რუსეთის ხელისუფლების „ბირთვული ამბიციების“ პერიოდული გამოვლენა, ექსპერტების დაკვირვებით, ყოველ ჯერზე, უკავშირდება ბრძოლის ველზე განცდილ თუ მოსალოდნელ წარუმატებლობას ანდა უკრაინის მოკავშირეების გააქტიურებას.
ბოლო დროს ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ მიანიშნა, რომ „ყურადღებით აკვირდება“ დასავლეთის მიერ უკრაინაში სამხედროების ოფიციალურად გაგზავნის შესაძლო პერსპექტივებს.
პუტინის კიდევ ერთი მუქარა
რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი რუსეთის „სახელმწიფოს არსებობას“ შეეხება, - თქვა ვლადიმირ პუტინმა, სახელმწიფო ტელეარხებისთვის, ჟურნალისტ დმიტრი კისელიოვისთვის მიცემულ ინტერვიუში. რესპონდენტმა ბევრი ილაპარაკა იმის შესახებაც, რომ მოწინავე რუსეთი ტექნიკურად მზად არის და თუკი დასჭირდება, შეუძლია ბირთვული იარაღი ნებისმიერ დროს გამოიყენოს.
„იარაღი არსებობს იმისთვის, რომ - ის გამოიყენო. ჩვენ ჩვენი პრინციპები გვაქვს. ისინი მეტყველებენ იმაზე: რომ ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ იარაღი და მათ შორის - ნებისმიერი იარაღი და მათ შორის - ისეთიც, რაც თქვენ ახსენეთ [ბირთვული], თუკი საუბარი შეეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას, ჩვენი სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის მიყენებულ ზიანს.
ჩვენ ხომ ყველაფერი გაწერილი გვაქვს ჩვენს სტრატეგიაში, ჩვენ ის არ შეგვიცვლია“, - პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ბირთვული ომის დაწყებას დასავლეთისგან მოელის, მაგრამ არა ახლო მომავალში.
რამდენიმე დღით ადრე, CNN-მა, ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა სტატია სათაურით „აშშ 2022 წლის ბოლოს გულმოდგინედ მოემზადა რუსეთის სავარაუდო ბირთვული დარტყმისთვის უკრაინაში“.
„ეს არის ის, რაც დაგვანახვა კონფლიქტმა, დავიჯერეთ და ჩვენი უფლებაა, გულმოდგინედ მოვემზადოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ [ბირთვული საფრთხე] ავიშოროთ თავიდან“, - ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
ხოლო მეორე, ასევე ინკოგნიკო რესპონდენტი CNN-თან ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის შეშფოთება „იყო არა მხოლოდ ჰიპოთეტური, არამედ ეფუძნებოდა მიღებულ ინფორმაციას“.
წყარო აღნიშნავს, რომ აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭომ არაერთი შეხვედრა მოიწვია 2022 წლის ზაფხულის ბოლოდან შემოდგომამდე, მოქმედების კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად - თუკი რუსეთი მაინც გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.
რუსული წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკოსი, ვისკონსინის შტატის ადგილობრივი დეპუტატი, იური რაშკინი 24 Канал-ს ეუბნება, რომ აშშ-ში ყველას ახსოვს, რომ უკრაინაში შეჭრიდან 3 დღეში, პუტინმა მზადყოფნაში მოიყვანა ბირთვული იარაღი და ლოგიკური რეაქციაა - ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადება.
თუმცა კონკრეტულად ბოლო პერიოდში პუტინის მხრიდან გახშირებულ მუქარასა და „ბირთვული ამბიციების“ ჩვენებას - რაშკინი მჯერად მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს.
„მიზანია ყველა ისე დააშინო, რომ საერთოდ არავინ გატოკდეს... კორონაციის წინ, ყველა უნდა კანკალებდეს შიშით - რომ აი, პუტინი ბირთვულ ომს დაიწყებს“, - პოლიტიკოსი ასევე დასძენს, რომ, მეორე მხრივ - ეს მუქარა რუსეთისთვის წამგებიანია - „თუკი რუსეთისგან ასეთი საფრთხე მოდის, მაშინ მათ წინააღმდეგ რაღაც აუცილებლად უნდა მოვიმოქმედოთ“.
ოთხვარსკვლავიანმა თადარიგის გენერალმა, აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში, ბენ ჰოჯესმა CNN-ს უთხრა, რომ პუტინს არ ანაღვლებს მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე.
„ჩვენმა პრეზიდენტმა [ჯო ბაიდენმა] უთხრა მათ, რომ რუსეთისთვის კატასტროფული შედეგი მოჰყვება ბირთვული იარაღის გამოყენებას“, - ამბობს გენერალი ჰოჯესი.
პუტინმა ბირთვულ იარაღზე ილაპარაკა თებერვლის ბოლოსაც, როცა ფედერალურ კრებას მიმართავდა და „ცივილიზაციის განადგურების“ ალბათობაზე მსჯელობდა.
ამავე გამოსვლის დროს - რუსეთის პრეზიდენტმა ილაპარაკა უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების შესაძლო შესვლის შესახებ.
„გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც თავის კონტინგენტებს აგზავნიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ახლა შესაძლო ინტერვენტებისთვის შედეგები გაცილებით ტრაგიკული იქნება“, - განაცხადა პუტინმა.
ექსპერტებისთვის ნათელია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ეს თემა აღელვებს.
- სულ პირველმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნა. მზადყოფნის მინიშნებები სხვა ლიდერისგანაც გაკეთდა.
- 9 მარტს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადეკ შიკორსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში ნატოს ძალების ყოფნა "არ არის წარმოუდგენელი" და, რომ ის აფასებს საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან ამ იდეის არგამორიცხვას.
- ნატომ და ცალკეულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ იგეგმება.
პუტინთან ინტერვიუში ეს საკითხი დმიტრი კისელიოვმაც წამოჭრა. „რა დაემართა მაკრონს?“ - დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს, პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის პროპაგანდის საყვარელი ნარატივი, რომ თუკი უკრაინის მიწაზე შევლენ, დასავლეთის ქვეყნები, და უპირველესად - პოლონეთი, ისინი უკრაინის ტერიტორიის დანაწილებას შეუდგებიან.
პუტინი ამბობს, რომ ვერც ნატოს ქვეყნების „ოფიციალური სამხედრო კონტინგენტის“ შესვლა შეცვლის "მდგომარეობას ბრძოლის ველზე“ და "არ უშველის უკრაინას".
რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს - რუსეთის გამარჯვება გარდაუვლად დახატოს, თუმცა სიმშვიდის საფუძველს, მათ შორის, ვერც რუსი ექსპერტები ხედავენ.
მათი შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი თემა შავ ზღვაზე რუსული ფლოტის მზარდი შევიწროებაა; თუმცა განადგურებულ გემებზე ლაპარაკს ყველა ერიდება.
ცნობილი რუსი სამხედრო ანალიტიკოსი, გადამდგარი პოლკოვნიკი მიხაილ ხოდარიონოკი ამბობს, რომ შავ ზღვაზე თითოეული გემის განადგურება „უძლიერეს საზოგადოებრივ რეზონანსს“ ნიშნავს.
ასევე ის შიშობს, რომ - უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის სულ უფრო მეტი პერსპექტივა უჩნდებათ.
„ჩემთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს შორი მანძილის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების შემდგომი ზრდა - როგორც თავად უკრაინის სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობებით, ასევე მსგავსი ტექნიკის დასავლელი მწარმოებლების დახმარებით.
ამ აპარატებით შესაძლებელია შეტევა [რუსეთის] ევროპულ ნაწილზე და ხომ ვხედავთ კიდეც - ისინი უკვე აღწევენ ნიჟნი ნოვგოროდამდე და სანქტ-პეტერბურგამდე. 1000-კილომეტრიანი მანძილი მათთვის ზღვრული აღარ არის“.
რუსეთის მთელი იმედები მყარდება დასავლეთზე და კერძოდ - აშშ-ზე, რომ უკრაინა დაპირებულ, მაგრამ თვეების მანძილზე გაჭიანურებულ - სამხედრო დახმარებას ვერ მიიღებს.
მასშტაბური სამხედრო დახმარების ბედის გადაწყვეტამდე, უკრაინამ, 12 მარტს, აშშ-სგან 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება მიიღო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაიხადა.
ბოლო დროს მეტი დახმარების აუცილებლობაზე აქტიურად ლაპარაკობენ ევროპაშიც. მოკავშირეების მობილიზებას, თავის მხრივ - აქტიურად ცდილობს პრეზიდენტი მაკრონი.
ბირთვული ომით მუქარის პარალელურად, პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების ძლიერ სურვილსაც გამოხატავს.
დმიტრი კისელიოვთან ინტერვიუში მან არაერთხელ გაიმეორა, რომ სურს „სერიოზული ლაპარაკი“ უკრაინასთან „კონფლიქტის“ დასასრულებლად.
„ვიცით სხვადასხვა ვარიანტი, რაზეც ლაპარაკობენ; ვიცით ის სტაფილოები, რომლებიც სურთ, რომ დაგვანახვონ - იმაში დასარწმუნებლად - რომ უკვე დრო დადგა... ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მშვიდობიანი საშუალებებით გადავწყვიტოთ ყველა დაპირისპირება და ეს დაპირისპირება, ეს კონფლიქტი, და ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ჩვენ ეს გვინდა.
მაგრამ ეს უნდა იყოს სერიოზული ლაპარაკი - უსაფრთხოების უზრუნველყოფით მოწინააღმდეგე მხარისთვისაც და ამ შემთხვევაში, ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს რუსეთის ფედერაციის ინტერესები. ჩვენი ამოსავალი ეს იქნება“, - თქვა პუტინმა ინტერვიუში.
უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების ალბათობას მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის 10-პუნქტიან გეგმაზე დაყრდნობით განიხილავს. ამ გეგმით, რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის მთელი ტერიტორია, ყირიმის ჩათვლით.
ბირთვული იარაღით მუქარა რუსეთში პერიოდულად იჩენს თავს და ციკლურად ემთხვევა რუსეთისთვის არასახარბიელო მოვლენებს როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე - უკრაინის მოკავშირე დასავლური კოალიციის ქმედებებში.
რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებზე ლაპარაკი 2022 წლიდან დაიწყეს და მანძილიც გაზომეს - თუ რა დროში მიაღწევს ჯერ კიდევ ექსპერიმენტული რაკეტა „სარმატი“ კალინინგრადიდან ევროპულ დედაქალაქებამდე: ლონდონი - 202 წამი; პარიზი - 200 წამი; ბერლინი - 106 წამი.
ერთგვარ ციკლურ სახეს ატარებს ბირთვული ამბიციების ჩაცხრობის მცდელობებიც. რუსეთის ტელეარხების წამყვანები თუ სტუმრები პერიოდულად კვლავ შეახსენებენ ბირთვული ომის მსურველებს, რომ თუკი რუსეთი ისვრის ატომურ ბომბს, საპასუხოდ რუსეთსაც მოხვდება.