლები უწოდა. „რაც შეეხება ოპოზიციას და ენჯეოებს, მათი ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე“, - დაამატა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, რუსეთი არის დეოკუპაციის საკითხი, ხოლო ოსებთან ურთიერთობა შერიგების საკითხია.
„მსხვერპლი ვართ ორივე, ქართველებიც და ოსებიც... ისევე როგორც ომის დამნაშავეები, რომლებიც აწამებდნენ ქართველ ჯარისკაცებს, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ასევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და დაამატა, - ორი დღეა, ოპოზიციის მედია, ოპოზიცია და ენჯეოები ოს ხალხს ეძახიან მკვლელებს, ოს ხალხს ეძახიან ომის დამნაშავეებს - ხალხს. ამაზე უფრო მეტი შუღლის გაღვივება რა უნდა იყოს და ამას აკეთებენ ენჯეოები. აღრევით, რომ თითქოს საუბარი არის ომის დამნაშავეებზე და კიდევ ერთხელ სპეკულირებით და ამოფარებით ჩვენი გმირების სახელების უკან, ელემენტარულ ჭეშმარიტებას აყენებენ კითხვის ქვეშ.
ელემენტარული ჭეშმარიტება არის ის, რომ არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; მეორე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით; მესამე, მშვიდობიანი გზა გულისხმობს შერიგებას; მეოთხე, შერიგება გულისხმობს გააზრებას იმისა, თუ რა ჭრილობები გვაქვს ჩვენ ერთმანეთისთვის მიყენებული… სადაც საჭირო იქნება, იქ სინანული, სადაც საჭირო იქნება, იქ ურთიერთშენდობა“.
14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას გორში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ოჯახების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა კი ივანიშვილის სიტყვების შესახებ თქვა, რომ საქართველო „განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა”.
ბიძინა ივანიშვილმა გორში მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულ სამხედრო ძალებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე დაწყებული ჰქონდათ სამხედრო იერიში.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე ისევ საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო.
ფორუმი