გორში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები. ისინი უარყოფითად აფასებენ ივანიშვილის განცხადებას.
„ბოდიში ჩვენს გმირებს, არ ვიმსახურებდით თქვენს თავგანწირვას ნამდვილად არ ვიმსახურებდით...“ - დაწერა ვალერი ელიზბარაშვილმა, 2008 წლის ომში დაღუპული პოლკოვნიკის, დავით ელიზბარაშვილის (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი) შვილმა.
შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის ცოლმა, თეო წილოსანმა რიტორიკული შეკითხვა დასვა: [ბოდიში უნდა მოიხადონ] შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა?!
„ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ?! და აგრესორების ომში იბრძოდა?! რა ვუთხრა მის სულს?! რით იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ? ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა?! რუსებს?! ოსებს?! თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!!“ - დაწერა თეო წილოსანმა.
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლმა მაკა ჩიკვილაძემ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ნაწამები მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „2008 წლის 9 აგვისტო… ,,ოსი ძმების” ჩექმა გიორგის ზურგზე“.
14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულ სამხედრო ძალებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე დაწყებული ჰქონდათ სამხედრო იერიში.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე ისევ საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო.
ფორუმი