Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრების გაცვლა: რას იღებს აქედან პუტინი?


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჟენევის სამიტზე 2021 წელს.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჟენევის სამიტზე 2021 წელს.

პატიმართა გაცვლის შედეგად, რომელშიც რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა, გაათავისუფლეს რამდენიმე ამერიკელი, დასავლეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენელი და რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სასჯელს საკუთარ ქვეყანაში იხდიდნენ. რატომ გაათავისუფლა ისინი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობამ და რატომ ახლა?

ამისათვის სამი მიზეზი არსებობს:

"პატრიოტები" და პატიმრები

პრეზიდენტობის ან პრემიერმინისტრობის 25 წლის განმავლობაში პუტინი სულ უფრო ხშირად უგზავნიდა სიგნალებს რუსებს იმის შესახებ, თუ როგორ ხალხს მიიჩნევს (ან სურს ეგონოთ, რომ მიიჩნევს) ღირებულად: ერთგულ ფიგურებს, რომლებიც ემსახურებიან იმას, რასაც ის სახელმწიფო ინტერესებს უწოდებს. მაშინაც კი, ან, შესაძლოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი ქმედებები დასავლეთს აყენებს შეურაცხყოფას.

ეს სიგნალები განსაკუთრებით მკაფიოა მას შემდეგ, რაც პუტინი 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანად შეიჭრა. მან დააჯილდოვა ჯარისკაცები ქვედანაყოფებიდან, რომლებსაც მეზობელ ქვეყანაში სისასტიკეში სდებდნენ ბრალს. მან უმკაცრესად დასაჯა ყველანაირი განსხვავებული აზრი, განსაკუთრებით კი ომის წინააღმდეგ მიმართული აქტივიზმი.

პუტინმა, ერთ დროს საბჭოთა კაგებეს ოფიცერმა და ფედერალური უშიშროების სამსახურის (ეფესბე) ხელმძღვანელმა, არაერთხელ სცადა ეჩვენებინა, რომ კრემლი აწინაურებს და იცავს მათ, ვისაც „სწორ რუსად“ მიიჩნევს, მათ შორის - უშიშროების სამსახურის ერთგულ წევრებს.

პუტინის ღირებულებების თვალსაჩინო მაგალითია ვადიმ კრასიკოვი, ეფესბეს ყოფილი ოფიცერი, რომელიც განიხილება პატიმრების გაცვლის ცენტრალურ ფიგურად - ყოველ შემთხვევაში პუტინისთვის. კრასიკოვი სამუდამო პატიმრობას იხდიდა გერმანიაში 2019 წელს, დღისით-მზისით, ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.

გერმანიის პროკურორებმა განაცხადეს, რომ მოსკოვმა მკვლელობის ბრძანება გასცა, რადგან ხანგოშვილი მეთაურობდა სეპარატისტულ ძალებს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში 2000 წლიდან 2004 წლამდე. ეს ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ხდებოდა, როდესაც პუტინმა, რუსეთის პრემიერ-მინისტრის რანგში ავტორიტეტი განიმტკიცა. 2000 წელს ის პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩიეს.

თებერვალში ამერიკელ ტაკერ კარლსონთან მიცემულ ინტერვიუში პუტინმა შეაქო კრასიკოვი. მისი სახელი არ უხსენებია, მაგრამ თქვა, ესაა „ადამიანი, რომელმაც, პატრიოტული გრძნობების გამო, გაანადგურა ბანდიტი ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქშიო“. მან ცხადყო, რომ სურდა მსჯავრდებული მკვლელის გათავისუფლება და რუსეთში დაბრუნება.

სახელმწიფოს მტრები?

კრასიკოვის მსგავსი ადამიანების შექებით რუსეთის სახელმწიფო აძლიერებს ზეწოლას პოლიტიკურ ოპონენტებზე, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებსა და დისიდენტებზე. ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ თუ უცნობ პირებზე, რომლებმაც ხმა აღიმაღლეს უკრაინის ომის წინააღმდეგ.

