Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის მობოდიშების მზაობას მოსკოვი აქებს


Z-პროპაგანდამ ივანიშვილის სიტყვები მაშინვე აიტაცა
Z-პროპაგანდამ ივანიშვილის სიტყვები მაშინვე აიტაცა

ბიძინა ივანიშვილმა დადო პირობა, რომ საქართველო “ოს დებს და ძმებს” აგვისტოს ომისთვის ბოდიშს მოუხდის. რუსი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ თბილისიდან მსგავს სიტყვებს არ ელოდნენ. ერთ-ერთის თქმით, ამით ივანიშვილმა საქართველოს ოკუპაციაც უარყო.

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე კვლავ სთხოვს ქართველებს, მის პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა ანდონ.

14 სექტემბერს, გორში, ბიძინა ივანიშვილმა გაიმეორა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი იმჟამინდელი ხელისუფლების ბრალია და “ნაციონალურ მოძრაობას” მის “სატელიტებიანად” გაასამართლებს “ქვეყნის ღალატისთვის”.

მაგრამ ამის შემდეგ მან გააჟღერა ახალი თეზისი.

“აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები", - თქვა ივანიშვილმა.

ამ სიტყვებს მყისვე გამოეხმაურა კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ბოსი, მარგარიტა სიმონიანი, რომელმაც თქვა, რომ საქართველო “განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა”.

“გეგონება, მრავალწლიანი ლოთობიდან, ან ფსიქოზიდან გამოვიდაო. მოკლედ, გულმხურვალედ მივესალმებით!” - დაწერა სიმონიანმა ტელეგრამზე.

ივანიშვილის განცხადება “ისტორიულია” და მას თბილისის და მოსკოვის ურთიერთობა “ახალ დონეზე გადაჰყავს”, - თქვა კრემლის კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა, ნადანა ფრიდრიხსონმა.

მობოდიშების მზაობა “ანადგურებს იმ შთაგონებებს, რომლებითაც 16 წელი ქართველების ცნობიერებას წამლავდნენ, რომ თითქოსდა რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია”, - დაამატა მან.

“სასიხარულო ამბავი” მოვიდა თბილისიდან პრორუსი უკრაინელი ბლოგერის ტატიანა მონტიანისთვისაც.

“რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ საქართველოში მსგავს რამეს, მით უფრო დიდი შანსია, რომ აზრი საქართველოს ბრალეულობაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინაშე, მასობრივ ცნობიერებაში დაილექება”, - დაწერა მონტიანმა ტელეგრამზე.

ტრადიციული ქება

კრემლის პროპაგანდისტებს არ ჩამორჩნენ უკრაინაში ომის მხარდამჭერი გავლენიანი Z-ბლოგერები.

“აი, მესმის ახალი ამბავი! ბოდიშის მოხდა მნიშვნელოვანი საკითხია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის”, - წერს პოპულარული Z-ბლოგერი, ბორის როჟინი.

ცხინვალისთვის მობოდიშება “წარმოუდგენლად ძლიერი და სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ეს მაქსიმალურ პატივისცემას იმსახურებს”, - წერს ანონიმური არხი “მორდორის ხმა”.

“მაგარია. გვიხარია ქართველების და ოსების ამბავი. შანსი აქვთ, შერიგდნენ და წარსულის იარები განკურნონ”, - წერს ანონიმური “ზერადა”.

“როგორი საეჭვოდ შეგნებული ხალხია საქართველოს ხელისუფლებაში: ხან ევროკავშირს მოიშორებენ თავიდან, ხან სოდომიის პროპაგანდას კრძალავენ, ხან ამერიკელ სენატორებს არ იღებენ, ხანაც რუსეთთან თანამშრომლობას აანონსებენ”, - წერს კიდევ ერთი ანონიმური არხი.

მაგრამ Z-ბლოგერების უმეტესობას, ივანიშვილის განცხადების აღარ უკვირს.

“ქართულ ოცნებას” ტრადიციულად აქებენ “თანმიმდევრული პოლიტიკის” გატარებისთვის და რუსეთთან ომის თავიდან არიდებისთვის - ანუ იმისთვის, რისთვისაც “ქართული ოცნება” თავადაც იქებს თავს.

“კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაალაგო ურთიერთობები მეზობლებთან”, - აფასებს ივანიშვილის სიტყვებს ანონიმური სამხედრო არხი “მედლის მეორე მხარე”.

“ოცნების" დაპირებები

ბოლო თვეებია, “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ განგებ დაიწყო და რუსეთს საქართველოს ტერიტორია დააპყრობინა.

“ქართულ ოცნებას” ოქტომბრის არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობის მიღება სურს. მმართველი პარტია დებს პირობას, რომ ამ შემთხვევაში აკრძალავს “ნაციონალურ მოძრაობას” და დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს.

საქართველოს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დალაგება კრემლმაც შესთავაზა.

რუსეთი მზადაა, დაეხმაროს „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს დიალოგის განვითარებაში, რამაც მტკიცე მშვიდობა უნდა დაამკვიდროს მათთვის საერთო რეგიონში და სხვა დაგროვილი პრობლემების მოგვარებასაც შეუწყოს ხელი“, - თქვა 8 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG