ორლოვმა, რუსეთის ერთერთმა ყველაზე გამოცდილმა და პატივცემულმა უფლებადამცველმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 1 აგვისტოს მისი განთავისუფლების და გერმანიაში ჩასვლის შემდეგ, ის ერთმანეთის მიყოლებით ხვდება ჟურნალისტებს და სიტუაციის გააზრებისთვის დრო საერთოდ არ ჰქონია.
"ჯერ თავს ვერსად ვერ ვგრძნობ. ვერც ემიგრაციაში და ბოლომდე ვერც თავისუფლებაში." ამბობს ორლოვი. "მთელი დღე უბრალოდ შეუჩერებლად ვსაუბრობ, მაგრამ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ქუჩაში სიარულიც კი ბედნიერებაა."
ორლოვი იყო ერთ-ერთი იმ 16 ადამიანიდან, რომლებიც გაათავისუფლეს ამ ისტორიული გაცვლის შედეგად, რვა რუსი კი სამშობლოში დაბრუნდა. ის რადიო თავისუფლებას შეხვდა ბერლინში, სადაც ახლა ემიგრაციაში ცხოვრობს და ეჩვევა ცხოვრებას, რომელიც სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც მას წარმოედგინა.
თავისუფლება მას ყოველთვის სადმე რუსეთში წარმოედგინა, ტბასთან ან სადმე ბუნებაში, სადაც დროს სოკოს კრეფაში ან თავის აგარაკზე წამოწოლილი ცის ყურებაში გაატარებდა.
"მე ასეთ თავისუფლებას ვხედავდი", - თქვა მან ჯერ კიდევ იმაზე ფიქრით, რომ ოდესღაც კარელიის, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონის ტბებს მოინახულებს და მზის ჩასვლით დატკბება.
ორლოვს და მის თანაპატიმარ ალექსეი მალეევსკის, რომელსაც მან პოლიტიკური პატიმარი უწოდა, თავიანთ საკანში არაერთხელ უსაუბრიათ პატიმართა გაცვლის შესაძლებლობაზე. მათ იცოდნენ, რომ რაღაც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ეჭვი ეპარებოდათ განხორციელებაში.
"დიახ, რა თქმა უნდა, არავის დიდად არ სჯეროდა, რომ გაცვლა მოხდებოდა," - ამბობს ორლოვი, რომელიც თებერვალში გაასამართლეს რუსი სამხედროების არაერთგზის დისკრედიტაციისთვის და 30 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ეს გადაწყვეტილება ივლისში შევიდა ძალაში.
მან გაიხსენა, თუ როგორ თქვა უარი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისგან შეწყალების თხოვნაზე ხელის მოწერაზე. მას ეს პეტიცია განთავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე წარუდგინეს. ორლოვი ამ ამბავს იხსენებს როგორც "შინაგანად ტრამვულს" რადგან მას გულწრფელად სჯეროდა, რომ განთავისუფლების საბოლოო შანსი გამოტოვა.
ორლოვის თქმით, როდესაც ციხის თანამშრომელს დაუდასტურა, რომ დარწმუნებული იყო თავის გადაწყვეტილებაში, პეტიციისთვის ხელი არ მოეწერა, მას სჯეროდა, რომ სასჯელის სრულად მოხდა მოუწევდა.
პასუხად კითხვაზე, თუ რა ენატრებოდა ყველაზე მეტად ციხეში ყოფნისას, მან თქვა, რომ იყო "მოძრაობის დიდი ნაკლებობა", ნაცრისფრის და ყავისფრის გარდა ფერი არ არსებობდა და დაამატა, რომ საკვები ხშირად "ისეთი უგემური, ერთფეროვანი და ზოგჯერ, როგორც ჩანს, ცუდი ზეთით მომზადებული იყო, რომ კუჭს უშლიდა".
მისი სიტყვებით, სხვა პატიმრებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და თავს ამის გამო იღბლიანად თვლიდა. ისინი "ძალიან განსხვავებული ადამიანები" იყვნენ, მაგრამ მათთან საერთო ენის გამონახვა შეიძლებოდა, რამეზე საუბარი ან სამაგიდო თამაშის თამაში ყოველთვის შესაძლებელი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სასტიკი და უხეში მოპყრობა იშვიათობა არ იყო, მან თქვა, რომ ეს არ იყო მიმართული რომელიმე კონკურეტული პატიმრის წინააღმდე. ეს იყო ტრადიციული "სისასტიკე, რომელსაც თვითონ სისტემა ქმნის."
მისი თქმით, სისტემა არ არის მიმართული ჰუმანურ მოპყრობაზე, მით უმეტეს კი - გამოსწორებაზე. ეს არის სასჯელაღსრულების სისტემა, მაგრამ "იქ არ არსებობს გამოსწორება".
თარგმანი: ანასტასია კურდღელია
ფორუმი