დასავლეთი მიიჩნევს, რომ საკუთარ ქვეყანაში დაპატიმრებული რამდენიმე რუსი, რომლებსაც ახლა გაცვლიან, მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით გაასამართლეს. მათ ბრალი ედებოდათ ქვეყნის ღალატში ან „ექსტრემისტულ“ საქმიანობაში მონაწილეობაში. სხვები დამნაშავედ ცნეს რუსი სამხედროების დისკრედიტაციაში ან, რასაც პუტინის მთავრობა მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებაში.

პუტინი წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ არ ინტერესდებოდა ამ ბრალდებულების საქმეებით. ის თავს არიდებდა ალექსეი ნავალნის სახელის ხსენებას - პოლიტიკური მეტოქისა, რომელიც არქტიკის ციხეში საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა. თუმცა პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ კანონის დამრღვევი უნდა დაისაჯოს.

თუმცა მათი გათავისუფლებით ის ასეთ მინიშნებასაც აკეთებს: ძალიანაც კარგი, თუ თავიდან მოვიშორებთ მათ, ვისაც კრემლი სახელმწიფოს მტრებად და დასავლეთის პაიკებად ხატავს.

2022 წლის მარტში, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან მალევე, პუტინმა თქვა, რომ რუსებს „ყოველთვის შეეძლებათ განასხვაონ ნამდვილი პატრიოტები ნაძირალებისა და მოღალატეებისგან და უბრალოდ გამოაფურთხებენ მათ, როგორც ბუზს, რომელიც შემთხვევით შეუფრინდათ პირში“.

ამავდროულად, პუტინს შეუძლია განაცხადოს, რომ ის ჰუმანიტარული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, როგორც ეს ადრეც უქნია, მაგალითად, მიხაილ ხოდორკოვსკისთან დაკავშირებით.

ამასთან, ნავალნის სიკვდილმა - რომელსაც მისი ქვრივი და ბევრი სხვა პუტინს აბრალებს - რუსეთს საშუალება მისცა, პატიმრები გაეცვალა ისე, რომ არ გაეთავისუფლებინა ის ერთი მოწინააღმდეგე, რომლის თავისუფლად ნახვაც არ სურდა. ნავალნის მოკავშირეები აცხადებდნენ, რომ პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობდა, როდესაც ის გარდაიცვალა.

ნოემბრის ფაქტორი

პატიმრების გაცვლა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შედეგია და ის სამი თვით უსწრებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ხმამაღლა აცხადებდა ამერიკელების გათავისუფლების სურვილის შესახებ, გასულ თვეში უარი თქვა კანდიდატობაზე.

მარცხნიდან: პოლ უილანი, ვლადიმირ კარა-მურზა, ალსუ კურმაშევა და ევან გერშკოვიჩი, რომლებიც რუსეთში იხდიდნენ პატიმრობას, იმათ შორის არიან, ვინც 1 აგვისტოს გაათავისუფლეს პატიმართა გაცვლის ფარგლებში.
მარცხნიდან: პოლ უილანი, ვლადიმირ კარა-მურზა, ალსუ კურმაშევა და ევან გერშკოვიჩი, რომლებიც რუსეთში იხდიდნენ პატიმრობას, იმათ შორის არიან, ვინც 1 აგვისტოს გაათავისუფლეს პატიმართა გაცვლის ფარგლებში.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. ეს დიდწილად გამოიწვია მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს 5 ნოემბერს - იქნება ეს ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თუ ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი, რუსეთში მყოფი რამდენიმე ამერიკელის გათავისუფლება მათ მისცემს ერთგვარ სუფთა ფურცელს.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს ამსუბუქებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ ერთ მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორს, ერთ-ერთ მიზეზს, რის გამოც აშშ-ს უწევს განსაკუთრებულად მკაცრი იყოს რუსეთის მიმართ. პუტინი, რომელიც, როგორც ჩანს, თითქმის მთლიანად უკრაინის წინააღმდეგ ომზეა გადართული, შესაძლოა ცდილობდეს გამოიყენოს ტყვეთა გაცვლა აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერის შესასუსტებლად, ან ომის გამო დაწესებულ სანქციებზე მოლაპარაკების დასაწყებად.

კრემლმა შეიძლება დაინახოს „შესაძლებლობა, რომ უკრაინის იზოლაცია მოახერხოს“, - თქვა სემ გრინმა, ლონდონის კინგს კოლეჯის პროფესორმა. „ამ გაცვლით მოსკოვი ცდილობს აჩვენოს, რომ (ა) მას შეუძლია კეთილსინდისიერად მოლაპარაკება და (ბ) მას სურს დადოს გარიგებები დასავლეთთან“.

„ეს გააძლიერებს მათ, ვინც დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებდა, უკრაინისათვის ცეცხლის შეწყვეტა ეიძულებინა და დასუსტებს მათ, ვინც ხედავს, რომ ამგვარი ცეცხლის შეწყვეტა საზიანოა უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ახლო, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში“, - დაწერა გრინმა X-ზე.

„დასავლეთში ეჭვის დათესვა უკრაინის მხარდაჭერის სარგებლიანობის შესახებ შეიძლება საკმარისი გამარჯვება იყოს, მაგრამ კრემლი რისკავს, - დასძინა გრინმა, - თუ ეს არ იმუშავებს და მხარდაჭერა გაგრძელდება, რა რჩება მას სავაჭროდ? რეალურად მხოლოდ ესკალაცია“.

მიუხედავად მისი საჯარო განცხადებებისა, ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ პუტინს ერჩივნა არჩევნებში ტრამპის გამარჯვება. ვარაუდობდნენ, რომ კრემლს შეიძლება უარი ეთქვა ბაიდენისთვის ამერიკელების გათავისუფლებაზე და პატიმრები მხოლოდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ გაეცვალა - კვლავაც იმ იმედით, რომ ეს გაამარტივებდა ამერიკის მიერ უკრაინის ან რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე დათმობების გაკეთებას.

თუმცა, საშინაო აუდიტორიას ეს შეიძლება დამამცირებელ დათმობად მიეღო. თანაც, თუ ჰარისი გაიმარჯვებს - არასაჭიროდ. კრემლმა შესაძლოა მიიჩნია, რომ ყველაზე უსაფრთხო ამის გაკეთება ახლა იყო. თანაც, ბაიდენის პოზიცია მათთვის ნაცნობია. კრემლი წინასწარ ვერ გათვლის, თუ როგორ მიუდგებიან ტრამპი ან ჰარისი ამ საკითხს.

მეორე მხრივ, გაცვლის ვადებს შესაძლოა ნაკლებად ჰქონდეს კავშირი აშშ-ის საარჩევნო ციკლთან, და მეტად იყოს დამოკიდებული იმაზე, რომ მოლაპარაკებები იმ ეტაპზე მივიდა, რომ გაცვლა შესაძლებელი გახდა. იქნებ პუტინს სურს, რომ კრასიკოვი მაქსიმალურად სწრაფად დააბრუნოს რუსეთში.

იმავდროულად, მიუხედავად გაცვლის მასშტაბური ხასიათისა, რამდენიმე ამერიკელი და კიდევ სხვები, რომლებსაც დასავლეთი მძევლებად მიიჩნევს, კვლავაც პატიმრობაში რჩებიან. კრემლს მომავალში მათი ბედით ვაჭრობაც შეუძლია. პუტინი არც იმის წინააღმდეგი იქნება, თუ დასავლეთში კამათი წამოიჭრება მსჯავრდებული მკვლელის, კრასიკოვის გათავისუფლების მიზანშეწონილობის შესახებ.

ასეა თუ ისე, პატიმრების გაცვლის შედეგად რუსეთი იქ აღმოჩნდა, სადაც პუტინს ყოველთვის უნდოდა, რომ ის დაენახა - მაგიდასთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად.

XS
SM
MD
LG