რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას გორში, ოსების წინაშე მობოდიშების მზადყოფნის შესახებ.
დე ფაქტო უწყების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ის პირდაპირ არ უკავშირდება “აფხაზეთის რესპუბლიკას”, მსგავსი განცხადება “შეიძლება გახდეს მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი”.
“მსგავსი განცხადება, თუ ის გამყარებულია რეალური ნაბიჯებით შერიგებისკენ, დამყარებული წარსულის შეცდომების გადაფასებასა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზი ხალხის მიმართ მობოდიშებისკენ, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდების უარყოფასა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე, შეიძლება გახდეს პროცესის დასაწყისი, რომელიც მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიდის”.
დე ფაქტო უწყების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება უჩვენებს, რომ „საქართველოში ჯერ ისევ არსებობს შინაგანი გადაფასების და საკუთარი შეცდომების აღიარების რესურსი, როგორც ეს ბევრჯერ ყოფილა ჩვენს ურთიერთობებში“.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მოჰყავს მობოდიშების მაგალითები საბჭოთა წარსულიდან - როდესაც კომუნისტური პარტიის პლენუმზე 1956 წელს სტალინისა და ბერიას „ქმედებები დაგმეს აფხაზეთის მიმართ“ და ედუარდ შევარდნაძის განცხადება 1978 წლის 27 ივნისს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის XI პლენუმზე, როცა მან თქვა, რომ „აფხაზი ხალხის მიმართ შოვინისტური პოლიტიკა ხორციელდებოდა“.
„სამწუხაროდ, ამას ხელი არ შეუშალა ბატონი შევარდნაძისთვის, 1992 წელს აფხაზეთში ომი გაეჩაღებინა“, - წერს დე ფაქტო უწყება და იმედოვნებს, რომ „ბატონი ივანიშვილი მეტად გულწრფელია თავის განზრახვებში და იპოვის აფხაზ ხალხთან ურთიერთობაში სწორ სიტყვებს, რომლებიც იქნება საქმესთან შესატყვისი და დასრულდება აფხაზეთსა და საქართველოს და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობაზე იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო გარანტიების დოკუმენტის ხელმოწერით.“
კვირას საღამოს თბილისში, გორსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა. მონაწილეებმა ივანიშვილის განცხადება გააპროტესტეს.
ივანიშვილმა გორში მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულ სამხედრო ძალებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე დაწყებული ჰქონდათ სამხედრო იერიში.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე ისევ საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო.
ფორუმი