Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ალიაქსანდრ ლუკაშენკა: „ნახევარ მსოფლიოს ოცნებად აქვს ჩვენი "დიქტატურა"

ალიაქსანდრ ლუკაშენკა: „ნახევარ მსოფლიოს ოცნებად აქვს ჩვენი "დიქტატურა"


ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ალიაქსანდრ ლუკაშენკა

ალიაქსანდრ ლუკაშენკა პირველად 1994 წელს „აკურთხეს“  პრეზიდენტად. 31 წლის შემდეგ მან კვლავ დადო პრეზიდენტის ფიცი და კვლავ დაჰპირდა ბელარუსს ხალხს, რომ არასოდეს უღალატებდა და მიატოვებდა მას.

25 მარტს ალიაქსანდრ ლუკაშენკას ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლის საზეიმო ცერემონიების დიდ დარბაზში. ინაუგურაციის დროს დარბაზში იმყოფებოდა 1100 სტუმარი: სხვადასხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, მთავრობის წევრები, რეგიონების ხელმძღვანელები, ლუკაშენკას ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ძირითადი კონფესიების ხელმძღვანელები, სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები.

თვისებრივად განსხვავებული ცერემონია

ლუკაშენკას გამოჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე, დარბაზში შეიტანეს ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა და რესპუბლიკის პრეზიდენტის შტანდარტი. ლუკაშენკას კორტეჟმა მოტოციკლისტების საპატიო ესკორტის თანხლებით გაიარა დედაქალაქის ორ მთავარი - დამოუკიდებლობისა და გამარჯვებულების გამზირები.

ლუკაშენკას ინაუგურაცია. ქუჩაში გამოყვანილი საჯარო მოხელეები. 2025 წლის 25 მარტი
ლუკაშენკას ინაუგურაცია. ქუჩაში გამოყვანილი საჯარო მოხელეები. 2025 წლის 25 მარტი

ცერემონიის დასაწყისში, საზეიმო მარშის ხმების ფონზე, დარბაზში შეიტანეს ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუცია. ცერემონია გახსნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იგორ კარპენკომ, რომელმაც განაცხადა, რომ ბელარუსის ხალხის ნებით, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების პირობებში, ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

კონსტიტუციაზე მარჯვენა ხელის დადებით, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ წარმოთქვა ფიცი ბელარუსულ ენაზე:

„ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებისას, საზეიმოდ ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო ბელარუსის რესპუბლიკის ხალხს, პატივი ვცე და დავიცვა ადამიანისა და მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, დავიცვა ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუცია, კეთილსინდისიერად და სამართლიანად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მაღალი მოვალეობები".

ალიაქსანდრ ლუკაშენკა დებს პრეზიდენტის ფიცს. 2025 წლის 25 მარტი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა დებს პრეზიდენტის ფიცს. 2025 წლის 25 მარტი

შესრულდა ბელარუსის სახელმწიფო ჰიმნი, რომლის დასრულების შემდეგაც ლუკაშენკამ ხელი მოაწერა ფიცის დადების აქტს. ცესკოს თავმჯდომარემ ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადასცა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოწმობა.

ლუკაშენკას სიტყვა: „დემოკრატია ჩვენთან უფრო მეტია"

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, ფიცის დადების შემდეგ, წარმოთქვა სიტყვა, რომელიც 20 წუთს გაგრძელდა. პრეზიდენტობის მეშვიდე ვადის დაწყების წინ ლუკაშენკამ მადლობა გადაუხადა როგორც მხარდამჭერებს, ასევე ე.წ. სისტემური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც ოპონირება გაუწიეს მას 2025 წლის 26 იანვრის არჩევნებში. ლუკაშენკამ ირონიულად მადლობა გადაუხადა ოპოზიციასაც, რომელიც, მისი თქმით, ვერ ჯდება პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატში, მაგრამ „განაგრძობს საზღვარგარეთიდან ჭკუის სწავლებას, დასავლური "დემოკრატიების" გრანტებით“.

„ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ გამოავლინა USAID-ისა და NED-ის მიერ სახელმწიფო გადატრიალებებისა და ფერადი რევოლუციების დაფინანსების შემაშფოთებელი შემთხვევები მთელ მსოფლიოში, მათ შორის ბელარუსში 2020 წელს. არ დაივიწყოთ ეს აჯანყება, - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, - თქვენი წყალობით, ვინც სამშობლო ამ გრანტებზე გაყიდეთ, უფრო სწორად თქვენს ჯინაზე, ჩვენ უფრო ძლიერები გავხდით. იმიტომ რომ ვუფრთხილდებით მშვიდობას, რომელსაც თქვენ საფრთხეს უქმნით. უზრუნველვყოფთ კეთილდღეობას, რომელსაც თქვენ დარტყმის ქვეშ აყენებთ, პატრონებისგან სანქციებისა და ბომბების მოთხოვნით. თქვენ გვასწავლეთ, დავაფასოთ და დავიცვათ ის, რაც გვაქვს. ხალხი ყველაფერს ხედავს. თქვენ არ გაქვთ და არც გექნებათ მხარდაჭერა. თქვენ არ გაქვთ მომავალი. თქვენ და თქვენს კურატორებს არაფერი გაქვთ ჩვენი ერთიანობის საპირწონედ. მეტსაც გეტყვით. ნახევარ მსოფლიოს ოცნებად აქვს ჩვენი "დიქტატურა" - რეალური საქმეებისა და ჩვენი ხალხის ინტერესების დიქტატურა“.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებითაც ბელარუსს ყველაფერი წესრიგში აქვს:

„დემოკრატია ჩვენთან უფრო მეტია, ვიდრე მათთან, ვინც თავს მის ეტალონად მიიჩნევს. ბელარუსში ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება და შესაძლებლობა, გამოთქვას აზრი. მაგრამ არ არის საჭირო იმის განადგურებისკენ მოწოდება, რაც ბელარუსების მრავალმა თაობამ შექმნა. ჩვენ არ დავუშვებთ სიტყვის თავისუფლების გამოყენებას საკუთარი ქვეყნის დასანგრევ იარაღად. ვხედავთ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. ბევრი სირთულე გამოვიარეთ ჩვენი სუვერენული გზის გაკვალვისას. ჩვენი ცხოვრების გადატრიალების მცდელობები, ჩვენი კურსის დაუსრულებელი კრიტიკა, თავდასხმები ჩვენს ხალხზე, რომელიც მტკიცე სახელმწიფოებრივ პოზიციას იკავებენ - ეს არის სახელმწიფო დამოუკიდებლობის ფასი! ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ფასი! ბელარუსის სახელმწიფო განვითარების მოდელი ფსევდოლიბერალური ღირებულებების სისტემის გამოწვევად იქცა. ის, რომ ჩვენ არ ვიხევთ უკან და ქედს არ ვიხრით, აშკარად აღიზიანებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებსა და მტრებს“.

20-წუთიანი გამოსვლის დასრულებისას ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ბელარუს ხალხს სიტყვა მისცა, რომ არასოდეს მიატოვებდა მას.

„თქვენს პრეზიდენტს არასდროს მიუტოვებიხართ და ის არც არასოდეს მიგატოვებთ, გიღალატებთ და გაიქცევა [აპლოდისმენტები]. თქვენ მთელი ჩემი ცხოვრება ხართ და მაქსიმალურად ვეცდები, გავამართლო თქვენ მიერ ჩემდამი გამოხატული უდიდესი ნდობა. ყველას, თითოეულ ჩვენგანს, გისურვებთ მშვიდობას, სიკეთეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულსა და დაუშრეტელ ენერგიას იმ გრანდიოზული ამოცანების განსახორციელებლად, რომლებიც ჩვენ წინაშე ხალხმა დასახა. ჩვენ არ გვაქვს სხვა უფლება და სხვა შესაძლებლობა, გარდა იმისა, რომ ეს გავაკეთოთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ. არჩევანი გაკეთებულია, დგება ახალი გამარჯვებების დრო!“

ფიცი და სიტყვა ნახევარ საათს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ სამხედრო მოსამსახურეებისგან ჩაიბარა "პრეზიდენტისა და ბელარუსი ხალხის ერთგულების ფიცი". სამხედროებმა ასევე შეასრულეს სიმღერა „მშვიდობის, პრეზიდენტისა და ბელარუსის" გარშემო დარაზმვისა და გაერთიანების შესახებ.

ლუკაშენკას სიტყვაში არ ყოფილა ნახსენები დიალოგი, შერიგება ან რამე შემხვედრი ნაბიჯები საზოგადოების განსხვავებულად მოაზროვნე ნაწილისკენ. მას ასევე არ უსაუბრია ბევრისთვის მტკივნეულ პოლიტპატიმრების საკითხზე. ცნობილია, რომ 2024 წლის ივლისიდან ბელარუსში შეწყალებით გაათავისუფლეს 258 პოლიტპატიმარი. ბოლოს, 12 თებერვალს, საპატიმრო დატოვა სამმა შეწყალებულმა, მათ შორის ერთმა აშშ-ის მოქალაქემ. ამის შემდეგ ახალი გათავისუფლებები აღარ ყოფილა. არადა, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, 2025 წლის 25 მარტის მდგომარეობით, ბელარუსის ციხეებში რჩება 1201 პოლიტპატიმარი.

ვალერი კარბალევიჩის ანალიზი

ვალერი კარბალევიჩის, რადიო თავისუფლების ბელარუსული რედაქციის პოლიტიკური მიმომხილველისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის თქმით, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მეშვიდე საინაუგურაციო სიტყვაში ჭარბობდა აგრესიული, კონფრონტაციული რიტორიკა, პოლემიკა შიდა და გარე ოპონენტებთან. ამგვარი სიტყვით ბელარუსის ლიდერმა სცადა, დაეფარა თავდაჯერების ნაკლებობა. ლუკაშენკა თითქოს თავს იმართლებდა, თითქოს მთელი ძალით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ უფლება ჰქონდა, კვლავ ყოფილიყო პრეზიდენტი. როგორც ჩანს, კარგად ესმის და გააზრებული აქვს, რომ ამაში ეჭვი ეპარებათ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

  • „ხალხი ხელისუფლებისთვის, თუ პირიქით“

ვალერი კარბალევიჩის თქმით, ლუკაშენკას 30-წლიანი მმართველობის პირობებში რადიკალურად შეიცვალა ინაუგურაციის პროცედურა როგორც ფორმით, ასევე შინაარსით:

„ინაუგურაციის დროს არჩეული სახელმწიფოს მეთაური ინაუგურაციაზე დებს ერთგულების ფიცს ხალხისა და კონსტიტუციის წინაშე, რომ ერთგულად ემსახურება მათ. თუმცა ბელარუსში ერთპიროვნული და უცვლელი ხელისუფლების ათწლეულებმა მკვეთრად შეცვალა ყველა წარმოდგენა სახელმწიფო მოწყობის შესახებ. 1994 წლიდან მოყოლებული, როცა ლუკაშენკა პირველად იქნა არჩეული პრეზიდენტად, თანდათანობით, ერთი საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორემდე, ინაუგურაციის პროცედურა სრულიად განსხვავებულ პარადიგმაში მოექცა. პრეზიდენტის ფიცი ხალხის ერთგულებაზე ცერემონიის მხოლოდ პირველი და არა მთავარი ნაწილია. მეორე და მთავარი ელემენტია სამხედროების ფიცი ლუკაშენკას ერთგულებაზე. ანუ ლუკაშენკამ ამოატრიალა კასტუს კალინოვსკის (რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების ხელმძღვანელი, ეროვნული გმირი და ბრძოლის სიმბოლო ბელარუსებისთვის, ცხოვრობდა 1838-1864 წლებში - რ.თ.) ცნობილი ლოზუნგი: „ხალხი კი არა ხელისუფლებისთვის, არამედ ხელისუფლება ხალხისთვის". ლუკაშენკას ბელარუსში ყველაფერი პირიქითაა. შესაბამისად, შეიცვალა ცერემონიის ფორმატი“.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ინაუგურაცია. 2025 წლის 25 მარტი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ინაუგურაცია. 2025 წლის 25 მარტი

ვალერი კარბალევიჩის თქმით, ბელარუსის ხელისუფლება შეგნებულად ამბობს უარს, აქციოს ინაუგურაცია დემოკრატიისა და სახალხო მმართველობის საერთო-ეროვნულ დღესასწაულად:

„არადა, თუ ლუკაშენკას თითქოს ამომრჩეველთა 87%-მა მისცა ხმა, მაშინ შიშის საფუძველიც არ უნდა არსებობდეს. რა უშლით ხელს, რომ ცერემონია გამართონ მოედანზე, სადაც ყველა მსურველს შეეძლება მოსვლა, აქაოდა, ხალხი და ბელადი ერთიანიაო, მაგრამ არა“.

  • დღესასწაული რჩეულთათვის

ვალერი კარბალევიჩის თქმით, ლუკაშენკას ინაუგურაციები ტარდება უსაფრთხოების მკაცრი ზომების პირობებში და პრაქტიკულად საზოგადოების მონაწილეობის გარეშე. ესაა დღესასწაული მხოლოდ მმართველი ელიტისთვის.

ვალერი კარბალევიჩი
ვალერი კარბალევიჩი

2010 წელს ინაუგურაცია მართლაც ჩატარდა ცარიელი ქუჩების ფონზე, ორმილიონიან მკვდარ ქალაქში ისე, როგორც ფანტასტიკის ფილმებშია. ეს იყო ნათელი განსახიერება იმისა, თუ როგორ იზოლირდა ხელისუფლება ხალხისგან, რომელიც ზედმეტია ოფიციალურ დღესასწაულებზე.

2020 წელს, როცა საპროტესტო გამოსვლების ტალღა ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ჩამცხრალი, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ინაუგურაცია საიდუმლო ვითარებაში ჩატარდა. მაშინ ხელისუფლება ძალიან უფრთხოდა სახალხო პროტესტს.

2025 წელს კი ცერემონიას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. თუმცა ამ დღეს ბელარუსის ხელისუფლებამ რატომღაც შეზღუდა საზღვარგარეთიდან ინტერნეტის წვდომა.

როგორც მოგვიანებით განმარტეს, "ამგვარი ზომების მიღება განპირობებული იყო საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და მათი საშუალებით დამუშავებული ინფორმაციის პოტენციური საფრთხეებისგან დაცვის აუცილებლობით". ანუ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხელისუფლებას ეშინოდა, რომ ლუკაშენკას პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც გაქცეული და გაძევებული არიან ბელარუსიდან, ჩაერეოდნენ ინაუგურაციის ცერემონიაში.

ვალერი კარბალევიჩის დაკვირვებით, თავის საინაუგურაციო სიტყვაში ლუკაშენკა იმუქრებოდა და ცდილობდა ოპონენტების დაშინებას.

„ესეც ძალიან ნიშანდობლივი ქცევაა, - ამბობს კარბალევიჩი, - რადგან მასობრივი რეპრესიების გამო ლუკაშენკას უწევს ხშირად უმტკიცოს საკუთარ ხალს, რომ მხოლოდ მას ეკუთვნის ძალაუფლება. ასეთია შიდა და გარე ლეგიტიმურობის დეფიციტის მქონე ლიდერის ქცევა“.

პოლიტიკური მიმომხილველების თქმით, ლუკაშენკას სიტყვა შეიცავდა რამდენიმე თეზისს, რომლებიც თითქოს ორუელის რომანიდან იყო აღებული. თუნდაც ეს:

„მსოფლიოს ნახევარი ოცნებობს ჩვენს "დიქტატურაზე"... ჩვენ უფრო მეტი დემოკრატია გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც თავს დემოკრატიის სტანდარტად მიიჩნევს".

კარბალევიჩის თქმით, ფიცის დადების ცერემონიის დროს ლუკაშენკამ ერთ რიგში დააყენა საბჭოთა კავშირის გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში და გამარჯვება 2020 წლის საპროტესტო გამოსვლებზე, რითაც ლუკაშენკამ 2020 წლის საპროტესტო გამოსვლებს უნებლიედ იმგვარი ისტორიული მასშტაბი მიანიჭა, რომელსაც მისი ოპონენტები ვერც კი წარმოიდგენდნენ.

პროტესტი ემიგრაციაში

ვიდრე ლუკაშენკა და მისი გარემოცვა მინსკში „გამარჯვებას" ზეიმობდნენ, საზღვარგარეთ მყოფმა ბელარუსებმა მსვლელობებით აღნიშნეს „თავისუფლების დღე“. არადა, 2024 წლიდან მოყოლებული, ბელარუსის ხელისუფლება დაჭერით ემუქრება ყველას (მათ შორის ემიგრანტებსაც), ვინც ამ დღეს ქუჩაში გადის და სახალხოდ აღნიშნავს. 2024 წელს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა 25 მარტის მარშში მონაწილეების წინააღმდეგ, "ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნისა" და ბელარუსის "დისკრედიტაციის" მუხლებით. უწყება ასევე დაემუქრა მათ ბელარუსში ქონების კონფისკაციით. საგამოძიებო კომიტეტი ახლაც იმუქრება, რომ მოახდენს აქციების მონაწილეების იდენტიფიცირებას, რათა შემდეგ ისინი დაუსწრებლად გაასამართლოს.

ბელარუსი ძალოვნები ასე ცდილობენ აჩვენონ ემიგრანტებს, რომ მათ ხელი ყველგან მიუწვდებათ და ამ მუქარებით ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც მათ დაშინებას. პოლიტიკური მიმომხილველების თქმით, ემიგრანტებისთვის მტკივნეული საკითხია როგორც სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივა, ასევე ქონების კონფისკაცია, ნათესავების დევნა და ა.შ. თუმცა, მიუხედავად ამისა, 25 მარტს საზღვარგარეთ მცხოვრებმა ბელარუსებმა მაინც გამართეს მასშტაბური მსვლელობა ვარშავაში. 25 მარტს მიტინგები და პიკეტები ასევე შედგა ვილნიუსსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG