Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს პრემიერმა პირობა დადო“ - Z-ბლოგერები რუსეთის გამართლებას ელოდებიან აგვისტოს ომში


Z-ბლოგერების არხები ტელეგრამში - ფოტოილუსტრაცია
Z-ბლოგერების არხები ტელეგრამში - ფოტოილუსტრაცია

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის ომის გამო გასამართლდება. Z-პროპაგანდა კი, საქართველოში შეჭრის 16 წლის თავზე ირწმუნება, რომ თბილისმა ჭკუა ისწავლა.

„მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 8 აგვისტოს.

მისი სიტყვები მაშინვე აიტაცა ტელეწამყვანმა და პროპაგანდისტმა რუსლან ოსტაშკომ.

„საქართველოს პრემიერმა დადო პირობა, გამოიძიოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა“, - დაწერა მან ტელეგრამზე.

რუსული პროპაგანდა უკვე 16 წელია ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომი საქართველომ 8 აგვისტოს დაიწყო „მძინარე ცხინვალის“ დაბომბვით. ის არაფერს ამბობს იმაზე, რომ ჯერ კიდევ 7 აგვისტოს საქართველოზე იერიში მიიტანა რუსეთის რეგულარულმა არმიამ.

ასე იყო წელსაც.

რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა საქართველოში შეჭრა უკრაინაზე თავდასხმას შეადარა.

მაშინაც და ახლაც რუსეთი „საკუთარ ხალხს და საკუთარ ინტერესებს იცავდა“, - დაწერა მედვედევმა ინგლისურად სოციალურ ქსელ X-ზე.

„სააკაშვილმა სისხლისღვრა გააჩაღა“, რუსეთმა კი ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა „გენოციდისგან იხსნა“, - თქვა დეპუტატმა ლეონიდ სლუცკიმ და დაამატა, რომ იქიდან მოყოლებული თბილისმა ჭკუა ისწავლა.

„დღეს საქართველო ეროვნული ინტერესების დაცვის, ტრადიციული ღირებულებებისა და დასავლური ნეოკოლონიალიზმისგან გათავისუფლების გზას დაადგა“.

საქართველოსთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებს სხვადასხვა პროპაგანდისტული ტელეგრამარხიც.

2008 წელს „პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გემრიელად დახვრიტა ცხინვალი, და თან დახოცა რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ათობით ჯარისკაცი...“

მაგრამ დღეს „ომის იარები შეხორცდა“ და „საქართველო-რუსეთის ურთიერთობები აღდგა“, - წერს „რიდოვკა“, კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ფლაგმანი.

საქართველო 2008 წელს სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა... შემდგომ კი „ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა გახდა“, - წერს არხი „სინამდვილეში ხარკოვში“, რომელიც ძირითადად კრემლის პროპაგანდას ავრცელებს აღმოსავლეთ უკრაინაზე.

საქართველომ 2008 წლის გაკვეთილი ისწავლა და გაიაზრა, რომ მისი ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა, - წერს არხი „ხმამაღალი აზრები“.

სწავლა რაში გამოიხატება? იმაში, რომ „თბილისი არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციებს, კიევის მუდარისა და ევროინტეგრაციით მისი დაშანტაჟების მიუხედავად“.

ესეც პროპაგანდისა (და „ქართული ოცნების“) ერთ-ერთი საყვარელი დაუსაბუთებელი ბრალდებაა. რომ დასავლეთი საქართველოს ევროინტეგრაციით აშანტაჟებს და რუსეთთან ომის დაწყებისკენ უბიძგებს.

2024 წლის 8 აგვისტოს საქართველომ მოსკოვიდან შემოთავაზებაც მიიღო.

საქართველომ უნდა აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება და ამას შეიძლება მოჰყვეს „ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური სახელმწიფო საზღვრების“ დემარკაცია, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

რუსეთი მზადაა დაეხმაროს „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს დიალოგის განვითარებაში, რამაც მტკიცე მშვიდობა უნდა დაამკვიდროს მათთვის საერთო რეგიონში და სხვა დაგროვილი პრობლემების მოგვარებასაც შეუწყოს ხელი“, - დაამატა მან.

2022 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) დასრულდა აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. მას ბრალი არცერთი ქართველისთვის არ წაუყენებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG