Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა დიპლომატმა გაეროში "ქართული ოცნების" ციტატა გაიმეორა 2008 წლის აგვისტოს ომზე


რუსული ტანკები ზუგდიდში. 2008 წლის აგვისტო
რუსული ტანკები ზუგდიდში. 2008 წლის აგვისტო

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება გაიმეორა 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე.

„უპირველეს ყოვლისა, ყოველ წელს ჩვენ ძალიან გვაკვირვებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკური სურვილი, განიხილონ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის საკითხი, იმ ფაქტების, რომლებიც იხსნება და საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით, ეს სულ უფრო მოგვაგონებს მაზოხისტურ სავარჯიშოს. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. უბრალოდ, თქვენი ნებართვით, წავიკითხავ საქართველოს პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, ეს არის პირდაპირი ციტატა“, - განაცხადა პოლიანსკიმ და მოიყვანა ციტატის შემდეგი ნაწილი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადებიდან:

„ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო... ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“

შემდეგ კი პოლიანსკიმ დაამატა: „შეეცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები მოგვიანებით, როდესაც ჩვენი დასავლელი კოლეგები გამოვლენ ამ ტრიბუნასთან და დაიწყებენ თქვენ მოტყუებას იმის შესახებ, რა მოხდა იმ მომენტში“.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის გასამართლება" დააანონსა, მას შემდეგ, რაც ჰააგასა და სტრასბურგში სასამართლო განხილვა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

"ქართული ოცნების" 13 აგვისტოს განცხადებას გამოეხმაურა „გაზპრომმედიის“, დირექტორის მოადგილე, რუსულ ტელეარხ ТНТ-ს დირექტორი თინა კანდელაკი და დაწერა, რომ „საქართველოში სიმართლის ტრიუმფია, რისი საფასურიც ჩვენ სრულად ვზღეთ, როგორც იქნა დადგა.. მოვესწარით საქართველოს მთავარი მტრის დამსახურებულ დასჯას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სომხეთსა დ უკრაინაში სხვაგვარად იქნება, ასევე ცდება“.

რადიო თავისუფლებასთან ჰაიდი ტალიავინის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ომის დაწყებაში წინა ხელისუფლება და 2008 წლის მოვლენებს "წინასწარ დაგეგმილ ღალატი" უწოდა.

ექსპერტების შეფასებით, „ოცნების“ მცდელობები შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას სცდება, საგარეო ვექტორს უკავშირდება და ზუსტად ემთხვევა დასავლეთის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდის ძირითად მესიჯებს, რაც „დამაზიანებელია ქართული სახელმწიფოსთვის“.

წელს 16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან.

2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით, თბილისი ესხმის თავს "მძინარე ცხინვალს" და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების ექვსპუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს, ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG