Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის ახალი ეტაპი. უკრაინას შეუძლია, დასავლური რაკეტები გაუშვას რუსეთის ტერიტორიაზე


Patriot, ATACMS, HIMARS... (ილუსტრირებული ფოტო). უკრაინა დასავლური იარაღითაც შეუტევს რუსეთის ტერიტორიას
Patriot, ATACMS, HIMARS... (ილუსტრირებული ფოტო). უკრაინა დასავლური იარაღითაც შეუტევს რუსეთის ტერიტორიას

უკრაინას მიეცა უფლება, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების გასანადგურებლად. რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება და რა იგულისხმება „რუსეთის ტერიტორიაში“?

2024 წლის 30 მაისამდე დასავლეთის ქვეყნები შეზღუდვებს უწესებდნენ კიევს - მიწოდებული იარაღი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე უნდა გამოეყენებინათ, მათ შორის, ცხადია, ყირიმსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ. უკრაინის პარტნიორები შიშობდნენ, რომ ნატოს ქვეყნების მიერ მოწოდებული იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევდა, თუმცა რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქსა და ქალაქ ხარკოვზე მიტანილმა იერიშებმა დაარწმუნა კიევის მოკავშირეები, რომ თავის დასაცავად, უკრაინას უნდა შეეძლოს საზღვრის იქითა მხარეს მდებარე სამხედრო სამიზნეების განადგურება.

2023 წლის 10 მაისს რუსეთმა დაიწყო მასიური სახმელეთო შეტევა ხარკოვის მიმართულებით, გახსნა ახალი ფრონტი და დაიკავა რამდენიმე დასახლებული პუნქტი. რუსეთის შეტევა სერიოზულ საფრთხედ იქცა ხარკოვისთვის, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქისთვის, რომელიც საზღვრიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში მდებარეობს.

სამხედრო მიმომხილველების თქმით, ამ რეგიონში რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარი ფაქტობრივად ემთხვევა ფრონტის ხაზს, რის გამოც, დასავლური იარაღის გამოყენების აკრძალვამ, რუსეთის ჯარებს უსაფრთხო წინსვლის შესაძლებლობა მისცა. თუმცა უკრაინისა და სხვა ევროპული ქვეყნების მზარდმა ზეწოლამ თეთრი სახლი აიძულა შეეცვალა თავისი პოლიტიკა, რომელიც უკრძალავდა კიევს რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით იერიშის მიტანას.

„ჩვენი ურთიერთობის გამორჩეული ნიშანი იყო საჭიროების შესაბამისად ადაპტირება და ცვლილებების გათვალისწინება იმის მიხედვით, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ უკრაინას აქვს ის, რაც მას სჭირდება და, როცა სჭირდება“, - განაცხადა 31 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე პრაღაში.

ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ვლადიმირ პუტინის მორიგი მუქარიდან რამდენიმე დღის შემდეგ. 28 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ილაპარაკა „სანიტარული ზონების“ გაფართოების შესაძლებლობაზე, თუ დასავლური შორი მოქმედების იარაღი გამოყენებული იქნებოდა რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად.

„ევროპაში ნატოს ქვეყნებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ აქვთ სახელმწიფოები მცირე ტერიტორიებითა და მჭიდრო მოსახლეობით. მათ უნდა გაითვალისწინონ ეს ფაქტორი, ვიდრე იმსჯელებენ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშის მიტანაზე“, - განაცხადა პუტინმა.

31 მაისს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არაერთხელ მოუსმენია რუსეთის მსგავსი მუქარა, მაგრამ, მისი თქმით, თავდაცვა არ შეიძლება ჩაითვალოს კონფლიქტის ესკალაციად.

რუსეთის პრეზიდენტის მუქარის პასუხად გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, 2 ივნისს აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, განაცხადა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ნატო მზადაა დაიცვას თავი და, რომ მოსკოვმა ეს მკაფიოდ უნდა გაიაზროს. გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, გერმანიამ წამყვანი როლი ითამაშა ბალტიის ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის საქმეში.

„იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავაც ნარჩუნდება, ჩვენ, სხვა მოკავშირეებთან ერთად, ჯერ კიდევ შარშან გადავწყვიტეთ დამატებითი შენაერთების განლაგება ბალტიის ქვეყნებში“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა, რომლის თქმითაც, ნატო გეგმავს რეგიონში მუდმივ საფუძველზე განათავსოს მთელი ბრიგადა:

„უსაფრთხოების პოლიტიკის ამგვარი ცვლილება აუცილებელია იმისათვის, რომ რუსეთს ვაჩვენოთ ჩვენი მზადყოფნა, დაიცვას ნატოს ტერიტორიის ყოველი კვადრატული მეტრი“.

ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი (მარჯვენა)
ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი (მარჯვენა)

31 მაისს გერმანიამ უკრაინას ნება დართო, იერიში მიიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე, რათა დაიცვას ხარკოვი უწყვეტი იერიშებისგან, რასაც ქალაქის ინფრასტრუქტურასთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება.

„სავსებით შესაძლებელია, რომ Patriot-ის სისტემები გამოიყენონ ხარკოვის ოლქსა და რუსეთის ტერიტორიის თავზე რუსეთის იმ თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომლებიც საშინელ მართვად ბომბებს ყრიან“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტროში უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კრისტიან ფროიდინგმა გადაცემა „Bericht aus Berlin“-ში (გერმანიის ტელევიზიის პირველი არხი) სტუმრობისას.

„გერმანული ტალღის“ (DW) მიხედვით, გერმანელმა გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ Patriot-ის ტაქტიკურ გამოყენებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ უკრაინელ სამხედროებს ეკისრებათ:

„მათი გამოყენება შესაძლებელია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელები ამას დაიცავენ და დიდი ტაქტიკური ოსტატობით იმოქმედებენ“.

ადრე გერმანული გამოცემა Bild-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სულ მცირე, ერთხელ მაინც გამოიყენეს გერმანიის მიერ მოწოდებული Patriot-ის სისტემა რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მისატანად. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების სამი ბატარეა.

როგორ დაიყოლია უკრაინამ აშშ

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, 2023 წლის 13 მაისს, რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების Patriot-ის კომპლექსმა ჩამოაგდო 5 რუსული საფრენი აპარატი - თვითმფრინავები, რომლებიც ბომბებს ყრიდნენ უკრაინის საზღვრის მახლობლად და ვერტმფრენები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემების დაცვას. გერმანული Bild-ის ცნობით, ამის შემდეგ კიევმა მიიღო გაფრთხილება ვაშინგტონიდან და ბერლინიდან, რომ ინციდენტის განმეორების შემთხვევაში საზენიტო რაკეტების მიწოდება შეჩერდებოდა.

ამერიკულმა The Washington Post-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა იმაზე, თუ როგორ დაარწმუნა უკრაინამ შეერთებული შტატები, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთში მდებარე ობიექტებზე იერიშის მისატანად. პუბლიკაციის მიხედვით, გადამწყვეტი როლი ითამაშა ვითარებამ ხარკოვის ოლქში, სადაც რუსული ჯარები ახორციელებენ შეტევას. The Washington Post-ის სტატიის მიხედვით, უკრაინას 17 დღე დასჭირდა თეთრი სახლის დასარწმუნებლად, მოეხსნა აკრძალვა.

ჯერ კიდევ 2024 წლის მარტში, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა შენიშნეს, რომ რუსული ჯარები თავს უყრიდნენ ძალებს რუსეთ-უკრაინის საზღვართან, ხარკოვის მახლობლად. მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო ინტენსიური იერიში საავიაციო ბომბების და სხვა საშუალებების გამოყენებით, რამაც დააზიანა ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და რეგიონის უმეტესი ნაწილი დენის გარეშე დატოვა.

უკრაინის ხელმძღვანელობა, ნათქვამია სტატიაში, უკვე მაშინ იყო შეშფოთებული შექმნილი ვითარებით, მაგრამ აშშ-ის კონგრესს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება კიევისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე. ამიტომ, კიევმა გადაწყვიტა, დაჟინებით არ მოეთხოვა ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შეზღუდვის მოხსნა, თუმცა აშშ-ის ოფიციალური პირები, The Washington Post-ის ცნობით, უკვე განგაშით აკვირდებოდნენ ხარკოვთან შექმნილ ვითარებას.

2023 წლის მარტში, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი კიევში ჩავიდა და მოუწოდა უკრაინელ ოფიციალურ პირებს, მოემზადებინათ თავდაცვითი პოზიციები საზღვრის გასწვრივ ხარკოვის მიმართულებაზე.

აპრილის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ და დაიწყო შეიარაღების მიწოდების გაზრდა. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებაში ბევრი დრო დაიკარგა და ვერ მოხერხდა რუსეთის მიერ წამოწყებული იერიშის შეჩერება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც გაზეთი ელაპარაკა, მიიჩნევენ, რომ რუსულმა ჯარებმა ხარკოვზე იერიში დაგეგმეს და წამოიწყეს იმის გათვალისწინებით, რომ იცოდნენ, უკრაინელები, შეზღუდვების გამო, ვერ გამოიყენებდნენ დასავლურ იარაღს. როდესაც 10 მაისს შეტევა დაიწყო, რუსეთის ჯარებმა სწრაფად გადალახეს უკრაინის ჩრდილოეთი საზღვარი ხარკოვის მახლობლად, რის გამოც, The Washington Post-ის თანახმად, ქალაქი არა მხოლოდ დაბომბვის, არამედ ოკუპაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

უკრაინელი სამხედროების თქმით, შეტევის პირველ დღეებში რუსეთის არმია პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე ბომბავდა უკრაინელთა პოზიციებს რუსეთის ტერიტორიიდან. არადა, დასავლური (ამერიკული) შეიარაღების გამოყენების შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებული ძალები იოლად მისწვდებოდნენ რუსულ სამიზნეებს მათსავე ტერიტორიებზე.

13 მაისს, შეტევის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, უკრაინის ხელმძღვანელობამ, რადგან „აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი“, ოფიციალურად მიმართა ვაშინგტონს, მიეცა ამერიკული იარაღით რუსეთში მდებარე სამიზნეების განადგურების ნებართვა. The Washington Post-ის ცნობით, უკრაინის წარმომადგენლები 90 წუთის განმავლობაში ვიდეოზარით არწმუნებდნენ აშშ-ის უსაფრთხოების სამ მაღალი თანამდებობის პირს - პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს, პენტაგონის შეფს, ლოიდ ოსტინსა და შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩარლზ ბრაუნ უმცროსს - საპასუხო მოქმედებების აკრძალვის მოხსნის აუცილებლობაში, რათა საზღვრის იქითა მხარეს იერიშის მიტანით თავიდან აეცილებინათ ხარკოვის ოკუპაცია. სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ოფიციალური პირები, ნათქვამია სტატიაში, ასაბუთებდნენ იმას, თუ როგორ ბომბავდნენ რუსული ჯარები როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს, ასევე მშვიდობიან კვარტლებს. ამ საუბრის შემდეგ ამერიკელი ოფიციალური პირები დათანხმდნენ, უკრაინელების მოთხოვნა წარედგინათ აშშ-ის პრეზიდენტისათვის და ერჩიათ მისთვის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა.

ჯეიკ სალივანი
ჯეიკ სალივანი

15 მაისს, სალივანთან საუბრის შემდეგ, ჯო ბაიდენი დათანხმდა შეზღუდვების შემსუბუქებაზე, მაგრამ მოითხოვა დეტალურად გაწერილიყო ცვლილებების პირობები. პროცესი დაახლოებით ორ კვირას წაიღებდა, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო კიევიდან, პრეზიდენტი დაარწმუნა იმაში, რომ ფრონტზე უკიდურესად რთული ვითარება იყო. შედეგად, თეთრმა სახლმა უქმეებზე შეიმუშავა ახალი წესები, რომლებიც ძალაში 30 მაისს შევიდა: შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ნება დართო გამოეყენებინათ HIMARS-ის რეაქტიული არტილერია, რომლის მოქმედების მანძილი დაახლოებით 50 მილია (80 კმ). ცვლილებები არ შეეხო შორ მანძილზე მოქმედ ისეთ შეიარაღებას, როგორიცაა ATACMS-ი.

რა შეიცვლება უკრაინისთვის?

სავარაუდოდ, ესკალაციის თავიდან აცილებაა იმის მიზეზი, რომ შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვა არ მოხსნა შორი მანძილის ისეთ იარაღზე, როგორიცაა ATACMS-ი (ტაქტიკური სარაკეტო სისტემები), რომლის მოქმედების რადიუსი 300 კმ-ია.

ასეთი შეზღუდვები უკრაინას მხოლოდ საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშის მიტანის შესაძლებლობას უტოვებს, თუმცა, როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ეს მაინც სერიოზული ცვლილებაა კიევისა და მისი მოკავშირეების პოლიტიკაში. მოქმედების შედარებით ნაკლები რადიუსის (80 კმ) მქონე სისტემებმაც კი, ისეთებმა, როგორებიცაა, მაგალითად, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები HIMARS, შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ლოგისტიკური ოპერაციები და რუსული ჯარების წინსვლა, რაც საბოლოო ჯამში შეანელებს ნებისმიერი შეტევითი გეგმის განხორციელებას.

HIMARS - ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები. ზაპოროჟიეს ოლქი. უკრაინა. 4 ივლისი, 2022 წ.
HIMARS - ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები. ზაპოროჟიეს ოლქი. უკრაინა. 4 ივლისი, 2022 წ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვზე იერიშის მიტანის წინ განაცხადა, რომ რუსეთი თავს უყრიდა ჯარებს სახელმწიფო საზღვრიდან 90 კილომეტრში, რომელიც, დასავლური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, იოლად მოექცეოდა უკრაინის არტილერიის დაფარვის ზონაში.

როგორც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის უკრაინული სამსახური წერს, შეზღუდვის მოხსნა, სავარაუდოდ, ვერ დაიცავს უკრაინას КАБ-ებისგან ანუ რუსული კორექტირებადი საავიაციო ბომბებისგან, რომლებიც რეგულარულად გამოიყენება ხარკოვისა და სხვა სასაზღვრო ქალაქების დასაბომბად. ასეთი თავდასხმების შესაჩერებლად, უკრაინის ჯარებმა უნდა გაანადგურონ ამ ბომბების გადამტანი თვითმფრინავები.

ერთადერთი იარაღი, რომელსაც შეუძლია ამ თვითმფრინავების განადგურება და, რომელიც ამჟამად უკრაინას აქვს, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ია. თუმცა, ხარკოვის მახლობლად მათი განთავსება უზარმაზარ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან ისინი იოლად შეიძლება აღმოაჩინონ ჯაშუშმა დრონებმა და „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების სამიზნეებად იქცნენ.

საინტერესოა, რომ დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს, რომლებიც ასევე აწვდიან უკრაინას ერთობლივად წარმოებულ Storm Shadow-ს (Scalp) ფრთოსან რაკეტებს, არ დაუწესებიათ მკაფიო შეზღუდვები მათ გამოყენებაზე. არადა, მათი მოქმედების დიაპაზონი 250 კმ-მდე აღწევს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გასულ კვირას უთხრა ჟურნალისტებს:

„ჩვენ ნება უნდა დავრთოთ [უკრაინას] გაანეიტრალოს სამხედრო ობიექტები, საიდანაც რაკეტებს უშვებენ და, ფაქტობრივად, უტევენ უკრაინას“.

Storm Shadows/Scalps-ის შეუზღუდავი გამოყენების შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ იერიში მიიტანონ აეროდრომებზე კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში, რომლებიც ესაზღვრებიან უკრაინას.

რუსული კორექტირებადი საავიაციო ბომბებისგან თავის დასაცავად უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია სუ-24-ები, რომლებიც აღჭურვილი არიან ფრთოსანი რაკეტებით, თუმცა ისინი უნდა მიუახლოვდნენ რუსეთის საზღვარს, რაც მათ დაუცველს გახდის რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიმართ. F-16 გამანადგურებლები, რომლებიც უკრაინამ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა მიიღოს, უკეთესად არიან აღჭურვილი ასეთი ამოცანების შესასრულებლად. მაგრამ პრეზიდენტი ზელენსკი აღიარებს, რომ ჯერ არ არის ნათელი, დაუშვებენ თუ არა უკრაინის პარტნიორები ამ ავიაგამანადგურებლების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მისატანად.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებს ათვალიერებენ. ეინდჰოვენი, ნიდერლანდი, 20 აგვისტო, 2023 წ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებს ათვალიერებენ. ეინდჰოვენი, ნიდერლანდი, 20 აგვისტო, 2023 წ.

„ვფიქრობ, რუსეთის ტერიტორიაზე რაიმე დასავლური იარაღის გამოყენება დროის საკითხია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 მაისს სტოკჰოლმში გამართულ სკანდინავიის ქვეყნების სამიტზე.

როგორ უპასუხებს რუსეთი დასავლეთის გადაწყვეტილებას?

სამხედრო ექსპერტი, სერგეი მიგდალი რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან საუბარში ამბობს, რომ მოსალოდნელია ვითარების კიდევ უფრო მეტად გამწვავება:

„მთელი ამ ხნის განმავლობაში, ზაფხულსა და შემოდგომაზე, იქნება აქტიური საომარი მოქმედებები. შარშან ყველა ელოდა უკრაინელთა იერიშს, რომელიც საბოლოოდ დაიწყო, თუმცა არ არსებობდა მისი წარმატების წინაპირობა სწორედ იმიტომ, რომ უკრაინას უბრალოდ არ გააჩნდა ამისათვის საკმარისი ძალები. მობილიზაციის შემდეგ რუსეთმა მიიღო ცოცხალი ძალა, ჭურვები და რაკეტები როგორც თავისი მრეწველობიდან, ასევე ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. რუსები გამოიყენებენ ამ ყველაფერს მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში, რამდენიმე მიმართულებით იერიშის განსახორციელებლად. უკრაინელებისთვის მთავარია ამ იერიშის წარმატებით შეჩერება“.

სერგეი მიგდალი
სერგეი მიგდალი

რუსეთის იერიშის შესაჩერებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია აშშ-ის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების მხრიდან უკრაინისათვის გადაცემული იარაღის გამოყენებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა. „ნოვაია გაზეტა ევროპის“ მთავარი რედაქტორის, კირილ მარტინოვის თქმით, ამ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება:

„გერმანია დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს ამ გადაწყვეტილებისგან. უკრაინის მსხვილ მოკავშირეებს შორის პირველი იყო დიდი ბრიტანეთი. ახლა ყველაფერი ისე ჩანს, რომ დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღის უმეტესობა უკრაინას შეუძლია გამოიყენოს თავდასხმისგან დასაცავად, ყოველ შემთხვევაში, ხარკოვის მიმართულებით, რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ხარკოვის შესანარჩუნებლად, რათა თავიდან აიცილოს ომის დაწყებიდან ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა. რუსულ ჯარებს აქამდე არ უცდიათ დიდი ქალაქების შტურმით აღება. მნიშვნელოვანია ხარკოვისთვის ამ სცენარის თავიდან აცილება. ვფიქრობ, რომ უკრაინამ სწორედ ეს არგუმენტი გამოიყენა, როდესაც დაჟინებით მოითხოვა იარაღი, რომელიც მას აქვს, სამხედრო მიზნებისთვის გამოეყენებინა, მათ შორის - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“,

კირილ მარტინოვის ვარაუდით, პუტინი სულ უფრო ბარბაროსულ მეთოდებს გამოიყენებს.

„სამწუხაროდ, ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციის ტერორისტული შეტევები გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინს ექნება საკმარისი ტექნიკური რესურსი ამისათვის. კიდევ ერთი გზა, რომელსაც პუტინი სავარაუდოდ დაადგება, ბირთვული შანტაჟია. რა თქმა უნდა, შანტაჟი გაგრძელდება და გაძლიერდება. არა მგონია, რომ პუტინი რეალურად მზად იყოს იმისთვის, რომ უკრაინის იერიშებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, ბირთვული ომის დაწყებით უპასუხოს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ ანტიუკრაინული პროპაგანდის მაგალითები: თუ მრავალი წლის განმავლობაში ახდენთ თქვენი პოლიტიკური ოპონენტების დეჰუმანიზაციას, თუ თქვენ აქცევთ მთელ ხალხს ეგრეთ წოდებულ „ბანდეროვცებად“, როგორც რუსული პროპაგანდა აკეთებდა ამას 2014 წლიდან, მაშინ საბოლოო ჯამში ეს იარაღი გაისვრის, ყველა სავარაუდო სცენარი გახდება შესაძლებელი“, - უთხრა კირილ მარტინოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციას.

კირილ მარტინოვი
კირილ მარტინოვი

პოლიტიკის ექსპერტები არც მესამე ვარიანტს გამორიცხავენ. „რუსეთი დაიწყებს პარალელურ დიპლომატიურ იერიშს, დიდი ალბათობით, ჩინეთის მეშვეობით. როგორც შვეიცარიაში სამიტის წინ, ისე მის შემდეგ, მოსკოვსა და პეკინში ბევრ ილაპარაკებენ „კონფლიქტის გაყინვაზე“ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რათა თავიდან აიცილონ რუსული სამხედრო ობიექტების განადგურება და შექმნან დაკარგული რესურსების აღდგენის შესაძლებლობები“, - ამბობს ვიტალი პორტნიკოვი, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის krym.realii-ს მიმომხილველი, რომლის თქმითაც, უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება პუტინის შეშფოთების ხარისხის გაგება: „ბოლო დრომდე ხომ ესკალაციის დირიჟორი სწორედ პუტინი იყო. ღირს ყურადღებით დაკვირვება, თუ როგორი რეაქცია ექნება მას, როდესაც გააცნობიერებს, რომ ახლა ის არ არის ერთადერთი, ვინც მუსიკას უკვეთს“.

დასავლური იარაღის გარდა, უკრაინა ცდილობს შეიმუშაოს საკუთარი იარაღი რუსეთის ზურგში სამიზნეების გასანადგურებლად. შედეგად, უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა წარმატებით გაანადგურეს ნავთობის საცავები და სამხედრო ობიექტები საზღვრიდან ასობით კილომეტრში. ბოლო ასეთი იერიში მიიტანეს ორსკში მდებარე შორეული მოქმედების რადიოლოკაციურ სადგურზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1800 კილომეტრში მდებარეობს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG