1 აგვისტოს პატიმართა გაცვლა, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ, რუსეთი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მოიცავდა აშშ-ის 3 მოქალაქეს, გერმანიის ხუთ მოქალაქეს და რვა რუს აქტივისტს.
ციხეში რჩება კიდევ რამდენიმე ამერიკელი, რომლებსაც ვაშინგტონი უსამართლოდ დაპატიმრებულებად მიიჩნევს და ასობით რუსეთის მოქალაქე, რომლებსაც დასავლეთი პოლიტპატიმრებს უწოდებს. დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებენ, რომ ენერგიულად განაგრძონ მათი გათავისუფლების მცდელობა.
„ისინი მძიმე პირობებში რჩებიან. მათ სერიოზული საფრთხე ემუქრებათ. ჩვენ უბრალოდ არ უნდა დავივიწყოთ ისინი, თუნდაც იმ ეიფორიის ფონზე, რომ ვინმეს გამოყვანა მოხერხდა“, - განუცხადა თავისი ნებით რუსეთიდან წასულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი გუდკოვმა Current Time-ს პატიმრების გაცვლის შემდეგ, რომლის შედეგადაც რვა რუსი, მათ შორის, მსჯავრდებული მკვლელი და ჯაშუშები დაბრუნდნენ მოსკოვში დასავლური ციხეებიდან.
გაცვლის დროს გაათავისუფლეს რუსეთის მოქალაქეები, კრემლის ცნობილი მტრები ილია იაშინი და ვლადიმერ კარა-მურზა, ასევე აქტივისტები ალექსეი ნავალნის ქსელიდან, ოპოზიციის ლიდერისა, რომლის გათავისუფლების შესახებაც თეთრი სახლი ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს მის საიდუმლოებით მოცულ სიკვდილამდე რუსეთის ციხეში.
რუსული უფლებადამცველი ჯგუფის, „მემორიალის“ მიერ პოლიტპატიმრად დასახელებული თითქმის 800 რუსი კი ისევ რჩება პუტინის ციხეებში. ეს მაჩვენებელი 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაიზარდა.
სერგეი დავიდისი, „მემორიალის“ პოლიტპატიმრების მხარდაჭერის პროექტის ლიდერი, ამბობს, რომ ეს რაოდენობა არასრულია, რადგან საქმეების ანალიზს დიდი დრო სჭირდება და, ასევე, ხელისუფლება ხშირად არ ავრცელებს ინფორმაციას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
„სამწუხაროდ, რუსეთში პოლიტპატიმრების საერთო რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ვინმეს შეეძლება ჩამოთვალოს. ჩვენი რიცხვი მინიმალური, სანდო შეფასებაა“, - უთხრა დავიდისმა რადიო თავისუფლებას.
დავიდისი მიიჩნევს რომ, მართალია, 1 აგვისტოს ყველა რუსი პოლიტპატიმრის გამოშვება შეუძლებელი იქნებოდა, პატიმრების გაცვლა იმედს აჩენს, რომ „ერთ დღეს შეიძლება დანარჩენებიც გათავისუფლდნენ“.
ერთ-ერთი, ვინც რუსი პოლიტპატიმრების მდგომარეობაზე ლაპარაკობდა Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი იყო - ერთ-ერთი აშშ-ის სამი მოქალაქიდან, რომელიც გაათავისუფლეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ალსუ კურმაშევასთან და პოლ უელანთან, მიჩიგანის კორპორაციული უსაფრთხოების აღმასრულებელთან ერთად.
გერშკოვიჩმა 1 აგვისტოს, ამერიკაში ჩასვლისთანავე თქვა, რომ კარგი იყო იმის დანახვა, რომ რუსი პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს, თუმცა თითქმის ყველა, ვისთანაც ერთად ის სასჯელს იხდიდა, „პოლიტპატიმარია“.
„მათ საჯაროდ არავინ იცნობს. მათ აქვთ, იცით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები... ვფიქრობ, კარგი იქნება თუ შევძლებთ მათთვის რაიმეს გაკეთებას. მე მინდა ველაპარაკო ხალხს ამის შესახებ მომდევნო კვირებში და თვეებში“, - თქვა გერშკოვიჩმა.
"სრული უსამართლობა"
პატიმართა გაცვლის მიღმა დარჩენილთა შორისაა აშშ-ის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ვაშინგტონს არ დაუსახელებია „უსამართლოდ დაკავებულად.“ ამ სტატუსს აშშ-ის მთავრობა საზღვარგარეთ მყოფ ამერიკელებს ანიჭებს, რაც შემდეგ პრიორიტეტულ ძალისხმევას იწვევს მათ გასათავისუფლებლად.
მათ შორის არიან:
- მარკ ფოგელი, მასწავლებელი, რომელიც მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს მცირე რაოდენობით მარიხუანით, რომელიც, მისი თქმით, სამედიცინო მიზნებისთვის ჭირდებოდა;
- გორდონ ბლეკი, აშშ-ს არმიის შტაბის სერჟანტი, რომელიც ვლადივოსტოკში გაასამართლეს ქურდობისა და რომანტიკულ ურთიერთობაში მყოფი ქალის წინააღმდეგ მუქარისათვის;
- რობერტ გილმანი, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, რომელსაც 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ნასვამ მდგომარეობაში რუს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების გამო;
- ევგენი სპექტორი, ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი რუსეთში, რომელიც ციხეშია ჯაშუშობის ბრალდებებით;
- რობერტ ვუდლენდი, რუსეთში დაბადებული პირი, რომელიც ამერიკელებმა იშვილეს. მას 12,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ივლისში ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით;
- მაიკლ ლიკი, მუსიკოსი და ყოფილი ამერიკელი მედესანტე, რომელსაც მოსკოვის სასამართლომ ივლისში 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით;
- ქსენია კარელინა, აშშ-რუსეთის ორმაგი მოქალაქე, რომელსაც ღალატში ედება ბრალი აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაციისთვის 51 დოლარის სავარაუდო შემოწირულების გამო. ორგანიზაცია უკრაინას ეხმარება.
1 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში პატიმრების გაცვლის შესახებ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ „არ შეწყვეტს მუშაობას მანამ, სანამ მთელ მსოფლიოში უსამართლოდ დაკავებული ან მძევლად მყოფი ამერიკელი არ დაუბრუნდება ოჯახს“.
„ძალიან ბევრი ოჯახი იტანჯება საყვარელ ადამიანებთან დაშორებით. მე, როგორც პრეზიდენტს, არ გამაჩნია უფრო დიდი პრიორიტეტი, ვიდრე ამ ამერიკელების სახლში დაბრუნებაა“, - თქვა ბაიდენმა.
რუსეთში პატიმრობაში დარჩენილი აშშ-ის მოქალაქეების ნათესავებმა და ახლობლებმა აღშფოთება და იმედგაცრუება გამოხატეს, რადგან ისინი ვერ მოხვდნენ პატიმრების გაცვლაში.
”სრული უსამართლობაა, რომ ის სახლში არ დააბრუნეს”, - განუცხადა ფოგელის დამ, ენ ფოგელმა ამერიკულ მედიას.
მან აღნიშნა, რომ მისი ძმა გაასამართლეს იმავე ბრალდებით, როგორითაც ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთის ვარსკვლავი ბრიტნი გრინერი, რომლის გათავისუფლება მოხერხდა ვაშინგტონის მიერ 2022 წლის დეკემბერში ჩატარებული პატიმრების გაცვლის დროს, თუმცა მისთვის, გრინერისგან განსხვავებით, არ მიუნიჭებიათ „უსამართლოდ დაკავებულის“ სტატუსი.
”მარკს პრიორიტეტი არ მიანიჭეს”, - თქვა ფოგელმა.
კარელინას ბოიფრენდმა კი „როიტერსს“ განუცხადა, რომ ბედნიერია პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული აშშ-ის სამი მოქალაქის გამო, რაც მისი თქმით, „იმედს აძლევს“.
„ამავდროულად, გულგატეხილი და სევდიანი ვარ... ის სიაში ვერ მოხვდა“, - თქვა მან.
ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა, განცხადებაში ფოგელი და კარელინა დაასახელა და თქვა - „არ უნდა დავივიწყოთ ისინი, ვინც დარჩნენ“. მან აშშ-ს მთავრობას მოუწოდა გააორმაგოს ძალისხმევა მათ გასათავისუფლებლად.
დემოკრატმა კონგრესმენმა ტედ ლიუმ, რომელიც კარელინას ქალაქს, ლოს-ანჯელესს წარმოადგენს თქვა, რომ მისი და რუსეთში ჯერ კიდევ დაპატიმრებული სხვა ამერიკელების გათავისუფლება "მომავალში დიპლომატიურ პრიორიტეტი" უნდა გახდეს.
ბელარუსელი და უკრაინელი პოლიტპატიმრები
1 აგვისტოს პატიმრების გაცვლის შემდეგ, ბელორუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ ასევე მოუწოდა გლობალურ საზოგადოებას, არ დაივიწყოს ლუკაშენკას რეჟიმის პოლიტპატიმრები.
გაცვლა მოიცავდა 30 წლის გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერს, რომელსაც ბელარუსში სიკვდილი მიუსაჯეს ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით, თუმცა ის შემდეგ ლუკაშენკამ შეიწყალა.
„მივესალმები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას რუსეთის ციხეებიდან. ახლა დროა, მთელი ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ ბელარუსში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ. ბევრი არაადამიანურ პირობებში იმყოფება, მოკლებული არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას და გარე სამყაროსთან კონტაქტს“, - დაწერა ციხანოუსკაიამ X-ზე.
ბელორუსის უფლებადამცველმა ჯგუფმა „ვიასნამ“ 1400-მდე ადამიანი მიიჩნია ლუკაშენკას რეჟიმის პოლიტპატიმრად. ბელარუსი კრემლის მთავარი მოკავშირე იყო უკრაინასთან რუსეთის სრულმასშტაბიან ომში.
ამ ომის შედეგად რუსეთმა ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა. უკრაინის ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა ივნისში განაცხადა, რომ სულ მცირე 14 000 უკრაინელი სამოქალაქო პირი ამჟამად რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.
“მემორიალის” დავიდისი მიიჩნევს, რომ ეს უკრაინელებიც პოლიტპატიმრებად უნდა ჩაითვალონ, მაგრამ მათზე და მათ საქმეებზე ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია.
„მათ თავისუფლებას ართმევენ აშკარა პოლიტიკური მოტივაციის გამო“, - უთხრა დავიდისმა რადიო თავისუფლებას.
ფორუმი