"რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" და "რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონმა 1 ივნისს გამოაცხადეს, რომ იწყებდნენ მორიგ რეიდს რუსეთის სიღრმეში.
ამავე დღეს უკრაინა-რუსეთის საზღვრის მახლობლად, ქალაქ შებეკინოდან დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია. გავრცელდა ცეცხლის ალში გახვეული შენობებისა და დამწვარი ავტომობილების ვიდეოკადრები.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ შებეკინო და ოლქის სხვა დასახლებული პუნქტები იცხრილებოდა ზალპური ცეცხლის სისტემებით, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი.
კიევს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებს რუსეთის ტერიტორიაზე, რომ მათი მიზანი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაა.
- რა მოხდა სინამდვილეში?
- ვინ შეუტია უკრაინის მოსაზღვრე რუსულ ქალაქებს?
- რატომ არ აღიარებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო საზღვრის დარღვევას და ე.წ. აგრესიის ფაქტს?
რა მოხდა?
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ (РДК) და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან, 1 ივნისს წამოიწყეს მორიგი რეიდი უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში.
ინფორმაცია ამის შესახებ გაავრცელა РДК-ის ტელეგრამ-არხმა, რომლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ასევე ნათქვამი იყო, რომ კორპუსის მებრძოლები იმყოფებოდნენ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე და, რომ ძალიან მალე გამოჩნდებოდნენ ქალაქ შებეკინოს მისადგომებთან.
პარალელურად ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“ წევრებმაც განაცხადეს, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვართან იმყოფებოდნენ და აპირებდნენ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას „თავისუფლების, მშვიდობისა და სიმშვიდის დასამყარებლად“.
რუსეთის ბელგოროდის ოლქის ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ მიმდინარეობდა ბრძოლები, იბომბებოდა შებეკინო, საიდანაც დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია.
დაზიანდა საქალაქო ადმინისტრაციის შენობა, ცეცხლი გაუჩნდა ქარხანა „მონოკრისტალს“, დაინგრა რამდენიმე შენობა და დაიწვა ავტომობილები.
„საქალაქო ადმინისტრაციას ავტობუსებით გაჰყავს მოსახლეობა, - იუწყებოდა ერთ-ერთი ტელეგრამ-არხი, - ბელგოროდის მერი ვალენტინ დემიდოვი ამბობს, რომ ქალაქში მომზადებულია 6 პუნქტი 3 ათასი დევნილის მისაღებად, თუმცა შებეკინოში 12-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს“.
„ქალაქს უტევს ВСУ (უკრაინის შეიარაღებული ძალები), ჩვენები ძალიან ცოტანი არიან, რამდენიმე დღე იცხრილებოდა ქალაქი... ჩვენი თავის ამარა ვართ მიტოვებული“, - ამ შინაარსის ვიდეო-მიმართვა ჩაწერა შებეკინოში მცხოვრებმა ქალმა, რომელმაც თავისი ძალებით მოახერხა ქალაქიდან გასვლა.
„ეს ვითარება ანადგურებს ჩვენი ბავშვების ფსიქიკას, ქალები ტირიან... მინდა ისეთივე ცხოვრება, როგორი ცხოვრებაც აქვთ რუსეთის სხვა ქალაქებს. შებეკინო - რუსეთის ნაწილია, ჩვენ რუსეთის ფედერაცია ვართ და ჩვენ ვითხოვთ დახმარებას. არ ვიცით, ვინ დაგვიცავს, ვინ დაგვეხმარება. რატომ უნდა გვიწევდეს ჩვენ, ჩვენივე ძალებით ქალაქის დატოვება? რატომ უნდა დავტოვოთ მიწა, სადაც ჩვენ დავიბადეთ?“ - იკითხა შებეკინოდან გასულმა 18 წლის სტუდენტმა გოგონამ.
შებეკინოს გარდა სროლების ხმა ისმოდა ხარკოვსკაია გორასთან. ორი დრონი ჩამოვარდა ბელგოროდში, მათ შორის ერთი კუტუზოვის ქუჩაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის 4 მძიმედ.
ბელგოროდის ოლქის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ შებეკინო "უწყვეტი ცეცხლის ქვეშ იმყოფებოდა". „ქალაქი, - დაწერა მან Telegram-ში, - იბომბება, მათ შორის სარაკეტო სისტემიდან”.
გლადკოვს კომენტარი არ გაუკეთებია “რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა” და "რუსეთის თავისუფლების ლეგიონის" რეიდისა და საზღვარზე გამართული შეტაკების შესახებ.
სად მოხდა?
შებეკინო, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცა საბრძოლო მოქმედებების გამო, 40 ათასიანი ქალაქია ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზვრიდან 6 კმ-ში, ქალაქ ბოლგოროდიდან - კი 33 კმ-ში.
ბელგოროდის ოლქი მდებარეობს რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მოსკოვის სამხრეთით 500-700 კმ-ზე, უკრაინის საზღვართან. უდიდესი ქალაქები: ბელგოროდი (ოლქის ცენტრი) - 334 ათასი, სტარი ოსკოლი - 221,7 ათასი ადამიანი, გუბკინი - 85 ათასი ადამიანი.
რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან უკრაინის ქალაქ ხარკოვამდე მანძილი 79 კმ-ია, კიევამდე - 489 კმ. ბელგოროდსა და მოსკოვს შორის მანძილი 659 კმ-ია.
ბელგოროდის ოლქი სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრება უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვისა და სუმის ოლქებს, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით - რუსეთის კურსკის ოლქს, აღმოსავლეთით - ვორონეჟის ოლქს.
ბელგოროდის ოლქის საზღვრის საერთო სიგრძე 1150 კმ-ია, საიდანაც უკრაინასთან საზღვარი 540 კმ-ს შეადგენს.
რატომ არ იმჩნევს საზღვრის დარღვევას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო?
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 1 ივნისს დილით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებთან და დაზვერვის ფედერალური სამსახურის სხვა ნაწილებთან ერთად „ჩაშალეს კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინათ ტერორისტული აქტი ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს მოსახლეობის მიმართ“.
„დასავლეთის სამხედრო ოლქისა და რუსეთის ფსბ-ს აქტიური მოქმედებების შედეგად ტერორისტული ფორმირებები, საგრძნობი დანაკარგებით, უკუიქცნენ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, - დასძინა სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა, რომლის მტკიცებითაც, რუსმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი თავდასხმა მოიგერიეს: სამხედრო ოლქის ავიაციამ 11 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს. სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ კი შეასრულეს 77 საცეცხლე მისია.
გენერალ-ლეიტენანტ იგორ კონაშენკოვის ტყუილს, რომ მტერი რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე შეაჩერეს, მარტივ ახსნას უძებნის უკრაინელი სამხედრო ექსპერტი მიხაილ სამუსი:
„მიზეზი ისაა, რომ არ დასდოს ბრალი უმაღლეს მთავარსარდალს [პუტინს] თავისი მოვალეობის შეუსრულებლობაში.
თუ გადავხედავთ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას, იქ გარკვევით წერია: თუ აგრესიის ფაქტი განხორციელდა (რაც ხდება ბელგოროდისა და კალუგის ოლქებში, აშკარად აგრესიის აქტებია), მთავარსარდალმა უნდა გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და მოახდინოს საყოველთაო მობილიზაცია, მიმართოს ერს, რომ ომი მიმდინარეობს... მაგრამ პუტინი ამას ვერ გააკეთებს, რადგან მოუწევს აღიარება, რომ გასული წლის 24 თებერვალს ის ჩაჯდა გუბეში, რასაც ისედაც ყველა ხვდება“.
მიხაილ სამუსის თქმით, ყველასთვის აშკარა ხდება, რომ რუსეთი ომისთვის მზად არ არის.
რუსეთს აქვს უზარმაზარი ტერიტორიები, რომლებსაც არ იცავს არც ჯარი, არც საჰაერო თავდაცვა და არც არანაირი სხვა საშუალება, რომლითაც წინ აღუდგებოდა მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ქმედებებს.
„მიმდინარეობს ოპერაცია, რომელიც აიძულებს რუსეთის სარდლობას მოახდინოს რეაგირება - ბელგოროდისკენ გადაისროლოს ჯარები დონბასიდან, უკრაინის სამხრეთიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რათა როგორმე ჩაკეტოს საზღვრის ეს მონაკვეთი.
თუ არ მიაშველებს ჯარებს დონბასიდან, რუსი მოხალისეებს შეუძლიათ უფრო ღრმად შეიჭრნენ რუსეთში. რუსეთის ჯარი კი კონცენტრირებულია ბახმუტის, ავდეევკის მიმართულებით, რატომღაც ემზადებიან უკრაინული მელიტოპოლის დასაცავად მაშინ, როცა რუსეთის საზღვრის ასობით კილომეტრი მოშიშვლებულია“, - ამბობს მიხალ სამუსი, რომლისთვისაც აშკარაა, რომ ბელგოროდის ოლქზე იერიშს, არა უკრაინის შეიარაღებული ძალები, რამედ რუს მოხალისეთა რაზმები ახორციელებენ:
„ბელგოროდში რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა მიმდინარეობდეს, გარწმუნებთ, ბელგოროდზე ბევრად მეტი ტერიტორია იქნებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ძალიან სწრაფად ომობს, რაც ცნობილია ხარკოვის ოპერაციიდან. რამდენიმე საათში შეუძლია დაიკავოს ასობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორია.
შესაბამისად, უკრაინის დროშების ქვეშ აღმოჩნდებოდა ბრაიანსკის ოლქი და რუსეთის კიდევ რამდენიმე ოლქი. ეს მოხდებოდა შოკისმომგვრელად ძალიან სწრაფად“.
სამუსის თქმით, რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი ფრონტის სტაბილიზებისთვის, რასაც, სულ ცოტა, 1 მლნ ჯარისკაცი სჭირდება.
„რუსეთს უნდა მოეხდინა 500 ათასი ჯარისკაცის მობილიზება შარშან, კიდევ 500 ათასისა - წელს იანვარში, მაგრამ ეს არ გააკეთეს, სცადეს ხვრელების ამოვსება ჰიბრიდული რეკრუტირების შედეგად.
ახლა არ ჰყოფნით რეზერვები, რათა, მაგალითად, გაარღვიონ უკრაინის დაცვა ბახმუტთან, რათა დაიწყონ შეტევა ან დაიცვან ასობით კილომეტრი სიგრძის საზღვრის უკრაინასთან.
უკრაინასთან საზღვრის დიდი ნაწილი მართლაც ცარიელია, უკრაინის მოსაზღვრე ბევრი ტერიტორია დარჩენილია დაცვის გარეშე, ყველა სამხედრო ნაწილი გაყვანილია უკრაინაში, რათა გაანადგურონ უკრაინული ქალაქები.
პუტინი ან გამოაცხადებს ომს და თავის თავზე აიღებს მთელ პასუხისმგებლობას ან გააგრძელებს თავის მოსულელებას“, - ამბობს მიხაილ სამუსი.
შებეკინოს ეფექტი
უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, ოლექსი არესტოვიჩმა იულია ლატინინასთან გადაცემაში განაცხადა, რომ რუსეთს უკვე გადაჰყავს უკრაინის ფრონტიდან ბელგოროდში როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, მძიმე ტანკები და არტილერია.
„ეს უდავოდ ერთ-ერთი დადებითი შედეგია, რაც მოჰყვა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა" და "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონის რეიდებს ბელგოროდის ოლქში“, - ამბობს არესტოვიჩი, რომლის თქმითაც, მრავლისმეტყველი ფაქტია ის, რომ მაისში განხორციელებული პირველი რეიდის დროს რუსეთის მხარეს დაღუპულთა შორის იყვნენ ბელგოროდის ბირთვული იარაღის საწყობის დაცვის ასეულის თანამშრომლები.
„წარმოიდგინეთ რა სავალალო ვითარება, როცა ბირთვული იარაღის დაცვის ასეულიც კი გადაისროლეს იერიშის მოსაგერიებლად, - ამბობს ოლექსი არესტოვიჩი, - იმისათვის, რომ საიმედოდ დაიცვან საზღვარი ბელგოროდის ოლქთან, სჭირდებათ ორ ათეულ ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ იგივეა გასაკეთებელი კურსკისა და ბრიანსკის ოლქებშიც.
ჯამში საუბარია 60-80 ათას სამხედრო მოსამსახურეზე, რაც მნიშვნელოვანი ძალაა და მისი დანაკლისი ფრონტის ცხელ უბნებზე, დადებით გავლენას იქონიებს უკრაინის არმიის კონტრიერიშის წარმატებაზე“.
ოლექსი არესტოვიჩის თქმით, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა" და "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონის გამოჩენის შემდეგ შეუძლებელი გახდა ლაპარაკი „რუსეთის არმიაზე“, რადგან რუსეთის არმია ორად გაიხლიჩა - უკრაინის მხარეს მებრძოლ რაზმებად და პუტინის არმიად, რომლის განსხვავებით „რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა" და "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონის ჯარისკაცები ჟენევის კონვენციის ყველა მოთხოვნას იცავენ: აცვიათ ერთი ფორმა, ექვემდებარებიან ერთიან ხელმძღვანელობას, ატარებენ ამოსაცნობ ნიშნებს, იცავენ ომის წარმოების წესებს და ა.შ.
აქვს თუ არა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსსა" და "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონს ზრდის რესურსი?
„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ორი ბატალიონისგან შედგება, კიდევ 1800-მდე მებრძოლი რიგში დგას - გადის შემოწმებას. ჯამში ერთ ბრიგადამდე იქნებიან.
სამხედრო დანიშნულების გარდა მოხალისეთა კორპუსის არსებობას ასევე აქვს პოლიტიკური და იდეოლოგიური მნიშვნელობა. თუ მოხერხდება რუსეთის ოპოზიციასთან დაკავშირება და მოქმედების სინქრონიზება, კიდევ უფრო საინტერესო სურათი გამოიკვეთება“.
ოლექსი არესტოვიჩის თქმით, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა" და "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონის რეიდების კიდევ ერთი ირიბი ეფექტია ის, რომ ყოველი ასეთი საბრძოლო ოპერაციის შემდეგ, როგორც წესი, იზრდება მოხალისეთა რიგები.
„იმედია ისეთი მრავალრიცხოვანი გახდება რუსი მოხალისეების კორპუსი, რომ ტაქტიკურის გარდა, იგი ოპერატიულ მნიშვნელობასაც შეიძენს.
არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება, ვერ გამოვრიცხავთ, რომ რომელიმე რუსული შენაერთი ან არმია გადავიდეს უკრაინის მხარეს და შეუერთდეს მოხალისეთა კორპუსს“, - ამბობს ოლექსი არესტოვიჩი.