Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განგრძობით უხეშ დარღვევას


ფრანჩესკა გატი, გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ჟურნალისტებს აცნობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას.
ფრანჩესკა გატი, გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ჟურნალისტებს აცნობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას.

რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭომ 14 აგვისტოს დახურულ სხდომაზე განიხილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი.

სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტისა და სლოვენიის, - ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების - დანიისა და საბერძნეთის - წარმომადგენლებმა.

ერთობლივი განცხადება გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ფრანჩესკა გატიმ წაიკითხა.

“თექვსმეტი წელი გავიდა რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და შემდგომ უკანონო სამხედრო ყოფნიდან. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია თავისი მეზობლებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ. როგორც დღეს ჩვენ, ყველანი, ვხედავთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით, რუსეთი აგრძელებს ამ გზას”, - განაცხადა გატიმ.

მან აღნიშნა, რომ მტკიცედ ადასტურებენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობენ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განგრძობით უხეშ დარღვევას.

“ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის უხეშ შეჭრას და უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთი დგამს ნაბიჯებს ამ რეგიონების ანექსიისკენ, ორივე რეგიონის თავის პოლიტიკურ, სამხედრო, სასამართლო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ჩართვით, მათ შორის ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემით, არაკანონიერი ე.წ. არჩევნების ჩატარებით, მათ შორის 2024 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე 2024 წლის ივნისში სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით”, - წაიკითხა გატიმ.

ერთობლივ განცხადებაში ეს ქვეყნები კვლავ გმობენ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, “რომლებიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს და, უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. ასევე გრძელდება მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაძლიერებული პროცესი, საქართველოს შიდა რეგიონების დაყოფა, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავება და გატაცება, გადაადგილების თავისუფლებაში ჩარევა და ეგრეთ წოდებული გადასასვლელების მუდმივი დაკეტვა".

აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტისა და სლოვენიის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების, დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართულ დაზიანებაზე.

დაგმობილია საქართველოს მოქალაქეების, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობა, ასევე ის, რომ დღემდე არავინ დასჯილა “აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის” საქმეზე.

ისინი შეახსენებენ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი, რომელმაც 2021 წელს ექვს შემთხვევაში დაადასტურა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში, სამხედრო მოსამსახურეთა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასა და ღირსების შელახვაში.

„ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 19 დეკემბერს, სასამართლომ სხვადასხვა გადაწყვეტილებით დაადასტურა რუსეთის პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობაზე და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებაზე სამართლიანი სასამართლოს უფლების უარყოფით. ჩვენ ასევე ვაფიქსირებთ 2024 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილებას, რომელიც ერთხმად ამტკიცებს, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია რუსეთის ფედერაციის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გამკაცრებასთან დაკავშირებული ქმედებების შედეგად“.

ერთობლივ განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრისა და მას შემდეგ ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო სამხედრო დანაშაულში მონაწილეთა მიმართ გაცემულ დაკავების ორდერებზე.

განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას ცეცხლის შეწყვეტისა და თავისი ძალების გაყვანის შესახებ საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე.

მანამდე იგივე ტრიბუნასთან გამოვიდა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დმიტრი პოლიანსკი, რომელმაც პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება გაიმეორა 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე.

წელს 16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან.

2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით, თბილისი ესხმის თავს "მძინარე ცხინვალს" და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების ექვსპუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს, ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG