„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, გორში სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა 4 მიზეზი, თუ რისთვის სჭირდება მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
პირველ მიზეზად მან დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი მემკვიდრე პარტიების“ არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მაშინდელი ხელისუფლების მიერ ქვეყნის ღალატი უწოდა და „ნაციონალური რეჟიმის“ მემკვიდრეობად გამოაცხადა „ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ათობით ათასი ადამიანი და ასობით ქართველის შეწირული სიცოცხლე.”.
“ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ ყველა იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი ღალატისთვის” - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
მან ასევე დასძინა: "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
მეორე მიზეზად მან დაასახელა კონსტიტუციური კანონპროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ,“ რომლის მიღებასაც “ქართული ოცნება” პირდება ამომრჩეველს. “ქართველი კაცის მორალი დღეს ოპოზიციისა და მისი მფარველების განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს. მათ ზუსტად იციან, რომ საზოგადოება მაშინ ხდება უსიტყვოდ მორჩილი, როდესაც საკუთარ წარსულზე, ისტორიასა და ღირებულებებზე ამბობს უარს!” - თქვა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ “ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს” კონსტიტუციაში ასახავდნენ.
მესამე მიზეზი ბიძინა ივანიშვილის თქმით კონსტიტუციური კანონია, რომლითაც მართლმადიდებლობა “საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენად გამოცხადდება”.
მეოთხე მიზეზად მან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საჭიროება გამოცხადა, რომლის “მშვიდობიანი გზით აღსადგენად ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომწიფდეს.” ამ საკითხზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ “არცერთ გოჯ მიწას არავითარი ფასი არა აქვს იქ მცხოვრები ადამიანების გარეშე. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ოსი დებისა და ძმების დაბრუნებაა. მთავარი იდეა იმ ურთიერთობების აღდგენაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადუღაბებდა საქართველოს მთლიანობას.
ფორუმი