Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მაგრები ხართ!” - “ოცნებამ” კანდელაკისა და სხვა Z-პროპაგანდისტების მოლოდინებს გადააჭარბა


ფოლოილუსტრაცია: რუსეთში მოელიან, რომ “ოცნება” მალე კიდევ უფრო შორს წავა და ხელს დაადებს ძალას, რომელმაც სააკაშვილს თითქოსდა რუსეთთან ომის დაწყება უბრძანა.
ფოლოილუსტრაცია: რუსეთში მოელიან, რომ “ოცნება” მალე კიდევ უფრო შორს წავა და ხელს დაადებს ძალას, რომელმაც სააკაშვილს თითქოსდა რუსეთთან ომის დაწყება უბრძანა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ განგებ დაიწყო და რუსეთს საქართველოს ტერიტორია დააპყრობინა. Z-პროპაგანდისტებს ეს თან უხარიათ, მაგრამ თან უკვირთ. ამბობენ, ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოგვედგინა, თუკი “ოცნება” რაიმე მსგავსს იტყოდაო.

სააკაშვილმა შეგნებულად მისცა რუსეთს ქვეყანაში შეჭრის სამართლებრივი საფუძველი, მისი ქმედებები კი “გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგია.” - ნათქვამია “ქართული ოცნების” 13 აგვისტოს ვრცელ განცხადებაში.

განცხადება მოჰყვა “რადიო თავისუფლების” ინტერვიუს ჰაიდი ტალიავინისთან, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომის შემსწავლელ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა.

განცხადების ბოლოს “ოცნებამ” გაიმეორა, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ “კანონის მთელი სიმკაცრით” უნდა აგოს პასუხი.

“სიმართლემ იზეიმა”

კრემლისა და უკრაინაში ომის რუსმა მხარდამჭერებმა ამ სიტყვებს სიხარულით უპასუხეს.

წარმოშობით ქართველმა პროპაგანდისტმა, თინა კანდელაკმა თქვა, რომ “ამ მომენტს ძალიან ელოდა” და საქართველოში ბოლოსდაბოლოს “სიმართლემ იზეიმა”.

პოსტში, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს, კანდელაკმა დაამატა, რომ ამ ხნის მანძილზე საქართველოში “მოტყუებული თაობა გაიზარდა”, რომელსაც “ყველაფერი რუსულის უარყოფა” ასწავლეს.

“აი, ეს მესმის… ქართველებო, მაგრები ხართ!” - შეაქო საქართველო კანდელაკის კოლეგამ, ტელეწამყვანმა ოსკარ კუჩერამ.

ნაციონალისტურმა ტელევიზიამ, "ცარგარდმა" ამას “საინტერესო შემოტრიალება” უწოდა.

“ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ოფიციალურ საქართველოში მხოლოდ ერთი მოსაზრება დომინირებდა - რომ ყველაფერში დამნაშავეა აგრესორი რუსეთი… ნუთუ ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ტრიალდება?” - წერს ტელევიზია ტელეგრამზე.

“მორიგი ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ,” - აქებს საქართველოს პროპაგანდისტი დმიტრი სმირნოვი.

პოპულარული სამხედრო ბლოგერი, მიხაილ ზვინჩუკი კი ირწმუნება, რომ საქართველოში “პოლიტიკური განკურნების” პროცესი გრძელდება.

ოცნებამ “თითი უნდა გაიშვიროს”

რუსეთში მოელიან, რომ “ოცნება” მალე უფრო შორსაც წავა და ხელს დაადებს ძალას, რომელმაც სააკაშვილს თითქოსდა რუსეთთან ომის დაწყება უბრძანა.

რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ Z-ბლოგერების მტკიცებით, ეს ძალა აშშ-ა.

“ყველას ესმის, რომ ვაშინგტონზეა ლაპარაკი… რუსეთის პოზიციაც ანალოგიურია: სააკაშვილის აგრესია აშშ-ის წაქეზებამ გამოიწვია,” - ამბობს კრემლის მხარდამჭერი მწერალი ნიკოლაი სტარიკოვი.

“ეყოფათ “ქართული ოცნების” პოლიტიკოსებს იმის გამბედაობა, ღიად დაადანაშაულონ აშშ მათი ქვეყნის გაუბედურებაში?” - კითხულობს პროპაგანდისტული არხი “ყოვლისმჭვრეტელი თვალი”.

და თავადვე უპასუხებს ამ კითხვას.

“ეს რთული დასაჯერებელია. მაგრამ ისიც რთული დასაჯერებელი იყო, რომ თბილისი უარს იტყოდა აგვისტოს ომისთვის [იგულისხმება ომის დაწყება. - რ.თ] მოსკოვის დადანაშაულებაზე”.

მოულოდენლად საქართველოში მიხვდენენ, რომ აგვისტოს ომში დამნაშავეა არა რუსეთი, არამედ “დასავლეთის მარიონეტი” სააკაშვილი. “მმართველმა პარტიამ ახლა ხელიც უნდა გაიშვიროს მათკენ, ვინც სააკაშვილს მსგავსი ბრძანება მისცა,” - წერს ახალგაზრდებზე გათვლილი მედიაპროექტი "მეტამეტრიკა".

“ოცნებას” რუსეთთან საქმის დალაგება უნდა, ამიტომ ადანაშაულებს “გარე ძალებს”, რომლებთანაც “საქართველოსაც და რუსეთსაც რთული ურთიერთობა აქვთ,” - ამბობს პრორუსული ორიენტაციის უკრაინელი პოლიტიკოსი ტატიანა მონტიანი.

სააკაშვილს “რაღაცას უზამენ”

ოცნებას აქებდნენ პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის ტელეარხზეც.

წამყვანმა გადაცემისა “Z დღეს”, მარატ ბულატოვმა თქვა, რომ საქართველო გადაურჩა “უკრაინად გადაქცევას” და ახლა ქვეყანაში ისტორიული ამბები ხდება.

მას სტუმრად ჰყავდა ქართველი ჟურნალისტი ვასო კაპანაძე, რომელიც მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს “აკვირდებოდა”.

მანაც იგივე გაიმეორა. რომ სააკაშვილი 2008 წელს საკუთარი ნებით არ მოქმედებდა. “მას გარედან უკარნახებდნენ, როგორ ემოქმედა, როგორ გაეფუჭებინა ქართლ-რუსული ურთიერთობები,” - თქვა კაპანაძემ.

საპასუხოდ ბულატოვმა უთხრა, რომ “სააკაშვილმა [აგვისტოს ომზე] მეტისმეტად ბევრი იცის და შეიძლება ნებისმიერ მომენტში ალაპარაკდეს”. ამიტომ, აშშ ან “არჩევნებში ჩაერევა”, ანდა “სააკაშვილს უზამს რამეს”.

მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა.

ომი და დასკვნა

რუსული პროპაგანდა უკვე 16 წელია ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომი საქართველომ 8 აგვისტოს დაიწყო „მძინარე ცხინვალის“ დაბომბვით. ის არაფერს ამბობს იმაზე, რომ ჯერ კიდევ 7 აგვისტოს საქართველოზე იერიში მიიტანა რუსეთის რეგულარულმა არმიამ.

2022 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) დასრულდა აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. მას არცერთი ქართველისთვის არ წაუყენებია ბრალი.

ჰაიდი ტალიავინის დასკვნის თანახმად, ღია საომარი მოქმედებები ცხინვალის დაბომბვით დაიწყო, თუმცა შეუძლებელია მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს დაეკისროს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სამხედრო პროვოკაცია რუსეთის მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ომის დაწყებას კი წინ უძღოდა რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის ხანგრძლივი პერიოდი, ინციდენტები და პროვოკაციები.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG