„ქართულ ოცნებაში“ ძველ დროს იხსენებენ, როცა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის არჩევნებისთვის ამომრჩევლების დიდი ნაწილი მიიმხრო და თვლიან, რომ მისი დახმარება ახლაც არანაკლებად საჭიროა.
ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელებისთვის კი - ის, რაც დღეს ხდება, 2012 წლის „იმიტაციის მცდელობა“ და „დაცინვაა“.
ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი პირველად არის. სიის სათავეში ის არც 2012 წლის არჩევნებზე ყოფილა, თუმცა მაშინ მისი სახელი კოალიციის საარჩევნო სახელწოდებაში იყო - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ და საარჩევნო კამპანიასაც თავად უძღვებოდა.
“ოცნებას” უჭირს
ეს მოსაზრება ოპონენტებს ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდათ, როცა, 2012 წლის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე ჩაერთო 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში და რეგიონების ჩამოვლაც დაიწყო.
საარჩევნო სიის პირველ ნომრად მისმა დასახელებამ კი, ოპონენტებს კიდევ უფრო განუმტკიცა მოსაზრება, რომ „ქართულ ოცნებას“ ელექტორალური დეფიციტი აქვს და ამის შესახებ იცის.
„"ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს ჰგონიათ, რომ ივანიშვილის საარჩევნო სიის პირველ ნომრად ჩაწერა ამომრჩევლებში დადებით ემოციებს აღძრავს. ივანიშვილი თავადაც ხვდება, რომ ეს ასე არ არის… ის საარჩევნო სიაში იმის გამო ჩაეწერა, რომ მცირერიცხოვანი გარემოცვა გაამხნეოს, რადგან უკვე გარემოცვასაც არ სჯერა, რომ არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს“, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.
„ქართულ ოცნებაში“ მართლაც იხსენებენ 12 წლის წინანდელ მოვლენებს - როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პირველად გამოჩნდა და მხარდაჭერაც მოიპოვა.
„ეს არის 2012 წლის შემდეგ - არანაკლებად და რაღაც კუთხით უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი… ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე - ქვეყნის გადარჩენა გახდა პრიორიტეტი“, - უთხრა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რომელიც თავად სიის მე-5 ნომერია.
„ეს [ბიძინა ივანიშვილი] არის ადამიანი, ვის ირგვლივაც გაერთიანდა სრულიად საქართველო 2011 წელს. მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი პატივისცემა. მისი როლი არის განსაკუთრებული დღევანდელ მოცემულობაში“, - ეს უკვე „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერის - კახა კალაძის სიტყვებია.
- 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებზე - კახა კალაძე „ქართული ოცნების“ კოალიციის [„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“] სიის პირველი ნომერი იყო.
- 2016 წელს - სიის სათავეში იყო გიორგი კვირიკაშვილი - რომელიც „ოცნებას“ უთანხმოების გამო გამოეთიშა.
- 2020 წელს - პირველი ნომერი იყო გიორგი გახარია, ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი.
„ოცნება“ საჯაროდ კვლავ ამტკიცებს, რომ 60%-იან გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება და, რომ ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობის [113 მანდატი] შევსებამდე მხოლოდ 6 მანდატი აკლია და ბიძინა ივანიშვილის დახმარებაც სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად სჭირდებათ. საკონსტიტუციო უმრავლესობა კი, როგორც არაერთხელ გამოაცხადეს, პირველ რიგში - პოლიტიკური ოპონენტების გასაქრობად ესაჭიროებათ.
„ქართული ოცნების“ რეიტინგი არასოდეს ყოფილა 60%.
- 2012 წელს იყო - 54,97%
- 2016 წელს - 48,68%;
- 2020 წელს - 48,22%.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ“ და „გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ“.
ამ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ „ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ“ და, რომ „ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა“.
ავანტიურაში არავინ გაჰყვებოდა
ბიძინა ივანიშვილი თავად რომ არ გაძღოლოდა ამ საარჩევნო კამპანიას, არავინ გაჰყვებოდა იმ ავანტიურაში, რაც არის ქვეყნის საგარეო კურსის რუსეთისკენ შეტრიალება, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე.
„აბსოლუტურად ნათელია, რომ მისთვის [ბიძინა ივანიშვილისთვის] ეს არჩევნები არის შანსი, რომ საქართველოში შექმნას პუტინისტური მმართველობის მოდელი, მონღოლური მმართველობის მოდელი, სადაც დემოკრატიისთვის, სახალხო პოლიტიკისთვის და ცივილიზებული სახელმწიფოსთვის არ არის ადგილი… მოუწია თავად იყოს წინა პლანზე, რადგან ყველა ხვდება იმას, რომ წაგების შემთხვევაში, პოლიტიკური, მორალური და შესაძლოა - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ძალიან ბევრს დაეკისროს“, - ამბობს გედევან ფოფხაძე ჩვენთან საუბრისას.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ელექტორატის მიზიდვის 12 წლის წინანდელი მოდელი 2024 წლის არჩევნებისთვის აღარ გამოდგება, რადგან მაშინ ბიძინა ივანიშვილს „ხალხისთვის საინტერესო ბევრი დაპირება“ ჰქონდა, ახლა კი „სახელმწიფო ჯიბეში აქვს ჩადებული“ და „ცდილობს, ფაქტობრივად საქართველო დააბრუნოს საბჭოთა კავშირში“.
„ეს არის 2012 წლის მოვლენების იმიტაციის მცდელობა. ეს უფრო დაცინვაა 2012 წლის მოვლენების“, - აღნიშნავს გედევან ფოფხაძე.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი არ შეცვლილა და 2030 წლისთვის ქვეყანა „ღირსებით“ გაწევრიანდება ევროკავშირში.
„აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ, თბილისსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ურთიერთობები გამწვავდა და ევროკავშირმა მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.
შიშები, შფოთი, რისკები
ერთ დროს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ექსპერტი - გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ საარჩევნო სიაში ლიდერობით ივანიშვილი საკუთარი შიშების, შფოთისა და რისკების დაზღვევას ცდილობს:
„ერთ-ერთი მოტივია პოლიტიკური იმუნიტეტის შეძენა. არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში დარჩება - საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის მისთვის საინტერესო. იმუნიტეტის ნაწილში მისი გათვლა ალბათ არის - სამომავლოდ პრეზიდენტობის კანდიდატობა და არა პრემიერმინისტრობა, რადგან მას არ უყვარს პირდაპირი მენეჯმენტი - კაბინეტში ჯდომა და რთული პასუხისმგებლობების აღება“.
ბიძინა ივანიშვილის გაპრეზიდენტების პერსპექტივას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“. „აბსოლუტურად შემიძლია გამოვრიცხო, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტი იყოს... დაიმახსოვრეთ, მას არ აინტერესებს არანაირი თანამდებობა, ამ კაცმა ეს თავისი მოქმედებით თავის დროზე დაამტკიცა. მას თავისი სამშობლო აინტერესებს“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
გია ხუხაშვილი ასევე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, პირველ ნომრად გამოსვლით, შესაძლო სამომავლო მოლაპარაკებებისთვის თადარიგის დაჭერასაც ცდილობს.
„ის არ არის დარწმუნებული, რომ უმრავლესობას მოიპოვებს, კოალიციის შესაკვრელად კი მას სჭირდება მანევრის საშუალება. ორი ირაკლის მაგალითზე რომ ვთქვათ - კობახიძისა და ღარიბაშვილის - სრულიად ცხადია, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ამ ორ პერსონასთან არავინ დაჯდება. შესაბამისად, ის იღებს სრულ კონტროლს თავის თავზე და ამიტომ თვითონ მოუწია ცოდვილ მიწაზე დაბრუნება ოლიმპიდან, სადაც ის სრულ კომფორტში იყო“, - გვეუბნება ხუხაშვილი.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში სამჯერ მოვიდა - 2012, 2018, 2023 წლებში და ორჯერ წავიდა - 2013 და 2021 წლებში. ბოლოს, ორივეჯერ პარტიული თანამდებობა დაიკავა, პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე. 2023 წლის დეკემბრიდან ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა.
„რატომ უნდა დავბრუნდე, თუ ვერ გავაკეთე კარგად, აღარც მომესვლება, სხვამ უნდა გაასწოროს და გააკეთოს… არც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მოთხოვნა ჩემზე, თუ ჩემი მსგავსი უნდათ, ვუტოვებ მთელ გუნდს ["ქართულ ოცნებას"]. არც მე უნდა მქონდეს პრეტენზია უკან შემობრუნებაზე. თუ რამე შემეძლო, გავაკეთე, თუ არ გავაკეთე სწორად, მით უმეტეს არ უნდა მოვბრუნდე უკან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში, 2021 წელს, როცა პოლიტიკიდან მეორედ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ფორუმი